ასევე გეტყვით, რომ არცერთი რეპუტაციული და კომპეტენტური ინვესტორი არ ჩადებს ამ პროექტში ფულს, სანამ ორი საარბიტრაჟო დავა მიმდინარეობს საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ პროექტთან დაკავშირებით, – ასე გამოეხმაურა BMG-სთან ინტერვიუში “ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” სამეთვალყურეო საბჭოს წევრი თედ ჯონასი ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებას, რომლის მიხედვითაც მთავრობას ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ინვესტორებთან აქვს მოლაპარაკებები.
„ამბობენ, რომ ესაუბრებიან ინვესტორებს. შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ ჯერ კიდევ 2019 წლის შემოდგომაზე გავაცანით ორი შესანიშნავი ინვესტორი და იმის ნაცვლად, რომ ამ ინვესტორებთან ერთად ემუშავათ, მათ საინვესტიციო შეთანხმება გაწყვიტეს. შედეგად, მათ გაფლანგეს სამი წელი მაშინ, როდესაც 2019 წელს პროექტში საკმაოდ კარგი ინვესტორების ჩართვა შევთავაზეთ“, – აღნიშნა BMG-სთან ინტერვიუში “ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა.
თედ ჯონასმა თავად საარბიტრაჟო დავების დეტალებზე ვერ ისაუბრა, თუმცა თქვა, რომ ეს დავები განხილვის რეჟიმშია. „ორივე მათგანში ჩვენ სრული არგუმენტაცია და სარჩელი წარდგენილი გვაქვს,”- დასძინა თედ ჯონასმა.