არჩევნებამდე 2 თვით ადრე დედაქალაქის ბიუჯეტი, დაახლოებით, 1,5 მილიონი ლარით იზრდება. ბიუჯეტის გაზრდასთან დაკავშირებით დღეს საკრებულოს სხდომაზე იმსჯელეს. ბიუჯეტის გაზრდას 27-მა დაუჭირა მხარი, 8-ის წინააღმდეგ.
როგორც სხდომის დაწყებამდე მმართველი გუნდის წარმომადგენელმა, საკრებულოს უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ჯაბა სამუშიამ, განაცხადა, ამ თანხიდან 500 000 ლარი 13 ივნისოს სტიქიის დროს დაზარალებული 20 ოჯახისთვის არის განკუთვნილი. დანარჩენი თანხა კი თბილისის გამგეობებს ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის გადაუნაწილდება.
ენმ ამ ცვლილებებს “არჩევნებამდე 3 თვით ადრე ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებად” აფასებს და აცხადებს, რომ “ხელისუფლებას 13 ივნისს დაზარალებულები მხოლოდ ახლა, საარჩევნოდ გაახსენდა”.
იგივე კომენტარი აქვს საკრებულოს დამოუკიდებელ დეპუტატს და თბილისის მერობის დამოუკიდებელ კანდიდატს, ალეკო ელისაშვილს.
მისი თქმით, საკრებულოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, გამგეობები ამ ფულს “მჭადის ფქვილივით მიაყრიან ასფალტს”.