“არჩევნების მოახლოებასთან ერთად, წინა არჩევნების მსგავსად, მძიმდება წინასაარჩევნო პერიოდში დაფიქსირებულ დარღვევათა ხასიათი.” – ამის შესახებ სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) დირექტორმა, ნინო დოლიძემ “ფორტუნას” ეთერში განაცხადა და 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ოფიციალური წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის მეორე შუალედური ანგარიშის შესახებ ისაუბრა, სადაც ყურადღება ანგარიშში ასახულ დარღვევებზე გაამახვილა.
ანგარიში 2021 წლის 31 აგვისტოდან 21 სექტემბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს, აგრეთვე ცალკეულ ისეთ მოვლენას, რომლის განვითარებაც 31 აგვისტომდე დაიწყო და მონიტორინგის პერიოდშიც მიმდინარეობდა ან მის შესახებ მონიტორინგის პერიოდში გახდა ცნობილი.
? საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა:
◾ სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით ფიზიკური ძალადობის – 2,
◾ სამსახურიდან სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების/წასვლის იძულების – 4,
◾ სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით ზეწოლის/მუქარის/ხელის შეშლის – 20,
◾ ადმინისტრაციული რესურსის სავარაუდო გამოყენების – 3,
◾ ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის – 5,
◾ მოქმედი თანამდებობის პირების კამპანიის – 1,
◾ არაუფლებამოსილი პირების წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის – 12,
◾ საგანმანათლებლო დაწესებულებების პოლიტიზების – 5 ფაქტი.
ქვეყნის მასშტაბით, შეიმჩნევა სააგიტაციო მასალის დაზიანების ფაქტები.
როგორც ISFED-ში აცხადებენ, წინასაარჩევნო კამპანიის დინამიკა მნიშვნელოვნად შეარყია ქვეყანაში 13 სექტემბერს სავარაუდოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან ფარული მიყურადებისა და თვალთვალის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებამ.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ საგანგაშო იყო “TV პირველის” გადაცემაში, 2021 წლის 11 სექტემბერს გასული ინფორმაცია, იმასთან დაკავშირებით, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ, სკოლის დირექტორების და მასწავლებლების შესახებ გროვდებოდა ინფორმაცია და იქმნებოდა ე.წ დოსიეები.
სამართლიანი არჩევნების მონიტორინგის ანგარიშში საუბარია 17 სექტემბერს ღამის საათებში დედაქალაქსა და საქართველოს რამდენიმე დიდ ქალაქში გამოჩენილ პოლიტიკური შინაარსის ბანერებზე, რომლებზეც მოქმედი პოლიტიკოსებისა და საარჩევნო სუბიექტების გარდა, გამოსახული არიან მედიის წარმომადგენლები.
“ძალადობრივი შინაარსის ბანერები სხვადასხვა პოლიტიკოსის თუ მედიის წარმომადგენლების გამოსახულებით წარსულში რამდენჯერმე გამოიკრა. საარჩევნო პერიოდში ძალადობის პროპაგანდა აკრძალულია, ასევე, იკრძალება ანონიმური შემოწირულობაც.” – აღნიშნულია ანგარიშში.
ISFED ყურადღებას ამახვილებს ოპოზიციის მხარდამჭერის მიმართ ფიზიკური დაპირისპირებისა და ცივი იარაღით დაჭრის ფაქტებზე.
ანგარიშის მიხედვით, კვლავ ფიქსირდება:
➤ სამსახურიდან გათავისუფლებისა და ზეწოლა/მუქარის ტენდენცია;
➤ საარჩევნო კამპანიაში არაუფლებამოსილ პირთა მონაწილეობის ტენდენცია;
➤ ადმინისტრაციული რესურსის პარტიული მიზნით გამოყენების შემთხვევა;
➤ პროფესიული მოვალეობის შესრულებისას, მედიაზე ძალადობის ფაქტები.