მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათია მეზვრიშვილი აცხადებს, რომ არჩევნებში მონაწილეობის მიღება აბსოლუტურად უსაფრთხო იქნება და მოქალაქეებს მოუწოდებს, კორონავირუსის შიშის გამო მოქალაქეობრივი ვალის მოხდაზე უარი არ თქვან.
მეზვრიშვილის თქმით, ქვეყანაში მაქსიმუმი გაკეთდა იმისათვის, რომ თითოეული ადამიანის ხმის მიცემის უფლება იყოს რეალიზებული.
„ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები გვიახლოვდება. წესებთან დაკავშირებით აქტიურად იმუშავეს შესაბამისმა სამსახურებმა, ცესკომ და ეპიდემიოლოგებმა. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ არჩევნების პროცესში უსაფრთხოება იქნება სრულიად გარანტირებული. ეს წესები შემუშავდა ეპიდემიოლოგების რეკომენდაციებზე დაყრდნობით და როგორც დამკვირვებლებს ექნებათ უსაფრთხო გარემოში დაკვირვების შესაძლებლობა, ასევე ამომრჩეველს ექნება უსაფრთხო გარემოში არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა. მაქსიმუმი გაკეთდა იმისათვის, რომ თითოეული ადამიანის ხმის მიცემის უფლება იყოს რეალიზებული მიუხედავად პანდემიისა. არჩევნებზე მისვლა არის სრულიად უსაფრთხო და მოვუწოდებთ მოქალაქეებს, რომ არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ“, – აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.
თვითიზოლაციაში მყოფი პირების ყველა ის მონაცემი, რომლის მიწოდებაც საარჩევნო კომისიისთვის აუცილებელი იყო, დროულად იქნა მიწოდებული.
„სიებთან დაკავშირებით როგორ საოპერაციო შტაბმა, ისე ჯანდაცვის სამინისტრომ საკმაოდ აქტიურად იმუშავა. ყველა ის მონაცემი, რომლის მიწოდებაც ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის იყო აუცილებელი, დროულად იქნა მიწოდებული. თითოეული მოქალაქის ხმის მიცემა უზრუნველყოფილი იქნება და ამაზე შესაბამისმა ორგანოებმა იმუშავეს, ვგულისხმობ როგორც კარანტინში მყოფ პირებს, ისე საავადმყოფოში მოთავსებულ კოვიდინფიცირებულებს. როგორც იცით, რეგისტრაციის ვადა გახანგრძლივდა, ყველას მიეცა შესაბამისი ზარის და შეტყობინების განხორციელების შესაძლებლობა“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.
