არჩილ ტატუნაშვილის შინაგანი ორგანოები ვლადიკავკაზშია, – ამის შესახებ პირველ არხს ექსკლუზიურ ინტერვიუში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა ჟენევაში განუცხადა.
მისივე თქმით, ექსპერტიზა ვლადიკავკაზის ლაბორატორიაში ჩატარდა.
„უნდა მოვაგვაროთ ამ ტრაგიკულ ინციდენტთან მიმართებით არსებული საკითხები. ჩემი პოზიციაა, რომ ტრაგედია არ უნდა განმეორდეს. მოვისმინეთ ქართული მხარის მოთხოვნები და მოსაზრებები. მინდა გითხრათ, რომ შეხვედრაზე ამ თემასთან დაკავშირებულ ყველა დეტალზე განმარტებები გააკეთა სამხრეთ ოსეთის წარმომადგენელმა. ჩვენ, რუსეთს შეგვიძლია ჩავერიოთ მხოლოდ იმ დოზით, რა დოზითაც არის შესაძლებელი. მთავარია და აუცილებელი, რომ საქართველო ესაუბროს სამხრეთ ოსეთს.
“რაც შეეხება არჩილ ტატუნაშვილის შინაგანი ორგანოების საკითხს, ორგანოები არ არის მოსკოვში, ორგანოები არის ვლადიკავკაზში. ვლადიკავკაზის ლაბორატორიაში ჩატარდა ექსპერტიზა. ასევე მინდა გითხრათ, რომ ლაბორატორიამ დამოუკიდებელი გამოძიება ჩაატარა. უნდა გესმოდეთ, რომ რუსეთს ამ პრობლემის გადაჭრა არ შეუძლია, ვინაიდან ეს პრობლემა წარმოიშვა სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს შორის,“ – განაცხადა კარასინმა.
ოკუპირებული ცხინვალიდან გადმოსვენებულ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს შინაგანი ორგანოები არ აღმოაჩნდა. ტატუნაშვილის ოჯახი გარდაცვლილის ორგანოების გადმოცემას ითხოვს.
კარასინმა ასევე აღნიშნა, რომ 2008 წლის აგვისტოში გაფორმებული ცეცხლის შეწყვეტის დოკუმენტი სრულად არის შესრულებული.
„2008 წლის აგვისტოს შეთანხმებაზე ვიმსჯელეთ 2008 წელს, 2009 წელს და 2010 წელს. ამის შემდეგ მგონი შევთანხმდით, რომ დოკუმენტი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შესრულებულია. მე არ ვიცი, თუ რატომ მოხდა ამ თემის ხელახლა წამოწევა. მე მთელი პასუხისმგებლობით მინდა გითხრათ, რომ 2008 წელს დადებული ხელშეკრულება შესრულებულია“, – აცხადებს გრიგორი კარასინი.
ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების 44-ე რაუნდი მიმდინარეობს.