„ახლა ზუსტად ვიცი, რა მინდა, რა მუსიკა მჭირდება და რა მემღერება... ვფიქრობ, ეს ყველაფერი იმდენად ორგანული იქნება, რომ მსმენელის გულამდეც აუცილებლად მივა“ - ვერიკო ტურაშვილი

3 ნოემბერს რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „რადიო დუეტი“ მომღერალი ვერიკო ტურაშვილი სტუმრობდა, რომელმაც თავის შემოქმედებაზე, მიმდინარე პროექტებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. გადაცემაში სიმღერის „ღამეა თუ დღეა“ პრემიერა შედგა.

ვერიკო, რა სიახლეებია შენს შემოქმედებაში?

ძალიან დიდი ხანია, დაახლოებით 2-3 წელია, ჩემს რეპერტუარზე ვმუშაობ. პერიოდულად ვაპრემიერებ სიმღერებს, მაგრამ მაინც დამიგროვდა ბევრი ისეთი ნამუშევარი, რომელიც ჯერჯერობით არ გამომიტანია და ვაპირებ, რომ ეტაპობრივად გამოვიტანო ეს ყველაფერი.

წინა სტუმრობისას, შენი ერთ-ერთი პროექტიდან საოცარი სიმღერა, „ამან“ შემოგვთავაზე, რა შეგიძლია გვითხრა ამ პროექტზე?

ამ პროექტის ფარგლებში მაქვს რამდენიმე სიმღერა. უკვე მზად არის ერთი სიმღერის ვიდეოც და ალბათ, დაახლოებით ერთ თვეში დავაპრემიერებ. თითქოს პასიური, მაგრამ შემოქმედებითად ძალიან აქტიური და დატვირთული პერიოდი მქონდა და ახლა დადგა დრო, რომ ეს ყველაფერი ეტაპობრივად მოვასმენინო ჩემს მსმენელს. ვფიქრობ, რომ ყველაფერს დრო, გააზრება სჭირდება. ჩემს თავს კი ვადანაშაულებ, რომ რაღაც პერიოდები ცოტა პასიურად ვიყავი და არ გამოვიყენე, მაგრამ ვფიქრობ, რომ გააზრებული და ნაფიქრი სულ სხვანაირია და ახლა ზუსტად ვიცი, რა მინდა, რა მუსიკა მჭირდება და რა მემღერება. ვფიქრობ, ეს ყველაფერი იმდენად ორგანული იქნება, რომ მსმენელის გულამდეც აუცილებლად მივა.

ყველაზე მეტად რომელი სიმღერა უყვარს მსმენელს შენი რეპერტუარიდან?

თუნდაც „ამან“, ძალიან ბევრი დადებითი შეფასება მივიღე. ისეთმა ადამიანებმა, მუსიკოსებმა დამირეკეს და მომილოცეს ამ სიმღერის ამ ფორმით წარდგენა, საერთოდ კონტაქტი რომ არ მაქვს და საერთოდ რომ არ ველოდი. ძალიან ბევრი კომპლიმენტი მივიღე.

ალბათ,  ყველაზე მეტად მაინც „წვიმა მოგონებებს ასველებს“ უყვარს მსმენელს.  ეს სიმღერა 21 წლისაა და დღემდე ძალიან უყვარს ყველას და დღემდე მოთხოვნადია. თავის დროზე, ეს სიმღერა ისე ჰქონდა გაკეთებული ავტორს, ავთო ბადუაშვილს, რომ დღემდე არ ისმინება ძველმოდურად და ისე დარჩა, რომ ამდენი წლის მერე, ხარისხობრივადაც არაფერი დაეტყო. შეიძლება, ძალიან მალე ახალი ვერსიაც გავაკეთო.

როგორი ისტორია აქვს სიმღერას „ღამეა თუ დღეა“, რომლის პრემიერაც დღეს შედგება?

განსაკუთრებული და გამორჩეული ისტორია არ აქვს, მაგრამ როდესაც ჩემი რეპერტუარის განახლებაზე ვფიქრობდი, მივხვდი, რომ ჩემს რეპერტუარში არ არის ბევრი გასართობი სიმღერა და შემდეგ ეს სიმღერა ვიპოვე. ეს არის ძალიან ძველი, ბრაზილიური სიმღერა. ეს სიმღერა ბრაზილიაში დამწყებ თუ შემდგარ მომღერალს, თითქმის ყველას შესრულებული აქვს. ტექსტუალურადაც არაჩვეულებრივი თემატიკაა. გადავწყვიტე, რომ ეს სიმღერა გადმომექართულებინა. ტექსტი თემო საჯაიამ გააკეთა არაჩვეულებრივად. ახალ ვერსიაზე ჩემთვის უნიკალურმა მუსიკოსმა, ზაზა ხუბუკელაშვილმა იმუშავა. ზაზას სტუდიაშივე ჩაიწერა. გადავიღეთ ვიდეორგოლიც.

როგორია სამომავლო გეგმები?

ვფიქრობ, რომ აქტიურად გამოვიყენო ახალ წლამდე პერიოდი ახალი სიმღერების და ვიდეოების გამოტანის კუთხით. ასევე, უკვე დიდი ხანია ვფიქრობ და მინდა, რომ ჩემი ბენდი მყავდეს და ახალ მუსიკოსებს ვეძებ.

 

ვერიკო ტურაშვილი – ღამეა თუ დღეა

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

ვერიკო ტურაშვილი. ვიდეო კოლაჟი

 

ფოტოები