,,ცაგერში დავრჩი, ჩემს ხალხს ვჭირდები, ჩემს რაიონში სიცოცხლე ჩქეფს" - გულნაზი გოლეთიანი პრემიერით ,,არ დაიდარდოში"
რადიო ,,არ დაიდარდოს” და გადაცემას, ,,რადიო დუეტი თაკოსთან ერთად” პროექტ „ნიჭიერის“ პირველი გამარჯვებული გულნაზი გოლეთიანი სტუმრობდა, რომელმაც ისაუბრა თუ რა წარმატება მოუტანა პროექტმა. ეთერის ბოლოს კი შედგა სიმღერის პრემიერა „გამიხსენ კარი“.
როგორ მოხვდით პროექტ „ნიჭიერში“ და რა წარმატება მოგიტანათ ამან..
ცოტა ვღელავ, დიდი ხანია არ ვყოფილვარ სტუმრად გადაცემაში. ამ პროექტმა უამრავი ნიჭიერი ადამიანი აღმოაჩინა, ერთ-ერთი კი აღმოვჩნდი მე. მონაწილეობა მივიღე ჩემი მეგობრების და ოჯახის დაჟინებული თხოვნით. ეს იყო ჩემი ახალი სიცოცხლის დასაწყისი, ამ პროექტმა მომცა უამრავი კონცერტი, სითბო და ხალხის სიყვარული. ამის შემდეგ უფრო გავაქტიურდი, ჩატარდა საქველმოქმედო და დიდი გალა კონცერტები, სადაც მონაწილეობას ვიღებდი. ამჟამად ვცხოვრობ ცაგერში და ვმუშაობ კულტურის სახლში, ვარ სამხატვრო ხელმძღვანელი. ჩემი შვილები პროექტის შემდეგ გადმოვიდნენ თბილისში, კერძო სკოლაც კი აქ დაამთავრეს. თუმცა მე მაინც ცაგერში დავრჩი, ვფიქრობ, რომ ჩემს ხალხს ვჭირდები, ჩემს რაიონში სიცოცხლე ჩქეფს. აგრეთვე ჩართული ვარ ორგანიზაციაში, საქართველოს ქალთა საბჭოში, რომელსაც მზექალა შანიძე ხელმძღვანელობს. დიდი მისია დამეკისრა, ვეხმარებით უამრავ გაჭირვებულ ადამიანებს.
ახლა კი ვისაუბროთ თქვენს ახალ სიმღერაზე „გამიხსენ კარი“..
სიმღერა დაიწერა ჩემთვის, ავტორი გახლავთ უნიჭიერესი კომპოზიტორი ბატონი ნუკრი კარკაძე, საოცარი ადამიანი. პოეტი ამრიდონ ჩეგიანი, წარმოშობით სვანი, პატრიოტი ადამიანი იყო, სამშობლოზე შეყვარებული. მისმა შვილმა ქალბატონმა ნინომ კი მისი გზა გააგრძელა. ნუკრი დამიკავშირდა და მითხრა, რომ ნინოს შესთავაზა სიმღერის იდეა, რომელსაც მე შევასრულებდი, ის კი რა თქმა უნდა დათანხმა. სიმღერა ჩაიწერა ნაწილ-ნაწილ, პანდემიის პერიოდში. იყო საოცარი მუშაობის პროცესი, არანჟირება უნიჭიერესმა ადამიანმა ერეკლე დიდიამ გააკეთა, ჩაიწერა ზაზა ლომთაძის სტუდიაში, თემო ხითარიშვილი კი ვიდეო კლიპის ავტორი გახლავთ. ამ სიმღერით კიდევ ერთი შვილი შემეძინა. ასევე ბატონმა ნუკრიმ კიდევ დამიწერა სიმღერა, რომლის სტუდიური ჩანაწერი უკვე მზადაა და ვმუშაობთ კლიპზე. დიდი იმედი მაქვს, რომ მსმენელი შეიყვარებს. კიდევ იგეგმება პატრიოტულ სიმღერაზე დუეტები, ეს სიამოვნება კი წინ გვაქვს.
დაგეგმილი კონცერტები თუ გქონდათ?
კონცერტები რა თქმა უნდა იყო, თუმცა პანდემიის გამო ჩაიშალა. უნდა ჩავსულიყავით ჩვენს ემიგრანტებთან იტალიაში, საბერძნეთში და ისრაელში. უფლის წყალობით ყველაფერი დალაგდება და კარგად იქნება, ამის შემდეგ კი ერთ ლამაზ საღამოს თავად მოვუწყობ ჩვენს ემიგრანტებს. ვიცი, რომ ძალიან უჭირთ ოჯახისგან შორს ყოფნა, მათ დიდი მისია აკისრიათ. მინდა, რომ მათთვის 2021 ფეხბედნიერი წელი იყოს. მშვიდობა და სიყვარული მინდა ვუსურვო მთელ საქართველოს.
გულნაზი გოლეთიანი – საიდუმლოთა გამიხსენ კარი
გადაცემის აუდიოჩანაწერი
გულნაზი გოლეთიანი – ვედრება. Live
გულნაზი გოლეთიანი. ვიდეო კოლაჟი
ფოტოები