„მინდა, ყველამ ისე იგრძნოს ეს სიმღერა, როგორც მე ვგრძნობ და რომ ყველას ისე უყვარდეთ ერთმანეთი, რომ არ ჩაქრეს მათი გულები“ - ლოლა წერეთელი

16 სექტემბერს რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „რადიო დუეტი“ ლოლა წერეთელი სტუმრობდა, რომელმაც თავის შემოქმედებაზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. გადაცემაში სიმღერის „ანთებული გულები“ პრემიერა შედგა.

ლოლა, რა პერიოდით ხარ საქართველოში ჩამოსული და კონცერტები თუ გაქვს დაგეგმილი?

ზაფხული ქობულეთში გავატარე და უკვე საზღვარგარეთ ვაპირებდი წასვლას, მაგრამ შემოვრჩი საქართველოში, რადგან 3 ქორწილი არის დაგეგმილი, ძალიან მელოდებოდნენ და რომ დამირეკეს, ისე გაუხარდათ, აქ რომ ვიყავი, უარის თქმა არ შეიძლებოდა.

ვისაუბროთ შენს ახალ ნამუშევარზე. როგორია სიმღერის „ანთებული გულები“ ისტორია?

სხვათა შორის, ამ სიმღერას დიდი ისტორია აქვს. დაიწერა პირადად ჩემთვის, ოღონდ რუსულ ენაზე. მე სულ ასე, რუსულ და ქართულ ენაზე ვაკეთებ ხოლმე სიმღერებს. ქართულ ტექსტებს სულ ეკა თარგამაძე მიწერს, მაგრამ ამჯერად ვერ მოახერხა და ვფიქრობდი, სხვას ვის შეიძლებოდა, რომ დაეწერა. შემდეგ, თორნიკე ბიბიჩაძემ, რომელთან ერთადაც ვმუშაობ და ვმღერი, შემომთავაზა ტექსტის დაწერა, მითხრა, ადრე ვწერდი სიმღერის ტექსტებს და ვცდი, თუ გამომივაო. დაწერა და კარგი სიმღერა გამოვიდა. მუსიკა გურო გასპარიანს ეკუთვნის. ჩაიწერა აჩი ოშხერელის სტუდიაში, მას ეკუთვნის არანჟირება. მინდა, ყველამ ისე იგრძნოს ეს სიმღერა, როგორც მე ვგრძნობ და რომ ყველას ისე უყვარდეთ ერთმანეთი, რომ არ ჩაქრეს მათი გულები. სხვათა შორის, კიდევ მაქვს ახალი სიმღერები. შალვა მორელთან და თორნიკე ბიბიჩაძესთან ერთად გავაკეთე დუეტები და მაქვს 2 ახალი სოლო ნამუშევარიც.

კარიერის გარდა, სხვა აღსანიშნავი რა ხდება შენს ცხოვრებაში, შენს პირადში?

არაფერი, სულ გზაში ვარ, სულ ვმუშაობ. შეყვარებული ვარ სიმღერაზე და ეს არის მთავარი. დღესაც იმდენი საქმე გავაკეთე, ტატუ გავიკეთე და პირდაპირ იქიდან მოვდივარ თქვენთან. რაც შეეხება ჩემს ცხოვრებას, ახლა მოსკოვში ვარ და ნიუ-იორკში ვაპირებ გადასვლას. მინდა, რომ თბილისში, მოსკოვში და ნიუ-იორკში ვიცხოვრო და პატარ-პატარა ბიზნესები გავხსნა. მექნება ერთი რესტორანი, სადაც გამოვალ და ვიმღერებ ხოლმე.

 

ლოლა – ანთებული გულები

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

 

ლოლა. გადაცემა “რადიო დუეტი”. ვიდეო კოლაჟი