,,ვმუშაობთ, ვშრომობთ, ახალ-ახალ რაღაცებს ვაკეთებთ... დღეს ორი ახალი სიმღერა მოგიტანეთ" - ლაშა რამიშვილი პრემიერით „არ დაიდარდოში“
რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „რადიო დუეტი“, მომღერალი და ამავე რადიოს წამყვანი ლაშა რამიშვილი სტუმრობდა, რომელმაც შემოქმედებით სიახლეებზე ისაუბრა.
გადაცემაში 2 ახალი სიმღერის, „ვის მივენდო ვის“ და „უკულელე“ პრემიერა შედგა.
ლაშა, რა სიახლეებია შენს შემოქმედებაში?
ვმუშაობთ, ვშრომობთ, ახალ-ახალ რაღაცებს ვაკეთებთ. დღეს ორი ახალი სიმღერა მოგიტანეთ და ვფიქრობ, ისეთივე ლამაზი სიმღერებია, როგორიც „თამუნია“ იყო. დოი აკეთებს ახალ სპექტაკლს. პირველი მოქმედება უკვე დადგმული აქვს და როგორც ვიცი, მე მეორე მოქმედებაში ვარ. ახალი მიუზიკლი ირაკლი ჩარკვიანის თემაზე იქნება. ახლახან გვქონდა გასტროლები ბათუმსა და ოზურგეთში და მართლა ტრიუმფით ჩავატარეთ. ახლო მომავალში გამოვა ფილმი, რომელშიც მართალია 1-2 კადრში ვარ, მაგრამ ისეთმა კომპანიამ გადაიღო, რომ ძალიან საამაყოა და ნამდვილად ღირდა. მაქვს შემოთავაზება ახალ ფილმთან დაკავშირებით, სადაც ტაქსის მძღოლი უნდა ვიყო და თან უნდა ვმღეროდე.
როგორც აღნიშნე, დღეს ორი ახალი სიმღერის პრემიერა გვაქვს. ვისაუბროთ ნამუშევარზე „ვის მივენდო ვის“.
ეს სიმღერა სოსო დიასამიძეს ეკუთვნის. სოსო ემიგრანტი კაცია, ამერიკაში ცხოვრობს და ფაქტობრივად იქიდან ემსახურება საქართველოს. სიმღერის ეს ვერსია არაჩვეულებრივ გოგოს, მარიკა ქაცარავას ეკუთვნის, მის სტუდიაშია ჩაწერილი. ჩემი აზრით, რომ არა მარიკა, ბატონი სოსოს შემოქმედება ასე ფართოდ ვერ გაშლიდა ფრთებს, რადგან მარიკასთან ერთად გაკეთდა ალბომი ბატონი სოსოს სიმღერებზე. აუცილებლად უნდა აღვნიშნო ხვიჩა მაღლაკელიძე, რომელიც ძალიან ეხმარებოდა მარიკას და კვარტეტ „მუხამბაზის“ ბიჭები, თაზო ჯანაშვილი და მიშა მარკოზია.
ვის ეკუთვნის სიმღერა „უკულელე“?
ეს სიმღერა ჩემს ძალიან კარგ მეგობარს, დავით ხარატიშვილს ეკუთვნის. პირველად 4 წლის წინ მოვისმინე მისი შესრულებით და ძალიან მომეწონა. ზაფხულისთვის შექმნილი ძალიან ლამაზი სიმღერაა. ორი უკულელეს დაკრულს ზედ დაედო ლაშა რამიშვილის ძალიან ლამაზი და თბილი ვოკალი. ჩაიწერა ლაშა ივანიაშვილთან.
ლაშა რამიშვილი – ვის მივენდო ვის
ლაშა რამიშვილი – უკულელე
გადაცემის აუდიოჩანაწერი
ლაშა რამიშვილი – ჰარალე. Live
ლაშა რამიშვილი. გადაცემა “რადიო დუეტი”. ვიდეო კოლაჟი
ფოტოები
\