LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არდიში“ დაზღვეულები თურქეთში მკურნალობას შეძლებენ

376

საქართველოში პირველად, ქართულ სადაზღვევო კომპანიაში დაზღვეული მომხმარებლები  თურქეთის წამყვან კლინიკაში მკურნალობას და დაზღვევით სარგებლობას შეძლებენ. ეს სიახლე ქართველ მომხმარებელს სადაზღვევო კომპანია ”არდიმ” შესთავაზა და, ამ საკითხთან დაკავშირებით, მემორანდუმი გააფორმა.

როგორც ”ფორტუნას” სადაზღვევო კომპანიაში განუცხადეს, თურქეთის მრავალპროფილიანი კლინიკა ANADOLU სადაზღვევო კომპანია “არდის” პროვაიდერი გახდა და ამიერიდან, „არდის“ დაზღვეულებს ამ კლინიკაში მკურნალობის შესაძლებლობა ეძლევათ.

მათი ინფორმაციით, „არდისა“ და თურქეთის ნომერ პირველ კლინიკასთან დაწყებული თანამშრომლობის ფარგლებში, „არდის“ ყველა დაზღვეულს საქართველოში შეძენილი სადაზღვევო ბარათით, ადგილობრივ საუკეთესო სამედიცინო ჰოსპიტალებთან ერთად, მსოფლიოში წამყვანი უცხოური კლინიკის მომსახურებით სარგებლობაც შეუძლიათ.

„არდის“ საერთაშორისო სერვისების დეპარტამენტის საშუალებით, მომხმარებელი ANADOLU-ში მკურნალობის ჩასატარებლად სახლიდან გაუსვლელად შემდეგი სახის გამარტივებულ მომსახურებას იღებს:

  • სამედიცინო მომსახურების სრული ორგანიზება;
  • დაზღვეულის ინდივიდუალური შემთხვევის დისტანციური განხილვა ონლაინ რეჟიმში;
  • ყველა საჭირო დოკუმენტის მოძიება საქართველოში სამედიცინო კლინიკებიდან და ლაბორატორიებიდან;
  • ANADOLU-ში ჩასატარებელი მომსახურების დაფინანსება სადაზღვევო ბარათის პირობებისა და საქართველოში სამედიცინო პროვაიდერების მიერ ანალოგიური მომსახურების განფასების შესაბამისად;
  • ექსკლუზიური დამატებითი ფასდაკლება, როგორც „არდის“ ჯამრთელობის დაზღვევის ბარათის ბენეფიციარს, როგორც სადაზღვევო, ისე არასადაზღვევო სერვისებზე.

„არდის“ დაზღვეულებს შეუძლიათ მიიღონ შემდეგი სამედიცინო მომსახურებები სრული დაფინანსებით ან ფასდაკლებით: ქირურგიული და თერაპიული ჰოსპიტალური მომსახურება, ამბულატორია, დაავადებათა პრევენცია, პლასტიკური და კოსმეტიკური ქირურგია, ინ-ვიტრო განაყოფიერება, წონის კორექცია და ბარიატრიული ოპერაციები.

„არდის“ სამედიცინო დაზღევის დირექტორი ეკა ერგემლიძის თქმით, თანამშრომლობა „არდის“ დაზღვეულთა მომსახურებას იმ მიმართულებით მოიცავს, რომელიც საქართველოში ვერ ხორციელდება. ასევე, სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია მომსახურების სხვა მიმართულებებით მიღებაც.

„სადაზღვევო კომპანია „არდი“ აფართოებს საერთაშორისო მოღვაწეობას და მომავალში, ამ მიმართულებით, სიახლეები კიდევ ექნება. თუმცა, პირველ რიგში, აქცენტი თურქეთზე გავაკეთეთ, რადგან საქართველოდან სამედიცინო ტურიზმი თურქეთის მიმართულებით ყველაზე მაღალია. ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა ქართულ სადაზღვევო ინდუსტრიაში, როცა სამედიცინო მომწოდებელი გავიდა ქვეყნის ფარგლებს გარეთ და დაზღვეულებს საშუალება აქვთ, მიიღონ მომსახურება ქვეყნის ფარგლებს გარეთ“, – აცხადებს ეკა ერგემლიძე.

ANADOLU-ს საერთაშორისო დეპარტამენტის ერთ-ერთი ხელმძღვანელის ლუკა ბოლქვაძის ინფორმაციით, ANADOLU მხოლოდ თურქული კლინიკა არ არის, რადგან ის John Hopkins-ის ჯგუფს წარმოადგენს თურქეთში.

„ეს არის აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბით ყველაზე მაღალტექნოლოგიური და განვითარებული კლინიკა. თავისი ტექნოლოგიითა და მომსახურებით, ის დღეს მსოფლიო ოთხეულშია. ზოგჯერ არის შემთხვევა, რომ საქართველოში დიაგნოსტიკა უჭირთ. ამიტომ ახლო ქვეყანაში, სადაც ქართველი სპეციალისტები არიან, კომფორტულია ყველანაირი სახის მომსახურების მიღება. ყველანაირი კვლევა კეთდება ჩვენს კლინიკაში, მაგრამ სავიზიტო ბარათი მაინც ონკოლოგიაა“, – განმარტავს ლუკა ბოლქვაძე.

მისივე ინფორმაციით, ANADOLU-ში მკურნალობის დამატებითი ბენეფიტებია: ექსკლუზიური 50%-იანი ფასდაკლება Turkish Airlines-ის ბილეთებზე, აეროპორტში დახვედრა, უფასო ტრანსფერი აეროპორტიდან კლინიკაში და პირიქით, პერსონალური ქართულენოვანი მენეჯერი ANADOLU-ში.

 

 

magti 5g