“პარლამენტში არიან საკმარისი რაოდენობის მხარდამჭერები საკონსტიტუციო ცვლილებების დასამტკიცებლად”,-ამის შესახებ “ქართული ოცნების” წარმომადგენელმა, დეპუტატმა ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვისადმი მიძღვნილ სატელევიზიო ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, მომხრეთა ხმები დათვლილია.
“ჩვენ გვაქვს დათვლილი ხმები, არის საკმარისი ხმები იმისათვის, რომ იმ ორი პოლიტიკური პარტიის გარეშეც გავიდეს ეს საკონსტიტუციო ცვლილებები. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვფიქრობთ, რომ არ იქნება არავითარი დაბრკოლება ამ საკონსტიტუციო კანონპროექტის მიღების თვალსაზრისით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ახალ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვის პირველ სატელევიზიო შეხვედრას საზოგადოებრივი მაუწყებლის „1 არხი“ მასპინძლობს.
შეხვედრაში მონაწილეობენ პარლამენტის თავმჯდომარე – არჩილ თალაკვაძე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი – ირაკლი კობახიძე, „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელი, ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი და ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარე – მარიამ ჯაში.
განხილვის პროცესში არ მონაწილეობენ ბოიკოტის რეჟიმში მყოფი საპარლამენტო ოპოზიციური პარტიები – „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“.