ვერ ვხედავ საფრთხეს, რომ რუსეთმა, საქართველოსა და გაზპრომს შორის მოლაპარაკებები, ქვეყნის წინააღმდეგ, პოლიტიკურ იარაღად გამოიყენოს, ამის შესახებ პოლიტოლოგმა მამუკა არეშიძემ, რადიო ფორტუნას პირდაპირ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ენერგეტიკის მინისტრთან შეხვედრამდე, ამ საფრთხის შესახებ ეჭვი ჰქონდა, თუმცა კახა კალაძესთან საუბრის დროს, ყველა შეკითხვას დამაკმაყოფილებელი პასუხი გაეცა.
”როგორც შეხვედრაზე გვითხრეს, საუბარია, გაზპრომთან ერთწლიანი კონტრაქტის გაფორმებაზე და ერთი წლის შემდეგ, შესაძლოა, საერთოდ გაუქმდეს. რაც გვითხრეს, თუ ეს სიმართლეა, მაშინ საფრთხეს ვერ ვხედავ” – განაცხადა მამუკა არეშიძემ.
პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ ის მასშტაბი, რაზეც მოლაპარაკებები მიმდინარეობს, საქართველოს ენერგოსისტემისა და პოლიტიკისათვის საფრთხე არ იქნება. როგორც მამუკა არეშიძემ აღნიშნა, ქართულმა მხარემ, შესაძლოა, გაზპრომთან კონტრაქტის პირობების შეცვლაზე უარის თქმა ვერ შეძლოს.
”საქართველოს რამდენად გაუვა რუსეთის შეთავაზებაზე არდათანხმება, ეს სხვა საკითხია. აღსანიშნავია, რომ რუსეთის მხარის ინიციატივით დაიწყო მოლაპარაკებები, რომ შეიცვალოს გადახდის ფორმა. თუ აქამდე ნატურით იხდიდა რუსეთი იმ გადასახადს, რომელიც საქართველოს სომხეთში გაზის ტრანზიტისთვის უნდა მიეღო, ახლა სურს, რომ ეს თანხით მოხდეს, ისევე როგორც უკრაინასათან. რუსულმა მხარემ ასეთი განცხადებაც გაავრცელა, რომ საქართველო თუ არ დათანხმდება ამ პირობას, მაშინ ის უარს იტყვის საქართველოს ტერიტორიაზე გაზის ტრანზიტზე და შემდეგ ირანიდან გაზრდის ბუნებრივი აირის ტრანზიტს, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველო გაზის იმ 10%-საც დაკარგავს, რასაც ამჟამად იღებს რუსეთისგან” – განმარტა არეშიძემ.
