„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირად წარმომადგენელ კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის დასრულების შემდეგ აცხადებს, რომ “არსებობს პუნქტები, რომლებზე დათანხმებაც „ქართულ ოცნებასაც“ და ოპოზიციასაც მოუწევს, რათა მოლაპარაკებების პროცესი წარმატებით დასრულდეს.
მისივე განცხადებით, მოლაპარაკებების დასრულება ჩვენს ქვეყანას სჭირდება. სამადაშვილის თქმით, კრისტიან დანიელსონთან შეხვედრისას, ნაციონალურმა მოძრაობამ ყველა საკითხთან დაკავშირებით დეტალურად განიხილა საკუთარი პოზიციები, რომელიც შარლ მიშელის მონაწილეობით ჩამოყალიბებულ 6 პუნქტში არის ჩაწერილი.
„ზოგიერთ საკითხზე ჩვენ გვქონდა უფრო ფუნდამენტური დისკუსია, უფრო მეტ დეტალზე, სხვებზე შევთანხმდით რაღაც ზოგად მონახაზზე, მაგრამ ერთი რამ არის ნათელი და ეს არის ჩვენი პოზიცია, რომელიც ჩვენ დღეს კიდევ ერთხელ დავაფიქსირეთ, რომ არსებობს ისეთი საკითხები, რომლის მოგვარებაც გახსნის გზას შეთანხმებისთვის და არსებობს საკითხები, რომლებზეც შეიძლება შეთანხმება მას შემდეგ, რაც ჩვენ გადავჭრით მთავარ პრობლემებს.
ეს შეხვედრა იყო იმისთვის, რომ ჩვენ გაგვეცნო მედიატოროსთვის ჩვენი პოზიციები.
ჩვენი პოზიცია კი თქვენთვის არის ცნობილი – პირველ რიგში, ჩვენ მიგვაჩნია, რომ პოლიტპატიმრების თემა უნდა ამოიწუროს და ეს მოითხოვს იმას, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან ჩვენს პარტიას, მაგალითად, უნდა წარმოადგენდეს ნიკა მელია, ასევე უნდა შესრულდეს მარტის შეთანხმება და გიორგი რურუა გათავისუფლდეს პატიმრობიდან. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, ვადამდელი არჩევნები არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი თემა და ამ პოზიციის გადახედვა, იცით, რომ არ მომხდარა. გზები თუ როგორ შეიძლება, რომ მივიდეთ ამ არჩევნებამდე, არსებობს სხვადასხვა და სწორედ ამაზე გვქონდა საუბარი.
ჩვენ ჩვენი მხრიდან კიდევ ერთხელ დავადასტურეთ, რომ გვაქვს სრული პოლიტიკური ნება იმისთვის, რომ მედიაციის პროცესი, რომელიც არის მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის, მაგრამ, ასევე, არის ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური პროცესი ევროკავშირისთვის, დასრულდეს წარმატებით,“- განაცხადა სამადაშვილმა.
