LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ასეთი ფასები არასდროს დაფიქსირებულა” – რატომ ძვირდება საწვავი

127
20200309143043

საწვავის ფასი ზრდას განაგრძობს, ბრენდულ ბენზინგასამართ სადგურების ნაწილზე 1 ლიტრი სუპერის ტიპის ბენზინის ღირებულება უკვე 3 ლარს გადასცდა.

საწვავის გაძვირების ტენდენციაზე „ბიზნესკურიერთან“ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის პრეზიდენტმა ვანო მთვრალაშვილმა ისაუბრა.

როგორც ის აღნიშნავს, უახლოეს პერიოდში გაიაფების პერსპექტივა არ არსებობს, პირიქით ფასები საწვავზე კიდევ მოიმატებს.

„ნავთობზე ფასები ამჟამად საკმაოდ მაღალია, მაღალია იქიდან გამომდინარე, რომ მსოფლიოში პანდემია სახეზეა, ბევრ ქვეყანაში მოქმედებს შეზღუდვები და „ლოკდაუნები“, რაც თავისთავად ისახება ნავთობის ფასზე.

აღსანიშნავია, ინდოეთში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, ინდოეთი არის ერთ-ერთი მთავარი მომხმარებელი ნავთობის, ეს ყველაფერი გავლენას ახდენს ნავთობის მოხმარებაზე, იმ კუთხით, რომ მოხმარება მცირდება.

ამასთან, უპრეცედენტო მოვლენა მოხდა (აშშ-ის უდიდეს ნავთობსადენზე კიბერთავდასხმა განხორციელდა)  აშშ-ში რაც პირდაპირ აისახა ფასებზე.

ამჟამად ბარელი ნავთობის ფასი 69 დოლარია, რაც არის ძალიან მაღალი ფასი. პანდემიამდე ნავთობის საშუალო ფასი იყო 64-65 დოლარი.

კერძოდ, 1 ტონა ბენზინის ფასი, მერყეობს 655 დოლარიდან 665 დოლარამდე, ეს კი არის საკმაოდ მაღალი ნიშნული. საქართველოში ამ ეტაპზე რეკორდულად მაღალი ფასები ფიქსირდება, ასეთი ფასები არასდროს არ დაფიქსირებულა. კომპანიებს კიდევ მოუწევთ ფასების მატება. ამჟამად ბაზარზე განსხვავებულია ფასები, რიგ კომპანიებს უწევთ გაზრდა, რიგი კომპანიები კი ამ პროცესისგან თავს იკავებენ. თუმცა კომპანიების დიდ ნაწილს ყველა შემთხვევაში მოუწევთ ფასების გაზრდა.“-აღნიშნა ვანო მთვრალაშვილმა.

რაც შეეხება მოხმარებას-ვანო მთვრალაშვილის განცხადებით, გაზრდილი ფასების ფონზე მოხმარება მცირდება. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ქალაქში მოძრაობა არ შენელებულა, ბევრი კომპანიისთვის გაყიდვები შემცირებულია.

„ეს პროცესი კი შესაბამისად ნეგატიურად მოქმედებს, როგორც მომხმარებელზე ისე ბიზნეს სუბიექტებზე.“-განაცხადა მთვრალაშვილმა.

„ბიზნესკურიერის“ კითხვაზე, აქციზის გადასახადის შემცირებასთან დაკავშირებით, ვანო მთვრალაშვილმა აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება აღმასრულებელი ხელისუფლების მისაღებია და იმპორტიორები მათი მხრივ, ამ წინადადებას ზოგადად არ აყენებენ ხოლმე.

„აქციზის ფასის განახევრების შემთხვევაში შესაძლოა ფასი შემცირდეს დაახლოებით 20-25 თეთრით, მაგრამ მეორე მხრივ, სახელმწიფო კარგავს მნიშვნელოვან, გარანტირებულ შემოსავლებს. შეიძლება ფასის ეს შემცირება იყოს ერთჯერადი, მომხმარებელზე ეს დიდ გავლენას ვერ მოახდენს.

ზოგადად, ბიზნესისთვის კი ეს გადაწყვეტილება მომგებიანი იქნება, ნაკლები ფულადი რესურსის გამოყენება მოუწევთ, რადგან პროდუქციის განბაჟების დროს იხდიან აქციზის გადასახადს და მათ უწევთ დიდი თანხის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტში, თუმცა თუ ეკონომიკურ ჭრილში განვიხილავთ, რამდენად მნიშვნელოვანი იქნება ამ თანხების დაკარგვა ბიუჯეტისთვის მეორე საკითხია. სახელმწიფო გარანტირებულ შემოსავალს იღებს საწვავიდან, იმიტომ რომ იმპორტი სტაბილურია.

ბოლო 4 თვის მონაცემებით, იმპორტი გაზრდილიც კია, შესაბამისად, შემოსავლები საწვავის ინდუსტრიიდან ბიუჯეტის მიმართულებით იზრდება.

ამიტომ ამ საკითხს სახელმწიფო თუ დააყენებს, ისიც უნდა გაითვალისწინოს, რომ სოლიდური შემოსავალი დააკლდება.

ამ შემთხვევაში ერთადერთი თვალშისაცემი ეფექტის მომტანი საწვავის ფასებთან დაკავშირებით, ეს იქნება ვალუტის კურსის გამყარება.“-აღნიშნა ვანო მთვრალაშვილმა „ფორტუნასთან“ საუბრისას.

magti 5g