თბილისში, კოლმეურნეობის მოედანზე, კერძო კომპანიას, მერიის არქიტექტურის სამსახურმა, მსუბუქი კონსტრუქციის სავაჭრო პავილიონის აშენების უფლება არ მისცა.
როგორც “ფორტუნას” არქიტექტურის სამსახურში განუცხადეს, საკითხი კულტურულ მემკვიდრეობათა საბჭოს დამოუკიდებელმა ექსპერტებმა განიხილეს. უარის მიზეზი არსებული პროექტი გახდა.
პროექტის მიხედვით ვეკუას N3–ში, ეგრეთწოდებულ ყვავილების „ბაზრის” ადგილას, კვების ობიექტი უნდა განთავსებულიყო, ხოლო მეორე სართული მეყვავილეებს დათმობოდათ.
“სახურავზე მოეწყობა ტერასები, ამფითეატრის პრინციპით, სადაც ასევე ივაჭრებენ ყვავილებით. სახურავი შეასრულებს საჯარო სივრცის როლსაც. პროექტი მოაწესრიგებს არსებულ სივრცეს, და ავთენტური ფუნქციის შენარჩუნებასთან ერთად, ტერიტორიას გახდის საჯარო მოხმარებისთვის გახსნილს”, – ნათქვამი იყო განცხადებაში, რომლითაც კერძო კომპანიამ ადგილზე მშენებლობის ნებართვა მოითხოვა.
არქიტექტურის სამსახურმა, უარის გარდა, ადგილის განაშენიანებაზე რეკომენდაციებიც გასცა.
“ამ ტერიტორიაზე ორსართულიანი თუნდაც მსუბუქი კონსტრუქციის გაჩენა არ არის მიზანშეწონილი. მიზანშეწონილია პერიმეტრული განაშენიანება შიდა ატრიუმის მოწყობით (გამეორდეს ადრე არსებული, შიდა ეზოებიანი განაშენიანების სტრუქტურა)”, – ნათქვამია არქიტექტურის სამსახურის პასუხში.
მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ე.წ. ყვავილების ბაზრის ტერიტორიაზე, კომპანია PP-ს მერიამ კაფე–ბარის აშენების ნებართვა მისცა და გარემოვაჭრეების გაყვანაშიც დაეხმარა მათ. არქიტექტურის სამსახურში ამ ინფორმაციას უარყოფენ.
თამთა უთურგაშვილი