დონბასის გათავისუფლება უპირობო პრიორიტეტია უკრაინაში რუსეთის სპეცოპერაციის მსვლელობისას და დარჩენილი ტერიტორიების მცხოვრებლებმა, სადაც ოპერაცია ტარდება, საკუთარი მომავალი თავად უნდა გადაწყვიტონ, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ფრანგულ ტელეკომპანია „ტეეფ 1“-თან ინტერვიუში განაცხადა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ უახლესი სანქციები, რომლებიც „ერთ ღამეში“ არ მომზადებულა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მოიხსნას.
„მოქალაქეებმა თავად უნდა გადაწყვიტონ, რა გარემოში გააგრძელებენ არსებობას: პრეზიდენტ ზელენსკის მიერ შექმნილ გარემოში – რუსული განათლების აკრძალვა, მედიის, კულტურის, რუსული ენის ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოყენების აკრძალვა – თუ სხვაში, სადაც შეძლებენ თავიანთი შვილების აღზრდას ისე, როგორც მათ სურთ და არა ზელენსკისა და მის გუნდს. ჩვენ მრავალი წელი ვარწმუნებდით დასავლეთს, რომ უკრაინა ნატო-ში არ უნდა იყოს შეყვანილი. ალიანსი უკვე ხუთჯერ მიუახლოვდა რუსეთის საზღვრებს, ყველა იმ დაპირების საწინააღმდეგოდ, რასაც დაგვპირდა საბჭოთა კავშირის დაშლისას. უკრაინის ნატო-ში შეყვანა პირდაპირ საფრთხის შექმნას ნიშნავდა პირდაპირ რუსეთის ფედერაციის საზღვარზე. აშშ არა საჯაროდ, არამედ თავის მოკავშირეებთან კონტაქტისას ამბობს, რომ როდესაც ეს ყველაფერი დასრულდება, სანქციები კვლავ დარჩება. პრეზიდენტმა მაკრონმა არაერთხელ ისაუბრა ევროპული უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის აუცილებლობაზე, მაგრამ აშშ არაფრის გაკეთების საშუალებას არ აძლევს, ისინი ამას არ დაუშვებენ. აშშ-მა ევროპა მთლიანად დაიმორჩილა. ჩვენ ვხედავთ საფრანგეთის სურვილს, ხელი შეუწყოს „სტრატეგიული ავტონომიის“ კონცეფციას. პრეზიდენტი მაკრონი გამუდმებით საუბრობს ამ პოზიციებიდან, მაგრამ ამ მხრივ ენთუზიაზმი არც ერთი სხვა ევროპული ქვეყნიდან არ შეიმჩნევა“, – განაცხადა ლავროვმა.