აშშ ირანს ტერორისტული ორგანიზაციების მხარდაჭერის გამო ახალ სანქციებს დაუწესებს, – ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც ირანთან მიმართებაში ახალ სტრატეგიაზე ისაუბრა.
მისი თქმით, აშშ ყველა შესაძლო ზომას მიიღებს, რათა ირანს საშუალება არ მისცეს ბირთვული იარაღი მოიპოვოს. „ჩვენ რიგ მნიშვნელოვან ნაბიჯს გადავდგამთ ირანის მტრული ქმედებების წინააღმდეგ, რათა დავრწმუნდეთ, რომ ირანი არასოდეს, ვიმეორებ არასოდეს მოიპოვებს ბირთვულ იარაღს“, – განაცხადა აშშ-ს ლიდერმა.
დონალდ ტრამპმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ირანმა რამდენჯერმე დაარღვია 2015 წლის შეთანხმება ბირთვული პროგრამის შესახებ. „ირანის რეჟიმი ტერორიზმის მთავარი სპონსორი სახელმწიფოა, რომელიც ეხმარება „ალ-ქაიდას“, „თალიბანს“, „ჰეზბოლას“ და სხვა ტერორისტულ ქსელებს“, – განაცხადა ტრამპმა.
აშშ-ს პრეზიდენტმა ასევე დასძინა, რომ აშშ უფლებას იტოვებს ნებისმიერ დროს გამოვიდეს ირანთან მიღწეული შეთანხმებიდან, რომელიც 2015 წელს ირანსა და საერთაშორისო შუამავლების ექვსეულს შორის დაიდო.