“გვახსოვდეს, რომ ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში, რუსეთი ორ მეზობელ ქვეყანაში, უკრაინასა და საქართველოში შეიჭრა და მოლდოვაში ჯარებსა და საბრძოლო მასალას ინარჩუნებს მთავრობის ნების საწინააღმდეგოდ,” – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ბრიუსელში, ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ონლაინკონფერენციისას განაცხადა.
„რუსეთი ბევრი ქვეყნის არჩევნებში ჩაერია, მათ შორის ჩვენი ქვეყნის არჩევნებში. რუსეთმა ქიმიური იარაღი გამოიყენა რუსეთის მთავრობის ოპონენტების მკვლელობის მცდელობისთვის, მათ შორის სერგეი და იულია სკრიპალების მოწამვლა, როდესაც ისინი ინგლისში, ნატოს მოკავშირის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ. რუსეთმა დაარღვია შეიარაღების კონტროლის საერთაშორისო შეთანხმებები, უარი თქვა ნდობის აღდგენისა და გამჭვირვალობის დამკვიდრებულ ზომებზე, მხარი დაუჭირა მოძალადე დიქტატორებს, კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაული დაუშვა ისეთ ადგილებში, როგორიცაა სირია“, – აღნიშნა ბლინკენმა.
