ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სანქცირებულთა სია გააფართოვა და ახალი შეზღუდვები კიდევ 12 რუსულ კომპანიას დაუწესა. ამერიკის ფედერალური რეესტრის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, ამ კომპანიების საქმიანობა ძირითადად, რუსეთში მდებარე სამხედრო სამრწეველო კომპლექსებს უკავშირდება.
სანქცირებულთა სიაში ორგანიზაციები კიბერდანაშაულსა და ირანთან სამხედრო თანამშრომლობის გამო მოხვდნენ. სანქციები ძალაში დღეიდან შედის. შეზღუდვები შეეხო რუსეთის საზღვაო ფლოტთან დაკავშირებულ ორ კომპანიასაც.
ვაშინგტონში ეჭვი აქვთ, რომ ეს ორგანიზაციები წყალქვეშ სპეციალურ სამუშაოებს აწარმოებდნენ, რითაც ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული ინტერესები ზარალდებოდა.
21 სექტემბერს მოსკოვში თქვეს, რომ რუსეთისთვის სანქციების დაწესება გართობად იქცა. მაშინ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ „შავ სიაში“ რუსეთის კიდევ 27 მოქალაქე და 6 კომპანია შეიყვანა, რომლებიც თავდაცვის და დაზვერვის სფეროებთან არიან დაკავშირებულნი.