აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა გამოაქვეყნა 3 მილიონზე მეტი გვერდის მოცულობის დოკუმენტები ჯეფრი ეპშტეინის საქმეზე, რომელიც გასამართლებული იყო არასრულწლოვანთა სექსუალურ ექსპლუატაციასა და ადამიანებით ვაჭრობაში მონაწილეობისთვის.
გამოქვეყნებულმა მასალებმა ფართო საზოგადოებრივი რეზონანსი გამოიწვია, რადგან დოკუმენტებში მოხსენიებულია არაერთი გავლენიანი პოლიტიკოსი და მსოფლიო დონის ცნობილი პირი.
დოკუმენტებში მოცემულია ჩვენებები, რომელთა მიხედვითაც დონალდ ტრამპს ბრალად ედება 13–14 წლის არასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობა, რომელიც, მტკიცებების თანახმად, დაახლოებით 35 წლის წინ მოხდა. იმავე მასალებში ნათქვამია, რომ მოგვიანებით იგივე გოგონა ძალადობის მსხვერპლი გახდა თავად ჯეფრი ეპშტეინის მხრიდანაც.
დოკუმენტებში დონალდ ტრამპის სახელი რამდენიმე ათასჯერ ფიგურირებს. თავად ტრამპს ამ ბრალდებებზე ოფიციალური კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია. აღსანიშნავია, რომ გამოქვეყნების შემდეგ გარკვეული დროით იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდიდან გაქრა ტრამპთან დაკავშირებული დოკუმენტები, თუმცა მოგვიანებით წვდომა აღდგა, ეს უწყებამ ეს სერვერების გადატვირთვით ახსნა.
მასალებში ასევე გვხვდება ჯეფრი ეპშტეინის პირადი მიმოწერა, სადაც ის ამტკიცებს, რომ Microsoft-ის დამფუძნებელმა, ბილ გეიტს თითქოს სქესობრივი გზით გადამდები დაავადება დაემართა „რუს ქალებთან“ კონტაქტის შემდეგ. ერთ-ერთ წერილში ეპშტეინი ირწმუნება, რომ გეიტსი მას ანტიბიოტიკებს სთხოვდა და მოგვიანებით ფარულად აძლევდა მათ მეუღლეს, მელინდა გეიტსს.
დოკუმენტებში კვლავ ფიგურირებს ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ყოფილი წევრი, პრინცი ენდრიუ, რომელმაც ეპშტეინთან კავშირის გამო ტიტულები დაკარგა. მასალებში შეტანილია ფოტოები და მიმოწერა, რომლებიც აჩენს კითხვებს მისი განცხადებების სანდოობაზე, თითქოს მან ეპშტეინთან ურთიერთობა 2000-იანი წლების დასაწყისში გაწყვიტა.
არქივებში აღმოჩნდა ეპშტეინის მიმოწერა ილონ მასკთანაც. ერთ-ერთ წერილში, რომელიც 2012 წლით თარიღდება, მასკი თითქოს კითხულობს, თუ როდის იგეგმება ეპშტეინის კუნძულზე წვეულება.
იუსტიციის დეპარტამენტის ცნობით, ეპშტეინის საქმესთან დაკავშირებულ გამოძიებაში გამოვლინდა 1 200-ზე მეტი დაზარალებული. გამოქვეყნებული დოკუმენტები, მიუხედავად დიდი მოცულობისა, ამ ეტაპზე კვლავ სრულად ხელმისაწვდომი არ არის.
შეგახსენებთ, ჯეფრი ეპშტეინი 66 წლის ასაკში ციხეში გარდაიცვალა სასამართლოს მოლოდინში. ოფიციალური ვერსიით, მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. გამოძიების ფარგლებში იდენტიფიცირებულია 1 200-ზე მეტი დაზარალებული და მათი ოჯახის წევრები. საქმესთან დაკავშირებული ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დაზარალებული, ვირჯინია ჯუფრე, მიმდინარე წლის გაზაფხულზე გარდაიცვალა.