“აშშ-ის საელჩო აფასებს, თუ როგორი სერიოზულობით მოეკიდა საქართველოს ხელისუფლება – მათ შორის მთავარი პროკურორის ოფისი, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამსახური და შინაგან საქმეთა სამინისტრო – ელჩ კელის წინააღმდეგ მიმართულ მუქარას” – ასე გამოეხმაურა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოს მოქალაქის დაკავების ფაქტს.
საქმე ეხება ”თბილისის ფორუმზე” მომხდარ შემთხვევას, როდესაც ერთერთმა მომხმარებელმა, სულხან წულაძემ, ამერიკის ელჩის მიმართ განცხადება გაავრცელა. კერძოდ, როგორც დაკავებულის ძმა აცხადებს, სულხან წულაძემ ინერნეტფორუმზე ”სახუმარო თემა” გახსნა და დაწერა, რომ გეგმავდა აშშ-ის ელჩისა და საელჩოს წინააღმდეგ ტერაქტს, რის შემდეგაც დააკავეს. მისივე განმარტებით, ეს მხოლოდ ხუმრობა იყო.
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ საერთაშორისო შეთანხმებებით დაცული პირის წინააღმდეგ მუქარის საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება. ამიტომ აშშ-ის საელჩოს აღნიშნულ საკითხზე დამატებითი კომენტარის გაკეთება არ შეუძლია.