LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ში მანიაკური მკვლელობის კულტის ლიდერი, 20 წლის ქართველი, მიხეილ ჩხიკვიშვილი დააკავეს

409
ებრაელები შტატებში

ამერიკაში საქართველოს მოქალაქე, მიხეილ ჩხიკვიშვილი დააკავეს, რომელსაც ბრალად სიძულვილის დანაშაულის გაღვივება და მასობრივი ძალადობრივი ქმედებები ედება. 

20 წლის მიხეილ ჩხიკვიშვილი, ცნობილია როგორც „მეთაური ყასაბი“; „მიშკა“.

შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, დაკავებული, სავარაუდოდ, მანიაკური მკვლელობის კულტის ლიდერია – ასევე ცნობილია როგორც Maniacs Murder Cult – საერთაშორისო ექსტრემისტული დაჯგუფება.

ამავე განცხადების მიხედვით, კულტი ნეონაცისტურ იდეოლოგიას მიჰყვება და ხელს უწყობს ძალადობასა და ძალადობრივ ქმედებებს რასობრივი უმცირესობების, ებრაული თემისა და სხვა ჯგუფების მიმართ, რომლებსაც ის „არასასურველად“ მიიჩნევს.

„ნავარაუდებია, რომ ბრალდებული მისი ნეონაცისტური იდეოლოგიების გასაძლიერებლად, ცდილობდა სხვები ძალადობრივი თავდასხმებისა და მკვლელობების ჩასადენად დაექირავებინა.

მისი მიზანი იყო სიძულვილის, შიშისა და ნგრევის გავრცელება დაბომბვის, ცეცხლის წაკიდების წახალისებით და ბავშვების მოწამვლითაც კი, რასობრივი უმცირესობების, ებრაული თემისა და უსახლკარო პირებისთვის ზიანის მიყენების მიზნით“, – განაცხადა შეერთებული შტატების პროკურორმა, პისმა.

ამავე ცნობების თანახმად, 2022 წლის ივნისში ჩხიკვიშვილი ნიუ-იორკში, ბრუკლინში გაემგზავრა და იქ ყოფნისას ბებიასთან რჩებოდა. მან სასაზღვრო უწყებებს ბრუკლინში ბებიის მისამართი მიაწოდა, როგორც მისი მისამართი შეერთებულ შტატებში.

უწყების განცხადებით, ჩხიკვიშვილი სულ მცირე, 2022 წლის ივლისიდან დაწყებული, არაერთხელ მოუწოდებდა სხვებს, ძირითადად, დაშიფრული მობილური შეტყობინებების პლატფორმების საშუალებით, ჩაედენიათ ძალადობრივი, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულები და ძალადობის სხვა აქტები MKY-ის სახელით – ეს მოიცავდა მასობრივი ძალადობის აქტების მოთხოვნას ნიუ-იორკში ინდივიდისგან, რომელიც აცხადებდა, რომ იყო MKY-ის პერსპექტიული რეკრუტი, თუმცა, ჩხიკვიშვილმა არ იცოდა, რომ ის სინამდვილეში FBI-ის თანამშრომელი იყო.

დაახლოებით 2023 წლის ნოემბრიდან დაწყებული, ჩხიკვიშვილი აღნიშნულ პირს სთხოვდა, განეხორციელებინა ძალადობრივი დანაშაულები, როგორიცაა: აფეთქებები და ცეცხლის გაჩენა, რასობრივი უმცირესობების, ებრაელი ინდივიდების და სხვათა ზიანის მიყენების მიზნით.

„2023 წლის ნოემბერში, ჩხიკვიშვილმა ნიუ-იორკში, ახალი წლის ღამის მასობრივი თავდასხმის დაგეგმვა დაიწყო. სქემა მოიცავდა ინდივიდს, რომელიც სანტა კლაუსის ფორმას იცვამდა და რასობრივ უმცირესობებს საწამლავით გაჟღენთილ კანფეტებს ურიგებდა. 

სქემა ასევე მოიცავდა ბრუკლინის ებრაული სკოლების ბავშვებისთვის შხამიანი ტკბილეულის მიწოდებას“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიების განცხადებით, ჩხიკვიშვილმა სქემის განსახორციელებლად, ნაბიჯ-ნაბიჯ ინსტრუქცია შეადგინა და FBI-ის თანამშრომელს სასიკვდილო საწამლავებისა და გაზების შექმნის, შერევის შესახებ დეტალური სახელმძღვანელოები გაუზიარა.

ჩხიკვიშვილის მიერ გადაცემული მასალების ნაწილი დაკავშირებულია რადიკალურ ისლამისტურ ჯიჰადისტურ დაჯგუფებებთან და დასახელებულ უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციებთან, როგორიცაა ერაყისა და სირიის ისლამური სახელმწიფო (ISIS).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები