LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ში რუსული ურანის იმპორტი აიკრძალება

120
ჯო ბაიდენი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ქვეყანაში რუსული ურანის იმპორტის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა. აშშ-ის გადაწყვეტილება რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ მიმართული კიდევ ერთი ნაბიჯია.

ბირთვულ რეაქტორებში გამოსაყენებელი საწვავის იმპორტზე აკრძალვა ბაიდენის ხელმოწერიდან, დაახლოებით, 90 დღეში ამოქმედდება. თუმცა მიწოდებისას შეფერხების შემთხვევაში, ენერგეტიკის დეპარტამენტს გამონაკლისის დაშვების საშუალება დარჩება. მაგალითად, დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, რუსული ურანის იმპორტზე ნებართვა აშშ-ში, შესაძლოა, 2027 წლამდეც გახანგრძლივდეს.

რუსეთი მსოფლიოში ურანის უმსხვილესი მიმწოდებელია. აშშ-ის ატომური ელექტროსადგურების მიერ გამოყენებული ურანის დაახლოებით 24%-იც სწორედ ამ ქვეყანაზე მოდის.

აკრძალვის პარალელურად ამერიკელმა კანონმდებლებმა ადგილობრივ ბაზარზე ურანის საწვავის ინდუსტრიის შესაქმნელად $2.7 მილიარდიც გამოყვეს.

„პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი კანონმდებლობა გააძლიერებს ამერიკის პოზიციებს ენერგეტიკულ სექტორში, უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკულ და ეკონომიკურ უსაფრთხოებას რუსეთზე დამოკიდებულების შემცირებითა და შემდეგ მისი სრულად აღმოფხვრით“, – განაცხადა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტ ბაიდენის მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები