თელაველი ექიმი, რომელმაც მშობლიური ქალაქის კლინიკა საჭირო სამედიცინო ნივთებით კორონას მეორე ტალღამდე აღჭურვა, აშშ-ში ტელემედიცინით არის დაკავებული, კახეთის რეგიონში კი, თავის დამხმარეებთან, სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებთან და ოჯახის ექიმებთან ერთად, ბინაზე 1500 პაციენტს მართავს. სპეციალურად იმისთვის, რომ ეს ყველაფერი მოეხერხებინა, საქართველოში გარკვეული პერიოდით დაბრუნდა და აშშ-ში თავისი პრაქტიკა, რომელსაც 26 შტატში აღებული ექიმის ლიცენზიით სხვადასხვა კლინიკაში დისტანციურად ახორციელებს, დროებით შეამცირა იმისთვის, რომ მნიშვნელოვანი პროგრამა განეხორციელებინა კოვიდინფექციის მიმართულებით.
დავით მრელაშვილს fortuna.ge ექსკლუზიურად ესაუბრა.
დავით მრელაშვილი:
დავიბადე და გავიზარდე ქალაქ თელავში, დავამთავრე პირველი საშუალო სკოლა, რომელიც სიძველით მეორეა ქვეყანაში. სკოლის დასრულების შემდეგ ჩავაბარე თბილისში, სამედიცინო სკოლაში „აიეტი“, რომელიც ახლა ტვილდიანის სახელობისაა. მისი დამთავრების შემდეგ ჩაბარე აშშ-ში ექიმის სალიცენზიო გამოცდები, რომელიც აუცილებელი პირობაა იქ ექიმად მუშაობის დასაწყებად. რეზიდენტურა გავიარე ორ – ემორისა და ვანდერბილტის უნივერსიტეტებში.
როგორც მივხვდი, ძალიან კარგი სტუდენტი იყავით…
ბევრი სასაცილო და დაუჯერებელი ნიუანსი ახლდა ჩემს სტუდენტობას. სხვათა შორის, ინტრიგანი სტუდენტი ვიყავი (იცინის). არასდროს ვაღიარებდი წოდებას და ასაკს, რაც ჩემთვის ახლაც არ არის ცოდნის მანიშნებელი, ცოდნის მანიშნებელია საქმე. კათედრის გამგესთან შევდიოდი ხოლმე და როცა რაღაც მოსაზრებას გამოვთქვამდი, შემდეგ მას წიგნიდან მოყვანილი არგუმენტებით ვამაგრებდი. შეიძლება ითქვას, რომ სასწავლებელში ყველას ეშინოდა ჩემი (იცინის), ყოველ შემთხვევაში, ასე ამბობდნენ. სხვათა შორის, ერთ-ერთი წიგნი, რითაც თერაპიას ვსწავლობდით, დოქტორ ფაუჩის მიერ არის დაწერილი.
აშშ-ში სწავლის დროსაც ასე იქცეოდით?
პირველ დღეს რეზიდენტურაში ძალიან ვღელავდი და საკმაოდ რთული გზა გავიარე. მადლობელი ვარ საქართველოსიც და ამერიკისაც. ყველა შეცდომა, რაც ექიმმა უნდა დაუშვას, რასაკვირველია, უსაფრთხო გარემოში, დავუშვი. ეს აუცილებელია. ერთ-ერთი ჩემი შეტყობინება, რასაც გავუგზავნიდი ჩემს ახალგაზრდა კოლეგებსა და ასევე სტუდენტებს, გახლავთ სწორედ ეს – არ შეგეშინდეთ შეცდომების დაშვების, რასაკვირველია, უსაფრთხო გარემოში. ძალიან ხშირად ახალგაზრდები არ გამოთქვამენ თავიანთ აზრს, რადგან შეცდომების ეშინიათ, რაც არასწორია.
თქვენ საუბრის პრობლემა აშკარად არ გექნებოდათ…
არასდროს მქონია და არც ახლა მაქვს. საბედნიეროდ, ჩემი შეცდომების რაოდენობა იკლებს, თუმცა ვინმე თუ აღმოაჩენს და მიმითითებს, მხოლოდ მიხარია.
თავიდანვე ნევროლოგიით იყავით დაინტერესებული?
თავიდანვე მაინტერესებდა ადამიანის ტვინი და მისი ფუნქციონირება. ნევროლოგიასა და ნეიროქირურგიას შორის ვაკეთებდი არჩევანს, მაგრამ აშშ-ში ჩასვლის შემდეგ მივხვდი, რომ ნევროლოგია ბევრად უფრო მაინტერესებდა. დავამთავრე რეზიდენტურა, შემდეგ შევედი სამხრეთ კაროლინის უნივერსიტეტში, კათედრაზე, როგორც ასოცირებული პროფესორი და იქ გავატარე დაახლოებით 12 წელი, ჩავერთე ტელემედიცინაში, როგორც უნივერსიტეტის, მოგვიანებით – კერძო კომპანიის. სასწრაფო გადაუდებელი შემთხვევების ტელემედიცინის კერძო კომპანიაა და მათთვის ვმუშაობ. ახლა უნივერსიტეტში აღარ ვარ და ძირითადად, ტელემედიცინაზე გადავერთე, რაც მარტივი ენით არის ნებისმიერი სახის დახმარება პაციენტისთვის დისტანციურად, ტელეფონით, ან ვიდეოზარით. ახლა „ზუმი“ მედიცინაში ძალიან პოპულარულია. ეს საჭიროება ბევრი ფაქტორის გამო შეიქმნა. ტელემედიცინაში ჩართვის შემდეგ ყველა არასამედიცინო საქმიანობა მაქვს ჩამოშორებული, დაწყებული მანქანით კლინიკამდე მისვლით, დასრულებული ბუღალტერიით თუ სადაზღვევოსთან კამათით. მომდის პაციენტის ანამნეზი, ლაბორატიული მაჩვენებელი, კატე, თუკი არსებობს…
პაციენტები თქვენამდე როგორ მოდიან?
მაკავშირებს კონტრაქტი დაახლოებით 200-მდე ჰოსპიტალთან. როდესაც მათთან შედის პაციენტი, რომელსაც ნევროლოგიის კუთხით აქვს გადაუდებელი შემთხვევა, ან ინსულტი, რაზეც ვსპეციალიზდები, კლინიკიდან მიკავშირდებიან სასწრაფო კონსულტაციისთვის, როცა მორიგე ვარ. არ აქვს მნიშვნელობა, სახლში ვარ თუ აგარაკზე, ლეპტოპს ვხსნი და ვაფასებ პაციენტს, ზოგი ლაპარაკობს, ზოგი – კომაშია და ა.შ. ემერჯენსის ექიმი, რომელიც მეკონტაქტება, ასე ვთქვათ, „ჩემი ხელებია“. ვნიშნავ მკურნალობას. წუთები ძალიან ძვირფასია და დროული დიაგნოზი ძალიან მნიშვნელოვანი. მეტყველების გაჩერება იქნება თუ გათიშული ნახევარი მხარე, შეგიძლია სწრაფად შეაბრუნო. მე ვისთანაც ვმორიგეობ, იქ ნევროლოგი არ ჰყავთ და სანამ დაურეკავენ და მიიყვანენ, შეიძლება, პაციენტი ვეღარ გადარჩეს.
ისე მოხდა, რომ თქვენი სამედიცინო გამოცდილება, რაც წლებია გაქვთ, ახლა განსაკუთრებით აქტუალური გახდა მთელ მსოფლიოში. თენგიზ ცერცვაძემ აღნიშნა, რომ დიდ პატივს გცემთ, როგორც კოლეგას და ხაზი გაუსვა, რომ FDA-შიც კი იზიარებენ თქვენს მთელ რიგ შეხედულებებს კორონავირუსის მართვაზე.
თუკი შენ ექიმს გაქვს შესაბამისი კვალიფიკაცია, ლიცენზია და შესაბამისი დამსახურება, FDA ყველას მოუსმენს. მე იმით ვარ გამორჩეული, რომ 26 შტატის საქეიმო ლიცენზია მაქვს, რაც ძალიან ცოტას აქვს. აშშ-ში სხვადასხვა შტატში სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაა, თუკი ერთი შტატის ლიცენზია გაქვს, მეორესი არა და იქ გაემგზავრები და განახორციელებ სამედიცინო საქმიანობას. გამოჯანმრთელებული ადამიანების პლაზმით მკურნალობა აშშ-ში აქტუალური და დამაიმედებელი რომ გახდა, მთელი რიგი პროცედურები იყო გასავლელი, რომლებიც შეუსრულებელი იყო საქართველოსთვის. ამასთან დაკავშირებით მივწერე FDA-ს დირექტორს და რეგულაციების შეცვლისკენ მოვუწოდე საქართველოსთან მიმართებაში, რაზეც მისი დათანხმება მოვახერხე. იმ პერიოდში საქართველოში რამდენიმე პაციენტს უმკურნალეს პლაზმით, სხვათა შორის, კარგი შედეგი გვქონდა.
კახეთის რეგიონის მაგალითზე ვნახეთ, როგორ მართავთ 1500 პაციენტს ბინაზე. ეს პროგრამა თქვენ მოიფიქრეთ, თუ აშშ-ში მოქმედი რომელიმე პროგრამის მსგავსია?
ბავშვობიდან გამომგონებელი ვარ. ნებისმიერ გამოუვალ სიტუაციაში მიყვარდა პრობლემების გადასაწყვეტად საინტერესო ხერხების მოფიქრება, ზოგჯერ გამომდიოდა, ზოგჯერ – არა. გასაშლელი საწოლები აშშ-ში მიღებული პრაქტიკაა, ჰოლებშიც აწვენენ პაციენტებს, როდესაც გამოუვალი მდგომარეობაა. რაც შეეხება კახეთში პაციენტების მართვას, ეს არის კონკრეტული მოდელი, რომელიც ძირითადად, ინტერნეტზე, კონკრეტულად კი „ვაიბერზეა“ მიმაგრებული, მაგრამ თუკი პაციენტს არ აქვს ინტერნეტი, მას ტელეფონით ვუკავშირდებით. ინფორმაციას ექიმების ჯგუფისთვის სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები აგროვებენ და გადააქვთ ის ციფრულ ფორმატში. შემდეგ ამ ინფორმაციის ექიმისთვის გაგზავნა ძალიან სწრაფად ხდება. ჩემი მიზანი ამ მარტივი პროგრამით არა ვინმეს ჩანაცვლება იყო, არამედ მსურდა, დამხმარე კავალერიასავით დავდგომოდი გვერდით. კახეთში შემთხვევების ზრდის პარალელურად, ექიმთა იქ არსებულ ჯგუფს ცოტა გაუჭირდა შემთხვევების მართვა. მორიგეობა და პაციენტების მართვა ხდებოდა ტრადიციული მეთოდებით. როცა ექიმს პაციენტი ურეკავდა და დიდხანს ესაუბრებოდა, ეს ქმნიდა, ასე ვთქვათ, საცობს და სხვა მას ვერ უკავშირდებოდა. პანდემიის ჩემი ხედვა უკავშირდება ინფორმაციული ზღვა ნაკადის სწორად მართვას. ამას ვაკეთებ მე, თორემ ინფექციონისტიც კი არ გახლავართ, ამ შემთხვევაში, უფრო მენეჯმენტის კთხით ვმუშაობ. 24 ნოემბერს შესაბამისი სტრუქტურებიდან ნებართვის საფუძველზე, ყოველგვარი კანონმდებლობის დაცვით, მოგვეცა უფლება, ამ პროგრამის საპილოტე რეჟიმში დასაწყებად, პირველი დეკემბრიდან კი ეს პროგრამა იმდენად მოეწონათ ადგილობრივ ექიმებს, რომ მთლიანად რეგიონში ამოქმედდა, გურჯაანის „ჯეო ჰოსპიტალსთან“ კონტრაქტით. პაციენტის ანკეტასთან წვდომა აქვს ექიმთა ჯგუფს, უფროსი ექიმის ჩათვლით. ბოლოს მე ვემატები, რომ ხარისხისა და სისტემის კონტროლისთვის.
თქვენი საქმიანობის პარალელურად ახერხებთ ამას?
სამწუხაროდ, აშშ-ში მორიგეობის საათების შემცირებამ მომიწია. ამას მარტო არ ვაკეთებ, უამრავი დამხმარე მყავს, თუმცა მე ვუდგავარ სათავეში, რადგან აშშ-ში არაერთი ასეთი პროგრამა მაქვს აწყობილი, მათ შორის, ფედერალური პროგრამებიც. ტექნიკური დიზაინის მხარე ყოველთვის მე მებარა. აშშ-შიც არ არის სისტემა, რომელიც ასე ეფექტურად მოქმედებს კორონავირუსთან მიმართებაში. ვგულისხმობ ინფორმაციის გატარების სიჩქარეს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.
თელაველებმა თუ გაპატიეს, გურჯაანიდან რომ ჩაიტანეთ საწოლები?
(იღიმის) თელავის ავეჯის სახლს აღარ ჰქონდა დასაკეცი საწოლები და წავშალე სოციალურ ქსელში, მერე მომწერეს, ახალი გვერდი შევქმენით და იქნებ, ის დაგვილაიქოთო და ვუპასუხე, სანამ საწოლებს არ მიღებთ, არ მოგიწონებთ-მეთქი. გურჯაანიდან ჩატანილ საწოლებს დეზინფექცია გავუკეთე, თორემ ისე თელაველებს როგორ დავაწვენდი (იცინის).
უკვე ყველამ იცის, რომ თელავის საავადმყოფოს საკუთარი ხარჯებით შეუძინეთ და გამოუგზავნეთ სამედიცინო აღჭურვილობა, მათ შორის, ჟანგბადის კონცენტრატები.
მე ეს ყველაფერი შევიძინე რამდენიმე თვის წინ, როცა აჭარაში ვქეიფობდით და ვამბობდით, კორონავირუსი დავამარცხეთო. მაშინ ერთი აღჭურვილობა ხუთი დოლარი ღირდა და ათასი ცალი გამოვაგზავნე, ახლა ცალი საშუალოდ 80 ლარი ჯდება. მოვიმარაგე მაშინ, რადგან ვიცოდი, დასჭირდებოდათ. ახლა ყველაფერს ცეცხლის ფასი აქვს და ვეღარ იყიდი…
ინტერვიუ: ნინო მურღულია