LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი სამსახიობო სააგენტო საქართველოს პროკურატურას პაატა ბურჭულაძესთან დაკავშირებით მწვავე წერილს უგზავნის

870
62604276_338550143448913_8182525453274185728_n
მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი სამსახიობო სააგენტო საქართველოს პროკურატურას პაატა ბურჭულაძესთან დაკავშირებით მწვავე წერილს უგზავნის, რომელსაც “ფორტუნა” უცვლელად გთავაზობთ.
“ბატონო შალვა,  მოგმართავთ მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი სახელოვნებო  სააგენტოს „ასკონას ჰოლტის“ ხელმძღვანელი, 1983 წლიდან  ჩვენი გაერთიანების წევრი არტისტის, მსოფლიოში აღიარებული ქართველი მომღერლის პაატა ბურჭულაძის საქმესთან დაკავშირებით.  2017 წლის 20 სექტემბერს საქართველოს პროკურატურაში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე საქველმოქმედო ფონდ „იავნანას“ ხელმძღვანელი პირების მიმართ, ნაკლებად ცნობილი ორგანზაციის საჩივრის საფუძველზე, რასაც თავის მხრივ საფუძვლად დაედო „შავი პიარის“ ტრადიციების გამოყენებითა და  სიძულვილის ენით მომზადებული  ფილმი.  გავიდა თითქმის 2 წელი და ჯერ ისევ უცნობია, მიუძღვის თუ არა რაიმე ბრალი ჩვენი გაერთიანების წევრ არტისტს, ბატონ პაატა ბურჭულაძეს საჩივარში დაყენებულ საკითხებთან დაკავშირებით და გამოიკვეთა თუ არა მისი რაიმე ბრალეულობა აღძრულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით;  სახეზეა ფაქტი, რომ საქართველოში განხორციელებული დისკრედიტაციის  კამპანიის ავტორები (რასაც ამყარებდა პროკურატურის მიერ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის ფაქტი) შეეცადნენ უცხოეთშიც დაეზიანებინათ ჩვენი არტისტის რეპუტაცია და უნდა მოგახსენოთ, რომ  პაატა ბურჭულაძის კარიერა ევროპასა და უცხოეთის სხვა ქვეყნებში მართლაც მნიშვნელოვნად დაზიანდა. ევროპის თეატრებში სატელეფონო ზარები განახორციელეს უცნობმა პირებმა, რომლებიც აღნიშნავდნენ, რომ პაატა ბურჭულაძეს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ელოდა. მისი დისკრედიტაციისთვის ასევე, გამოყენებული იქნა wikipedia. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ჩვენი სააგენტო ათეული წლების მანძილზე ხელს უწყობდა პაატა ბურჭულაძეს საქველმოქმედო კონცერტების გამართვაში სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და ოჯახების დასახმარებლად. მსოფლიოში ცნობილი მაღალანაზღაურებადი უცხოელი არტისტები სრულიად უანგაროდ ჩამოდიოდნენ საქართველოში და ეხმარებოდნენ ქართველ ბავშვებს. ამჟამად, ეს საქველმოქმედო აქციები შეჩერებულია და არც ერთი არტისტი აღარ გამოთქვამს საქართველოში ჩამოსვლის სურვილს. დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი ადამიანი საქართველოსა და უცხოეთში ელოდება თქვენგან ინფორმაციას და პასუხს კითხვებზე:   ა) აღმოჩენილია თუ არა სისხლის სამართლის დანაშაული საქველმოქმედო ფონდ „იავნანა“-ს მიერ განხორციელებულ საქმიანობაში;ბ) მიუძღვის თუ არა რაიმე ბრალი ჩვენი გაერთიანების წევრ არტისტს, ბატონ პაატა ბურჭულაძეს საქველმოქმედო ფონდ „იავნანა“-ს მიერ განხორციელებულ საქმიანობაში და თუ მიუძღვის რაში გამოიხატება იგი;  როგორც ჩვენთვის ცნობილია, დღემდე არანაირი დანაშაულის კვალი არ არის აღმოჩენილი (ფაქტი ოფიციალურად ცნობილი არ არის), მაგრამ ჩვენი გაერთიანების წევრს, ბატონ პაატა ბურჭულაძეს, რომელიც მუდმივად ჩართული იყო საქართველოს კეთილდღეობის შენებაში და ხშირად იღებდა მონაწილეობას საერთაშორისო საქველომოქმედო პროექტებში, არ ეძლევა  თავისი საქმიანობის ნორმალურ ვითარებაში გაგრძელების შესაძლებლობა.   აქამდე პაატა ბურჭულაძეს მთელი მსოფლიო იცნობდა, როგორც დიდ ხელოვანსა და საზოგადო მოღვაწეს, მას მიღებული აქვს თითქმის ყველა საერთაშორისო ჯილდო, რაც კი არსებობს ამ სფეროში. იგი გახლდათ გაეროსა და „იუნისეფის“ კეთილი ნების ელჩი და არის  არაერთი ქვეყნის პირველი პირის ჯილდოსა და პრემიის მფლობელი. ათეული წლების მანძლზე ბევრი უცხოელისთვის საქართველო სწორედ მის სახელთან იყო გაიგივებული. ჩვენთვის წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე,  საკუთარი ქვეყანა ცილს სწამებდეს და დევნიდეს ასეთ სახელოვან არტისტს.  გთხოვთ, უმოკლეს ვადაში უპასუხოთ ჩვენს მიერ დასმულ შეკითხვებს,  რათა  შევძლოთ ინფორმაციის მიწოდება იმ თეატრებისა და საკონცერტო დარბაზების დირექციებისთვის, რომელთაც  ბატონი პაატა ბურჭულაძის მოღვაწეობა უკავშირდება.
მარკ ჰილდრუ „ასკონას ჰოლტის“აღმასრულებელი დირექტორი”.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები