კორონავირუსის პანდემიამ და შემდეგ ავტომობილების გაყიდვების ვარდნამ გამოიწვია ის, რომ Aston Martin–ს წარმოების შემცირება და პერსონალის სამსახურიდან გაშვება უწევს.
როგორც ჩანს, ბრიტანულმა ავტომწარმოებელმა სხვა კომპანიების ბედი გაიზიარა და რამდენიმე ასეული თანამშრომლის დათხოვნას გეგმავს. წინასწარი ინფორმაციით, საუბარი დაახლოებით 500–მდე ადამიანზეა, რაც ბრენდს 43 მილიონი ევროს ეკონომიის საშუალებას მისცემს. Aston Martin–ს წარმოების შემცირება უწევს, რადგან ავტომობილების გაყიდვას ვეღარ ახერხებს.
ამასთან ერთად, ბრიტანელებმა ბრენდის მარკეტინგის ბიუჯეტიც შეამცირეს და თუკი სიტუაცია მომავალში არ გაუმჯობესდება, დასაქმებულთა სიას კიდევ ერთხელ გადახედავენ.
აღსანიშნავია, რომ 2020 წლის პირველ ნაწილში Aston Martin–ის გაყიდვების მაჩვენებელი 31%–ით შემცირდა, აქციების ფასი კი 78%–ით დაეცა. საბოლოო ჯამში ზარალმა 129 მილიონ ევროს გადააჭარბა.