LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა $140 მილიონიანი გრანტის შედეგების პრეზენტაცია გამართა

116
Magda Magradze

სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში, ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა აშშ-ის მთავრობის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტის შედეგების პრეზენტაცია „აშშ-საქართველოს პარტნიორობა ადამიანური კაპიტალის განვითარებისა და ეკონომიკური ზრდისთვის“ გამართა. კომპაქტის დაფინანსებით ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა 2014-2019 წლებში განახორციელა პროექტები, რამაც ხელი შეუწყო საქართველოში საინჟინრო, საბუნებისმეტყველო და ტექნოლოგიური STEM პროფესიებისა და განათლების განვითარებას.

„ერთ-ერთი გამორჩეული პროექტი – ათასწლეულის გამოწვევის მეორე კომპაქტია, რომელიც 2014-2019 წლებში განხორციელდა საქართველოში.  დღეს შევაჯამეთ კომპაქტის შედეგები, საზოგადოებას წარმოვუდგინეთ ის პროექტები და ინიციატივები, რაც კომპაქტის დაფინანსებით განხორციელდა.  კომპაქტი 140 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციას გულისხმობდა გრანტის სახით საქართველოში ადამიანური კაპიტალის განვითარებისთვის.  განათლებაში ჩადებული ინვესტიციები ყველაზე მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია ქვეყნის წინსვლისთვის.  დღეს აშშ-სთან პარტნიორობას განსაკუთრებული როლი აქვს ჩვენი ქვეყნის მომავალი განვითარებისთვის,“  – განაცხადა ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ.

„განათლება ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ ბევრს ვაკეთებთ ამ მიმართულებით, რადგან საქართველოს სურს რომ გაუმჯობესდეს მდგომარეობა სწორედ განათლების კუთხით. კომპაქტის ფარგლებში 91 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია განხორციელდა, სასწავლო გარემო გაუმჯობესდა 39 ათასი საქართველოს მოსწავლისთვის, 20 ათასზე მეტმა განმანათლებელმა გაიარა პროფესიული განვითარების გრძელვადიანი კურსი, 51 ახალი პროფესიული განათლების პროგრამა შემუშავდა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კურსდამთავრებულები გვყავს უკვე წელს.  საქართველოში განხორციელებული კომპაქტი საუკეთესოა ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ისტორიაში“, – აღნიშნა აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ხელმძღვანელმა სინტია ჰუგერმა.

ღონისძიებაზე აშშ-ის საელჩოს სახელით ნიკოლას ბელრინერმა განაცხადა, რომ „დღეს ჩვენ $140 მილიონიანი პროექტის შედეგებს ვაჯამებთ, რომელიც ათსწლეულის გამოწვევის კორპორაციამ განახორციელა განათლების სფეროში. ეს ჩვენი ინვესტიციაა საქართველოს მომავალში, საქართველოს განვითარებასა და ქართველ ხალხში, რომ ქვეყანა კიდევ უფრო წარმატებული და ძლიერი გახდეს“.

ღონისძიების ფარგლებში შედგა მეორე კომპაქტით, $140 მილიონი დოლარის გრანტით, განხორციელებული პროექტების შედეგების პრეზენტაცია. პარალელურად გაიმართება თემატური გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების პროექტების მიღწევები.

ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) მეორე კომპაქტის შესახებ:  2013 წელს აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასა და საქართველოს მთავრობას შორის ხელი მოეწერა მეორე, 140 მილიონი აშშ დოლარის გრანტს (კომპაქტს), რომლის მიზანია საქართველოში სიღარიბის დაძლევა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა ზოგადი, ტექნიკური, პროფესიული და უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების გზით. კომპაქტი ძალაში შევიდა 2014 წლის 1 ივლისს და ხორციელდება ხუთი წლის განმავლობაში ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს მიერ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები