ათენში მოხუცის გადარჩენის მცდელობისას დაშავებული საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა – ამის შესახებ ინფორმაციას ათენის ქართველ მიგრანტთა საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
მათივე ცნობით, გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია უკვე მიეწოდა ათენში საქართველოს საელჩოს.
“22 აპრილს, გამთენიისას ათენში მოხუცის გადარჩენის მცდელობისას დაშავებული საქართველოს მოქალაქე 1963 წელს დაბადებული ნატო ჭანტურია გარდაიცვალა. ათენის ქართველ მიგრანტთა საინფორმაციო ცენტრი თანაგრძნობას და თანადგომას უცხადებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებს ქ-ნ ნატო ჭანტურიას გარდაცვალების გამო”, – ნათქვამია განცხადებაში.
ათენში ხანძარი 16 აპრილს, კალითიის მუნიციპალიტეტში მოხდა. ხანძარმა 72 წლის ქალის სიცოცხლე იმსხვერპლა. სახლში ასევე იმყოფებოდა მოხუცი კაცი და ქართველი ემიგრანტი, რომელიც აღნიშნულ ოჯახში დამხმარედ მუშაობდა. ნატო ჭანტურიამ სხეულის 65%-იანი დამწვრობა მიიღო. მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს. საბერძნეთის საელჩოს ჭანტურიას ოჯახთან ინტენსიური კავშირი ჰქონდა.