საგარე საქმეთა სამინისტროს 10-წლიანი გეგმის წარდგენისას, მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ ათი წლისთავზე ქვეყნის მიზანია საქართველოს ნატო-ში საბოლოო გაწევრიანების უზრუნველყოფა ალიანსთან ერთად შემუშავებული გეგმის მიხედვით.
ზალკალიანის თქმით, მომდევნო 10 წლის განმავლობაში აღნიშნული მიზნის მისაღწევად, მნიშვნელოვანი იქნება ნატო-ში მიმდინარე სტრატეგიული ადაპტაციის პროცესში და ალიანსის მომავალ სტრატეგიულ კონცეფციაში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივის მკაფიოდ ასახვა:
“აგრეთვე, ნატო-ს მომდევნო სამიტების, მათ შორის 2022 წლის საკვანძო სამიტის, დღის წესრიგში საქართველოს გაწევრიანების საკითხის ასახვა და გაწევრიანებისაკენ მიმავალი, კონკრეტული, დროში გაწერილი საგზაო რუქის შემუშავება და ალიანსთან შეთანხმება.” – თქვა მინისტრმა.
როგორც ქვეყნის პირველმა დიპლომატმა აღნიშნა, მნიშვნელოვანი იქნება ნატო-სთან პრაქტიკული თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავება და ინტეგრაციული მექანიზმების ეფექტიანი გამოყენება, რაც უზრუნველყოფს წევრობისთვის საჭირო ყველა პრაქტიკული კრიტერიუმის სრულად დაკმაყოფილებას და ქვეყნის სრულყოფილ მზაობას გაწევრიანების პოლიტიკური გადაწყვეტილებისთვის.
დავით ზალკალიანმა ასევე აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანი იქნება საერთაშორისო უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში საქართველოს კიდევ უფრო მეტი ჩართულობა და ამ გზით წევრობისთვის მზადყოფნის დადასტურება, შავი ზღვის რეგიონში ალიანსის კიდევ უფრო აქტიური ჩართულობის ხელშეწყობა და ამ საკითხზე ალიანსის ყველა ფორმატში საქართველოს მონაწილეობა:
“შემდგომი 10 წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობა გააგრძელებს აქტიური საკომუნიკაციო სტრატეგიის განხორციელებას ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის შესახებ.
აღნიშნული მოიცავს სტრატეგიულ კომუნიკაციას როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, მის ფარგლებს გარეთ. გაგრძელდება საქართველოს მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება იმ პროგრესისა და სიკეთეების შესახებ, რაც ქვეყნის დასავლური ინტეგრაციის თანმდევია. ამავდროულად, საქართველოს დიპლომატიური მისიები განაგრძობენ საზღვარგარეთ აქტიურ კომუნიკაციას ქვეყნის პოზიციონირების მიზნით.” – თქვა მან.
შეგახსენებთ, დღეს საგარეო საქმეთა მინისტრი წარადგენს უწყების ათწლიან სამოქმედო გეგმას – “დასავლურ ღირებულებებსა და ქვეყნის ინტერესებზე ორიენტირებული საგარეო პოლიტიკა: 10 წლის ხედვა – 10 მიზანი”.