LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა არ შეაფერხებს საქართველოს მთავარ საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს: ევროპასა და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციას“ – ილია დარჩიაშვილი

118
ილია მზა

„ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა არ ეწინააღმდეგება და არ შეაფერხებს საქართველოს მთავარ საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს, ევროპასა და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციას,“– ამის თაობაზე საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ საქართველო, ისევე როგორც სხვა ქვეყნები და გაერო, მხარს უჭერს ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც ხელს უწყობს მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას, არსებული რეგიონული კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარებას და გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფას, რაც მდგრადი განვითარების უმთავრესი საწინდარია.

ერთობლივ განცხადებაში მოხსენიებულ ინიციატივებს სწორედ ამ ჭრილში განვიხილავთ.

ამასთან, მიგვაჩნია, რომ განცხადების დებულებები საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის თანმიმდევრულია იმდენად, რამდენადაც საუბარია გაეროს 2030 წლისთვის გაწერილი მდგრადი განვითარების დღის წესრიგის განხორციელების დაჩქარების, ასევე ურთიერთობისა და თანამშრომლობის გაძლიერებაზე მშვიდობიანი და სტაბილური საერთაშორისო უსაფრთხოების გარემოსთვის, რეგიონში ქვეყნების საერთო განვითარების ხელშეწყობისა და დაცვის შესახებ.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც მინდა, თქვენი ყურადღება შევაჩერო – საქართველო და ჩინეთი, პატივს სცემენ ერთმანეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, რაც მათ ურყევ და თანმიმდევრულ პოზიციას წარმოადგენს და გაჟღერებულია მრავალჯერ, მათ შორის, უმაღლეს დონეზე.

ორ ქვეყანას შორის დეკლარირებული სტრატეგიული პარტნიორობის პირობებში, ერთმანეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიულ მთლიანობის დაცვის პრინციპი კიდევ უფრო მყარი ხდება, რაც, გარკვეულწილად, პოზიტიურად იმოქმედებს სხვა ქვეყნების პოზიციაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არ აღიარებასთან დაკავშირებით.

ჩინეთის სხვა სახელმწიფოებთან და კონკრეტულად რუსეთთან ურთიერთობებს რაც შეეხება, მათი ხასიათისა და განვითარების მიმართულებების განმსაზღვრელი ჩვენ ვერ ვიქნებით.

ერთი რამ არის ცხადი – ჩინეთის ხელისუფლებას არასდროს დაუყენებია ეჭვს ქვეშ საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა.

ისიც კარგად მოეხსენება, რომ საქართველოს ტერიტორიის 20% რუსეთის ფედერაციას დღემდე ოკუპირებული აქვს და რომ ჩვენი ქვეყნის დეოკუპაცია მშვიდობიანი, პოლიტიკური მეთოდების გამოყენებით, მთავრობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს,“ – განაცხადა დარჩიაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები