LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აუდის საერთაშორისო ფესტივალი ქართველმა მუსიკოსებმა დაიპყრეს: „ბრავო! ეს დაუჯერებლად იდეალურია!“

3204
ცოტნე

გერმანიის ქალაქ ინგოლშტადში მიმდინარე აუდის საერთაშორისო ფესტივალში სხვადასხვა თაობის ქართველი მუსიკოსები მონაწილეობენ. ფესტივალი, რომლის სამხატვრო ხელმძღვანელი მსოფლიო ვარსკვლავი, ქართველი მევიოლინე ლიზა ბათიაშვილი გახლავთ, 30 ივნისს გაიხსნა. ბილეთების გაყიდვით შემოსული თანხა უკრაინელი ნიჭიერი ბავშვებისა და ახალგაზრდების ხელშეწყობის პროექტს მოხმარდება.

1-ელ ივლისს გერმანელი პუბლიკის წინაშე 12 წლის ქართველი კომპოზიტორი და პიანისტი ცოტნე ზედგინიძე წარდგა. ინგოლშტადის ქართულ ორკესტრთან Georgisches Kammerorchester Ingolstadt და ნიკოლოზ რაჭველთან ერთად მან საკუთარი ნაწარმოების „ფანტაზია ფორტეპიანოსა და ორკესტრისთვის” შეასრულა.
„ეჭვგარეშეა, რომ ცოტნე ზედგინიძე არა მხოლოდ ფორტეპიანოს უდიდესი გენიოსი გახლავთ, არამედ უნიკალური კომპოზიციური ნიჭით დაჯილდოვებული ავტორია. ამ ბრწინვალე პრემიერის შემდეგ, მის სახელს მომავალში მრავალი საერთაშორისო სცენიდან მოვისმენთ. ბონუსის სახით, ცოტნემ მსმენელს ფენომენალური ოსტატობით შესრულებული, ჰაეროვანი, ვირტუოზული, მღელვარე და დამათრობელი ბისი აჩუქა.“ – წერს ფესტივალის მუსიკალური კრიტიკა.

ფოტო: Thorsten Brieger

რა თქმა უნდა, დაიწერა ნიკოლოზ რაჭველის შესახებაც:

„კონცერტის დირიჟორის, ნიკოლოზ რაჭველის მოსმენა ასევე განსაკუთრებული იყო ფანტასტიკური სოლისტი -პიანისტის რანგში. სრულიად აღმაფრთოვანებელი, მოქნილ ფერთა გამა, მძვინვარე, ენერგიული სიძლიერის გამოვლინება აყვანილი უმაღლეს დრამატიზმამდე, ვნება, უეცარი დაცემა, ცრემლებამდე მისული ემოციური ტკივილი, ცეკვა, რომელიც ერთდროულად იწვევს სიხარულსა და ტკივილს. უპირობო, ენთუზიაზმით აღსავსე – ბრავო, ეს დაუჯერებლად იდეალურია!“

ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელ საიმონ რეთლისთან, აღიარებულ ფრანგ ჰობოისტ ფრანსუა ლელუსთან ერთად ფესტივალის მონაწილეა ლვოვის სიმფონიური ორკესტრი.

6 ივლისს INSO-Lviv-ის კონცერტიც ნიკოლოზ რაჭველის დირიჟორობით გაიმართა.

საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი სოლიდარობის ნიშნად, აღნიშნული კონცერტის მოსამზადებლად უკრაინაში ჩავიდა და იქ გამართა რეპეტიციები ლვოვის ორკესტრთან ერთად.

პუბლიკამ ქართველი მაესტრო და უკრაინელი მუსიკოსები ხანგრძლივი აპლოდისმენებით დააჯილდოვა. კონცერტი უკრაინის ჰიმნით გაიხსნა.

დღეს აუდის ფესტივალი, როგორც იქ აღნიშნავენ, „ჯაზის ქართველ გენიოსს“ ბექა გოჩიაშვილს უმასპინძლებს ლევან დეისაძესთან და ზაზა ცერცვაძესთან ერთად. კონცერტზე დასასწრებად ფესტივალი მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან ჩამოსულ სტუმრებს უმასპინძლებს.

პოპულალურები