სტუდენტურმა მოძრაობამ „აუდიტორია 115“ გუშინ საღამოს აქცია შეწყვიტა, დღეს კი თსუ-ს მე-6 კორპუსში სასწავლო პროცესი აღდგენილია, კორპუსის აჭედილი კარი გახსნეს.
გუშინ პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური მოძრაობის “აუდიტორია 115″ წევრებს შეხვდა. პრემიერთან საუბარი ერთი საათის განმავლობაში, დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა.
შეხვედრის შემდეგ პრემიერ-მინისტრმა განაცხადება გააკეთა, სადაც აღნიშნა, რომ განათლების კანონის მუშაობაში თავად ჩაერთვება და სტუდენტებთან თანამშრომლობას გააგრძელებს. პრემიერის შეფასებით თვითმმართველობის არსებული ფორმა მიუღებელია და აღნიშნა, რომ: „კონკრეტული ფორმებზე თუ რა იქნება კიდევ ერთხელ ვიმსჯელებთ. შევთანხმდით, რომ შეიქმნება მათი მხრიდან სამუშაო ჯგუფი, რომელთან ერთადაც ჩვენ ვიმუშავებთ”.
გიორგი კვირიკაშილის განცახდებით სტუდენტებთან მორიგი შეხვედრა მომავალი კვირის მეორე ნახევარში გაიმართება, სადაც ერთობლივად იმსჯელებენ სხვადასხვა საკითხზე.
„სამუშაო ატმოსფეროში გვექნება საუბარი დაფინანსების პრინციპებზე, განათლების სისტემის კრიტერიუმებზე, სტრუქტურაზე. ასევე თვითონ უნივერსიტეტებში მმართველობითი ორგანოების სტრუქტურებზე და ასეთ მტკივნეულ საკითხზე ჩვენ აუცილებლად ერთად მოვილაპარაკებთ. სტუდენტური პროტესტი არ არის უცხო რამ, სამწუხაროა, რომ სასწავლო პროცესი არის შეჩერებული ზოგიერთ კორპუსში. მე მათ ვთხოვე, რომ შეწყვიტონ პროტესტი და გარკვეული გარანტიებიც გავეცი ჩემი მხრიდან. ისინი თუ გაიზიარებენ ჩემს თხოვნას ეს ძალიან კარგი იქნება“, – განაცხადა პრემიერ- მინისტრმა.
სტუდენტებთან შეხვედრის შემდეგ გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნული საკითხები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრაზეც განიხილა, პრემიერთან საუბრის შემდეგ კი, რექტორი 115-ე აუდიტორიაში შეკრებილ სტუდენტებს შეხვდა.