ოპოზიციურმა პარტიებმა აუქციონზე გატანილი 300-წლიანი ხე შეიძინეს.ევკალიპტის ხე 20 020 ლარად გაიყიდა.ეკონომიკის სამინისტროს მიერ ჩატარებულ აუქციონს ორი მონაწილე ჰყავდა. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების ვარაუდით, მეორე მონაწილე ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის, კომპანია იყო, რომელიც ივანიშვილს ხეების გადატანაში ეხმარება.
ევკალიპტის ხის საწყისი ფასი 7 ათასი ლარი იყო.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის, ნიკა მელიას, თქმით, ევკალიპტის ხის შეძენით ივანიშვილს ოპოზიციამ მძლავრი შეტყობინება გაუგზავნა.
„დღეს ოპოზიციამ ბიძინა ივანიშვილს გაუგზავნა მძლავრი გზავნილი, რომ არცერთ მსგავს გადაცდომას აღარ ვაპატიებთ. ბოლომდე მოგყვებით, გამოწვევა მიღებულია,“ – განაცხადა ნიკა მელიამ.
პოლიტიკური პლატფორმა „ახალი საქართველოს“ თავმჯდომარემ, აღნიშნა, რომ დღევანდელი აუქციონი ხელისუფლებისთვის გზავნილი უნდა იყოს.გიორგი ვაშაძის თქმით, სადაც იქნება პირდაპირი პოლიტიკური ინტერესი და სადაც ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის “კვალს დაინახავენ”, მსგავსი პრინციპით ჩაერთვებიან პროცესში.
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების თქმით, თანხის მობილიზება უახლოეს პერიოდში დაიწყება. ანგარიშის ნომერი გამოცხადდება და მოქალაქეებს გადარიცხვის შესაძლებლობა მიეცემათ.