„ჭუჭყიანი ხელების დაავადება“ და მომრავლებული ინფექციური დაავადებები - მაია კანაშვილის რეკომენდაციები გადაცემაში ,,სტუმრად ექიმთან"

რა ტიპის ინფექციური დაავადებებია მომრავლებული საქართველოში და განსხვავდება თუ არა ჩვენი სტატისტიკა სხვა ქვეყნების სტატისტიკისგან. რა უნდა ვიცოდეთ ვირუსული ჰეპატიტების მკურნალობის, ნაწლავური ინფექციების მიმდინარეობისა და წითელი ქარის შესახებ – ამ თემაზე გადაცემაში ,,სტუმრად ექიმთან” ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის ექიმმა ინფექციონისტმა, მედიცინის დოქტორმა მაია კანაშვილმა ისაუბრა.

– ქალბატონო მაია, მოგესალმებით და მადლობას გიხდით სტუმრობისათვის. დღეს არაერთ აქტუალურ თემაზე ვისაუბრებთ და დავსვამთ ყველაზე აქტუალურ კითხვებს, რომლებსაც ძალიან ბევრი ადამიანი სვამს სოციალურ ქსელებში და ფორუმებზე, შესაბამისად ვეცდებით ასე გავცეთ პასუხი მათთვის საინტერესო კითხვებს. პირველ რიგში, ინფექციურ დაავადებებზე საუბრისას საინტერესოა საქართველოს პოპულაციაში, ჩვენს მოსახლეობაში რა ტიპის დაავადებები გვხვდება ყველაზე ხშირად და რა არის ამის მიზეზი? განვსხვავდებით თუ არა მსოფლიოს სხვა ქვეყნებისგან ამ მიმართულებით?

მოგესალმებით. ინფექციური პათოლოგია ზოგადად კაცობრიობის მუდმივი თანმდევია. ერთხანს, როდესაც პენიცილინი გამოიგონეს, შეიქმნა ილუზია, რომ ინფექციური დაავადებები წარსულს ჩაბარდა და მხოლოდ ისტორიის კუთვნილებად იქცა, თუმცა რეალობამ გვიჩვენა, რომ ინფექციური დაავადებები მუდმივად იქნება ადამიანების გვერდით. გამონაკლისი რასაკვირველია არც საქართველოა. ჩვენთან მთელი რიგი ინფექციური დაავადებებია გავრცელებული, როგორც ზედა სასუნთქი გზების, ასევე კუჭ-ნაწლავის და სისხლით გადამდები დაავადებები. პრაქტიკულად იშვიათი გამონაკლისების გარდა, როდესაც რომელიმე დაავადება რომელიმე ქვეყნისათვის ენდემურია, საქართველოში თითქმის ყველა სახის ინფექციური დაავადება გვხვდება.

ინფექციური დაავადებების განვითარებას და მრავალფეროვნებას ბევრი ფაქტორი უწყობს ხელს, ესაა ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობა, კლიმატი, ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, კულტურა, განსაკუთრებით ჰიგიენური კულტურა. ეს ყველაფერი დიდი გავლენას ახდენს ინფექციური დაავადებების განვითარებაზე და სამწუხაროდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში ისეთი დაავადებებიც გვხვდება, რომლებიც დამახასიათებელია ჩამორჩენილი ქვეყნებისათვის. მათ შორისაა ნაწლავური ინფექციები. სამწუხაროდ ასეთია დღევანდელი რეალობა, ასეთი ინფექციები ნაკლებად გვხვდება განვითარებულ ქვეყნებში და შეიძლება ითქვას, რომ იქ ეს პრობლემა არ არსებობს. საქართველოში დიდი სიხშირით გვხვდება ისეთი დაავადებებიც, რომლებიც სხვა ქვეყნებშიც არის გავრცელებული, მაგალითად ჰოსპიტალური ინფექციები, რომლებიც აუცილებელი თანმდევია ზოგადად მედიცინის განვითარების და თან ახლავს ნებისმიერ სამედიცინო მიღწევას, მაგალითად ტრანსპლანტოლოგიის ან თანამედროვე ონკოლოგიის მიღწევებს. ქიმიოთერაპიაში ხშირად გამოიყენება იმუნოდეპრესანტული საშუალებები, რომლებიც ინფექციის აქტივაციას განაპირობებენ.  ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადების სახე და დღევანდელი კოვიდ-19-იც ამის მაგალითია, გახლავთ რესპირაციული დაავადებები. მთელი მსოფლიოს საერთო სენია ასეთი დაავადებები და ყველგან გვხვდება. სამწუხაროდ იმის გამო, რომ საქართველოში მაღალია ნარკომანების რაოდენობა, გვხვდება B და C ქრონიკული ჰეპატიტი. საბედნიეროდ შეიძლება ითქვას, რომ საქართველო ერთ-ერთი გამონაკლისია ერთი კუთხით. როგორც წესი, სრულიად გაურკვეველი მიზეზების გამო იმ ქვეყნებში, სადაც მაღალია B და C ჰეპატიტებით ავადობა, მაღალია შიდსით ავადობაც, ჩვენთან კი ასე არ არის. საქართველო ამ მხრივ გამონაკლისია რამოდენიმე ევროპულ ქვეყანასთან ერთად. დაავადების განვითარებისათვის ადამიანს გარკვეული რეცეპტორები ესაჭიროება და შეგვიძლია ვთქვათ, რომ საბედნიეროდ ჩვენ ამ რეცეპტორების ნაკლებობას განვიცდით.

– მინდა გკითხოთ ღვიძლის შესახებ. ერთ-ერთი, რაც ყოფით ცხოვრებაში ღვიძლის შესახებ ვიცით ისაა, რომ ის არის “მსუბუქი” ორგანო აღდგენის უნარით, არ ზიანდება მარტივად და აქვს ძალიან დიდი რესურსი. თუმც, ამ ორგანოსთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები მაინც გვხვდება. მინდა გკითხოთ, რა სიმპტომებს უნდა მივაქციოთ ყურადღება? რადგან ვიცით, რომ ღვიძლი პირველივე პრობლემისთანავე განგაშის სიგნალს არ აგზავნის. შეიძლება თუ არა, რაღაც დონეზე გამოიყოს თავდაპირველი სიმპტომები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც ადამიანმა უნდა მიმართოს ექიმს? ასევე, არსებობს თუ არა რეკომენდაციები იმისათვის, რათა შევინარჩუნოთ ჯანსაღი ღვიძლი, რომელიც პრობლემების გარეშე იმუშავებს? იქნება ეს რეკომენდაციები საკვების, მედიკამენტების შესახებ თუ ა.შ.

ვერანაირად ვერ დავეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ ღვიძლი ,,მარტივი” ორგანოა. მას ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქციები აქვს. ამ ეტაპზე რაც ცნობილია, ღვიძლს აქვს 36 ფუნქცია და თითოეული მათგანის მოშლა ვლინდება გარკვეული კლინიკური სიმპტომატიკით. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფუნქციაა იმ ტოქსინების გაუვნებელყოფა, რომლებიც ნაწლავებიდან იწოვება. ამ ფუნქციის მოშლის და ამ ტოქსინების სისხლში გადასვლის შემთხვევაში ვითარდება ძალიან სერიოზული დარღვევები ყველა ორგანოში და მათ შორის ტვინში, რაც ხშირად ფსიქიკური ჯანმრთელობის მოშლით მთავრდება.

რაც შეეხება უსიმპტომო მიმდინარეობას, გამომდინარე იქიდან, რომ ღვიძლს 36 დადასტურებული ფუნქცია გააჩნია, სხვადასხვა ფუნქციის ან ღვიძლის სტრუქტურის დარღვევები სხვადასხვა სიმპტომით შეიძლება გამოვლინდეს. რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, ერთ-ერთი სიმპტომი, რომლითაც ღვიძლის რომელიმე ფუნქციის მოშლა შეიძლება გამოვლინდეს, არის სახსრების ტკივილი. იგი ხშირად წინ უძღვის B ვირუსულ ჰეპატიტს. ღვიძლის დაავადების ერთ-ერთი სიმპტომი შეიძლება იყოს ე.წ. ,,მუდმივი დაღლილობის სინდრომი”. გარდა ამისა ღვიძლი მონაწილეობს საჭმლის მონელების პროცესში და შესაძლოა ე.წ. ,,დისპეპსიური მოვლენები“, ანუ საჭმლის მონელებასთან დაკავშირებული პრობლემები იყოს დაკავშირებული ღვიძლთან, ასევე უსიამოვნო შეგრძნებები მარჯვენა ფერდქვეშა არეში, უმადობა, გულისრევა. ეს შეგრძნებები ერთ-ერთი ჩვეული სიმპტომია, რომელიც ღვიძლის და ნაღვლის ბუშტის პრობლემაზე შეიძლება მიუთითებდეს.

– ქალბატონო მაია, გადაცემის დასაწყისში თქვენ ვირუსული ჰეპატიტები ახსენეთ და აღნიშნეთ, რომ ყველაზე გავრცელებული B და C ჰეპატიტებია, რომლებიც ჩვენს ქვეყანაშიც ძალიან ხშირად გვხვდება. მაგრამ თითქოს თანამედროვე მსოფლიოს ყველაფერზე აქვს პასუხი, მათ შორის მძიმედ მიმდინარე დაავადებებზე. რა შეიძლება ითქვას თანამედროვე მსოფლიოში თუნდაც მსოფლიო სტატისტიკაზე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებზე და ზოგადად მსოფლიო გამოცდილებაზე დაყრდნობით, როგორ უნდა იმართოს ვირუსული ჰეპატიტები? ჩვენთვის ცნობილია, რომ არსებობს B ჰეპატიტის ვაქცინა და C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტი, რომლის პროგრამაშიც ჩართულია ქვეყანა. ერთი შეხედვით, ეს ყველაფერი უნდა გვიცავდეს ამ დაავადებებისაგან, თუმცა ფაქტია, რომ პრობლემები არის. შეიძლება თუ არა რაიმე ფორმით ავხსნათ ეს პრობლემები და გვითხრათ, როგორ ახდენს მსოფლიო ამ ვირუსების ელიმინაციას თანამედროვე მიდგომებით?

ვირუსული ჰეპატიტების მიმდინარეობაში დიდი მნიშვნელობა აქვს ეს ჰეპატიტი მწვავეა თუ ქრონიკული. თქვენ სწორად აღნიშნეთ, რომ ძალიან ხშირად ეს დაავადებები შემპარავად მიმდინარეობს, ეს არის ქრონიკული ვირუსული დაავადებები და სამწუხაროდ ეს ის სიტუაციებია, როდესაც დაავადება ხშირად მაშინ ვლინდება, როცა უკვე გვიანია და უკვე ჩამოყალიბებულია შეუქცევადი პროცესები, რომელსაც მედიკოსები ციროზს ვუწოდებთ. თუმცა, ციროზსაც აქვს თავისი სტადიები და შესაძლებელია ღვიძლის ფუნქციის შენარჩუნება და აღდგენაც კი.

არის მწვავე ვირუსული ჰეპატიტები, რომლებსაც სრულიად განსხვავებული მიდგომა აქვთ. ისინი შეიძლება გამოწვეული იყოს სხვადასხვა ვირუსით, მათი უამრავი სახეობა არსებობს. მათი მართვა პრაქტიკულად ერთნაირია და გამოიხატება წოლით რეჟიმში, დიეტაში, იზღუდება ცხიმები და არაჯანსაღი კვება. ეს არის მწვავე ჰეპატიტების ძირითადი მართვა.
რაც შეეხება ქრონიკულ ჰეპატიტებს, ეს ნამდვილად სერიოზული პრობლემაა. რასაკვირველია ჩვენ დღეს ძალიან კარგი იარაღი გვაქვს ჰეპატიტებთან საბრძოლველად, როგორც ბრძანეთ C ჰეპატიტის შემთხვევაში ესაა თანამედროვე ანტივირუსული პრეპარატები, რომელთა დახმარებითაც 90%-ზე მეტ შემთხვევაში ხერხდება ვირუსის სრულიად გაძევება ორგანიზმიდან, რაც შეეხება ქრონიკულ B ჰეპატიტს, ამ შემთხვევასი ოპტიმიზმის ნაკლები საფუძველი გვაქვს, მისი მართვა მსოფლიოს უჭირს, თუმცა არის ძალიან კარგი საშუალება – ვაქცინაცია, რომელიც თანამედროვე მსოფლიოს დიდი მიღწევაა.

თანამედროვე მსოფლიო ინფექციური დაავადებების წინააღმდეგ- საუბრობს ექიმი ინფექციონისტი მაია კანაშვილი

Posted by ავტორადიო /Autoradio 95,1 Fm on ოთხშაბათი, 10 ივნისი, 2020

– მინდა გკითხოთ სწორედ ვაქცინის შესახებ. თუ არსებობს ვაქცინაცია, რატომ დგება ეს დაავადება დღის წესრიგში? თუ ხდება ისე, რომ ვაქცინაციის შემდეგ მაინც ხდება დასნებოვნება?

ვაქცინაცია ძალიან ეფექტური გახლავთ და ვაქცინაციის შემდეგ დასნებოვნების შემთხვევები ძალიან იშვიათია. ზოგადად, როდესაც ინფექციურ დაავადებებზე ვსაუბრობთ აღსანიშნავია, რომ ვაქცინები მეტ-ნაკლები ეფექტურობით ხასიათდება, თუმცა B ჰეპატიტის ვაქცინა ძალიან ეფექტურია. ხშირად ადამიანები იგნორირებას უკეთებენ ვაქცინაციას და არ იყენებენ ამ უნიკალურ შესაძლებლობას. დღესდღეობით ზრდასრული მოსახლეობის მასიური აცრა არ ხდება, ხდება მხოლოდ რისკ-ჯგუფების აცრა, მაგრამ ახალშობილები იცრებიან ამ ვაქცინით გეგმიურად და ეს ძალიან კარგად აისახება ჩვენი მომავალი თაობის ჯანმრთელობაზე.

– მწვავე და ქრონიკული ჰეპატიტების შესახებ კიდევ ერთ კითხვას დაგისვამთ. თუ ჩვენ ქრონიკულ პროცესს ,,დავიჭერთ” და მივყვებით იმ სტაციონარული მკურნალობის გაიდლაინებს, რომლებიც არის, რამდენად იქნება შანსი, რომ პროცესი არ გამწვავდეს? შეიძლება თუ არა, რომ ეს პროცესი გაჩერდეს და დასრულდეს ადგილზე?

საერთოდ სტატისტიკურად ცნობილია, რომ B ვირუსული ჰეპატიტი ქრონიკულ ფორმაში დაახლოებით 5-ჯერ ნაკლებ შემთხვევაში გადადის, ვიდრე C ვირუსული ჰეპატიტი. რაც შეეხება იმას, თუ რას აქვს მნიშვნელობა, უდიდესი მნიშვნელობა ქრონიკული ჰეპატიტების, როგორც B, ასევე C ჰეპატიტის შემთხვევაში აქვს ადრეულ დიაგნოსტიკას. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ეტაპზე ამოვიცნობთ დაავადებას. თუ ღვიძლის სტრუქტურა შენარჩუნებულია, ან მისი დიდი ნაწილი მაინც, ამას შეუძლია მოგვცეს უდიდესი ოპტიმიზმის საფუძველი. ვირუსის გამოძევების შემთხვევაში ეს პროცესი აღარ პროგრესირებს და შესაბამისად, არ იწვევს ღვიძლის შემდგომ დაზიანებას. ნაწილობრივ ღვიძლი აღიდგენს ფუქნციებს, შენარჩუნეულ ქსოვილს კი აქვს ძალიან კარგი უნარი კომპენსაციის და დაზიანებული ნაწილის ფუნქციის შესრულების. დროული რეაგირება ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად ცხოვრებაშიც და ბუნებრივია მედიცინაშიც.

– ქალბატონო მაია, თქვენთვის ცნობილია, რომ ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკას სეფსისის ცენტრსაც ეძახიან, ამიტომ თქვენი სტუმრობისას ვერ გავუშვებთ შანსს ხელიდან, არ გკითხოთ ამ დაავადების შესახებ. რაც ჩვენ ვიცით, არის ის, რომ სეფსისი განსხვავებული კლინიკური სურათით ვლინდება პაციენტებში. ნაწილში ის გარკვეული სიმპტომატიკით გამოიხატება, ნაწილში უსიმტომოდ მიმდინარეობს. რა ტიპის დიაგნოზია ეს? საიდან ჩნდება და რა არის მისი გამომწვევი მიზეზი? როგორია მისი მკურნალობის სქემა?

სეფსისი უსიმპტომოდ თითქმის არასოდეს მიმდინარეობს, მკურნალობის წარმატებისათვის კი უმნიშვნელოვანესია დროული დიაგნოსტირება. სეფსისის ცენტრის ძირითადი მიღწევა და ლეტალობის მნიშვნელოვანი კლება სწორედ მის ადრეულ დიაგნოსტირებასთან არის დაკავშირებული. ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკას სწორედ ეს უპირატესობა აქვს, რომ მან შეძლო დაავადების ადრეულ ეტაპზე გამოვლენა და დიაგნოსტიკა.  რას ნიშნავს სეფსისის ადრეული დიაგნოსტიკა? ეს ნიშნავს იმას, რომ მართალია მრავალი ორგანოს დაზიანება ვითარდება და პრაქტიკულად მთელი ორგანიზმის ანთებითი პროცესია სახეზე, ვინაიდან ეს გახლავთ დაავადება, რომელიც ინფექციური აგენტის სისხლის გზით გავრცელების შედეგია, მაგრამ ჯერ არ არის ჩამოყალიბებული ორგანოების უკმარისობა. უკმარისობა არის მდგომარეობა, როდესაც ორგანო ფუნქციურად ვეღარ ასრულებს თავის მოვალეობას, არა მხოლოდ ანთების გამო, არამედ მომავალშიც ვერ შეასრულებს თავის ფუნქციას. ძალზე ეფექტურია სწორედ პოლიორგანული, ანუ მრავალი ორგანოს უკმარისობის ჩამოყალიბებამდე დაწყებული მკურნალობა. მინდა სიამაყით ვთქვა, რომ პრაქტიკულად მთელ მსოფლიოში პირველად, სეფსისის ცენტრის შექმნის წყალობით საქართველოში სეფსისით გამოწვეული სიკვდილიანობა საგრძნობლად შემცირდა. ეს არის დაავადება, რომელიც მაღალი სიკვდილიანობით გამოირჩევა და რომლით სიკვდილიანობაც ცივილიზებულ ქვეყნებში 25-50%-ია, ჩვენთან ეს მაჩვენებელი 4-10%-მდე შემცირდა.

– როდესაც ინფექციურ დაავადებებზე ვსაუბრობთ, პირველი, რაც თავში მოგვდის, ეს არის ანტიბიოტიკოთერაპია. მის შესახებ მრავალი აზრი გამოთქმულა, თუმცა ყველა თანხმდება იმაზე, რომ როდესაც ანტიბიოტიკის გამოყენება არის საჭირო, ის უნდა იქნას გამოყენებული. როდის უნდა გამოვიყენოთ ანტიბიოტიკები და რა უკუჩვენება შეიძლება ჰქონდეს მათ, რაც მედიცინის ზოგიერთი სფეროს წარმომადგენელს აძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ საქართველოში ანტიბიოტიკებს უტრირებულად ვიყენებთ?

ანტიბიოტიკები უდიდესი იარაღია ადამიანის ხელში, თუმცა თუკი იარაღს არასწორად გამოვიყენებთ, ამას შეიძლება ლეტალური შედეგიც კი მოჰყვეს. ანტიბიოტიკები შემქნილია ბაქტერიების საწინააღმდეგოდ, თუმცა სამწუხაროდ კლინიკურ პრაქტიკაში არც ისე იშვიათია შემთხვევები, როდესაც ისინი ვირუსული ინფექციების ან სხვა ისეთი ინფექციების სამკურნალოდ გამოიყენება, სადაც მათ ნეგატიური და ზიანის მომტანი შედეგი მოაქვთ. იგივე ეხება მაგალითად, სოკოვან ინფექციებს. მთელი რიგი სოკოვანი ინფექციები შესაძლოა აკეთებდნენ მიმიკრიას (შეგუებას), ისევე როგორც ვირუსული დაავადებები შესაძლოა აკეთებდეს ბაქტერიული ინფექციების მიმიკრიას იმიტომ , რომ ინფექციური დაავადებების უმეტესობა, ისევე როგორც ბაქტერიული ინფექციები ძალიან ხშირად მიდის ცხელებით და სამწუხაროდ ხდება ისე, რომ ნებისმიერი ტემპრეტატურის მომატებით მიმდინარე დაავადების დროს ხშირად ხდება ანტიბიოტიკების არარაციონალური გამოყენება. ამას მთელი რიგი ნეგატიური შედეგები მოსდევს. ჯერ ერთი, ანტიბიოტიკი, ეს არის ბუნების მიერ შექმნილი შხამი, მიკრობის შხამი, რომ მან სხვა მიკრობისაგან დაიცვას თავი, ამიტომ მისი დიდი დოზით, ირაციონალურად გამოყენება იწვევს ორგანიზმის ინტოქსიკაციას და ხშირად ფატალურ შედეგებსაც კი. ანტიბიოტიკების გამოყენებას ხშირად შეუძლია ორგანოს უკმარისობის გამოწვევა, რადგან მათ აქვთ ორგანოების დამაზიანებელი მოქმედება. მაგალითად ,,სტრეპტომიცინი”, რომლითაც მოხერხდა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სენის, ტუბერკულოზის დამარცხება, ცნობილია იმით, რომ იწვევს შეუქცევად სიყრუეს, თირკმლის ფუნქციის მოშლას და უკმარისობას, ამიტომ უდიდესი მნიშვნელობა აქვს ანტიბიოტიკების რაციონალურ გამოყენებას. მეორე პრობლემა არის რეზისტენტობის განვითარება. თუ ჩვენ ანტიბიოტიკებს არარაციონალურად გამოვიყენებთ, ასეთ შემთხვევაში, როგორც გვიშვენებს კლინიკური პრაქტიკა, ვითარდება რეზისტენტობა, ანუ ბაქტერიების მდგრადობა ანტიბიოტიკის მიმართ და ფაქტიურად კაცობრიობა რჩება ამ იარაღის გარეშე, ჩვენ მივდივართ იმ ეპოქამდე, როდესაც ადამიანი შეიარაღებული არ იყო ანტიბიოტიკით.

– სამწუხაროდ ძალიან ხშირად მშობლები თვითნებურად წყვეტენ ბავშვებისთვის ე.წ. ,,მსუბუქი” ანტიბიოტიკების, მაგალითად “აზითრომიცინის” მიცემას.

არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ ,,აზითრომიცინი” ერთ-ერთი ყველაზე შხამიანი ანტიბიოტიკია, რომლის ირაციონალური გამოყენება, განსაკუთრებით ბავშვებში იწვევს გულის სტრუქტურების გამტარობის მოშლას, ეს არის ნერვ-კუნთოვანი გამტარობის მოშლა, რასაც გულის გაჩერების გამოწვევაც შეუძლია, ასე რომ ეს არ გახლავთ მსუბუქი ან ნაკლებ ტოქსიური პრეპარატი. ანტიბიოტიკებთან მიმართებაში ძალიან დიდი სიფრთხილე გვმართებს და მინდა ყველას მივმართო – არ გამოიყენოთ ანტიბიოტიკები ექიმის დანიშნულების გარეშე. ჩემი აზრით, როდესაც ექიმი ანტიბიოტიკს ნიშნავს, იგი პაციენტთან ერთად ერთგვარ ,,ბეწვის ხიდზე” გადის, ის აფასებს როგორც დადებით, ასევე უარყოფით მხარეს და გვერდით მოვლენებს.

– ქალბატონო მაია, ინფექციებზე საუბრისას მაშინ, როდესაც ამ პროფილის კლინიკაზეა საუბარი, ყველას აინტერესებს რა ტიპის ინფექციებია გადამდები. არის თუ არა შესაძლებელი სხვა დიაგნოზით კლინიკაში ვიზიტისას რაიმე ინფექციით დაინფიცირება?

ადრე ინფექციურ დაავადებებს გადამდებ დაავადებებს უწოდებდნენ. მათი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელია ის, რომ ისინი გადამდებია. განსაკუთრებით ეს ეხება ინფექციებს, რომლებიც ყოფით პირობებში გადადის, მაგალითად ჰაერწვეთოვანი ინფექციები, იგივე ზემო სასუნთქი გზების ინფექციები, ნაწლავური ინფექციები და ა.შ თუმცა არის ინფექციები, რომლებიც მხოლოდ განსაკუთრებულ ვითარებაში გადადის, მაგალითად იგივე B და C ჰეპატიტები, რომლებზეც ჩვენ ვილაპარაკეთ. მატი გადაცემა ხდება სისხლით, სქესობრივი კონტაქტით, ამიტომ ისინი შედარებით ნაკლები სიხშირით გადადის.

– მენინგიტზე რას გვეტყვით?

მენინგიტები ნამდვილად გადამდები დაავადებებია, თუმცა ისინი განსხვავებული სახის არსებობს. შეიძლება იყოს ვირუსული ან ბაქტერიული. მენინგიტი შეიძლება განვითარდეს სხვა დაავადების დროს, მაგალითად სეფსისის, როდესაც სხვა ორგანოა დაზიანებული და სისხლის გზით ინფექცია მივა ტვინამდეც. მაგრამ საზოგადოებისატვის ალბათ ძალიან მნიშვნელოვანია ის მენინგიტები, რომლებიც შეიძლება ჩვეულებრივ ყოფით პირობებში განვითარდეს. ასეთია მაგალითად მენინგოკოკური მენინგიტი, რომლებიც ვირუსული ინფექციით არის გამოწვეული. მენინგიტი და მენინგოენცეფალიტი, ანუ მენინგიტით გამოწვეული ტვინის გარსების ანთება ძალიან სერიოზული დაავადებებია ძალიან სერიოზული გამოსავლით, ისინი ძალიან სერიოზულ მკურნალობას მოითხოვს და აქაც მინდა ვთქვა, რომ ადრეულ დიაგნოსტიკას აქაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რადგან საწყის ეტაპზე უმეტესად განკურნებით სრულდება, გვიან ეტაპზებზე კი სამწუხაროდ, ძირითადად ლეტალურად.

– ვისაუბროთ წითელი ქარის შესახებ, დაავადების, რომლის დიაგნოზითაც თქვენს კლინიკაში ბევრი ადამიანი მკურნალობს. საერთოდ რა დაავადებაა ეს? ჩვენს უმეტესობას ალბათ ერთხელ მაინც აქვს ნანახი წითელი ქარით გამოწვეული შედეგი, ვიცით, რომ ეს სერიოზული ინფექციური დაავადებაა, მაგრამ რა ტიპის ეტიოლოგია აქვს მას და ახასიათებს თუ არა რეციდივი, ან რა ფორმით შეიძლება გართულდეს, ამაზე ბევრი არაფერი ვიცით.

წითელი ქარი – ეს არის კანის და კანქვეშა ქსოვილის ანთებითი დაავადება. იგი არის ერთ-ერთი ნაირსახეობა კანის და კანქვეშა ქსოვილების ინფექციის, რომელსაც შეიძლება სხვადასხვა მიზეზი იწვევდეს. წითელ ქარს უწოდებენ დაავადებას, რომელიც გამოწვეულია A ჯგუფის ბეტაჰემოლიზური სტრეპტოკოკით. ეს არის მიკრობი, რომელიც დამნაშავეა ასევე რევმატიზმის განვითარებაში, რომელიც იწვევს ქუნთრუშას ბავშვებში, იწვევს ანგინასაც. ბავშვებში წითელი ქარი შედარებით ნაკლებად გვხვდება.
ჩვენ კარგად ვიცით, რომ ქუნთრუშა არის სახადი, რომელიც ადამიანს ერთხელ ემართება, თუმცა ამავე მიკრობით გამოწვეული ანგინა ან წითელი ქარი შეიძლება რამდენჯერმე დაგვემართოს. შესაბამისად წითელ ქარს და ანგინას რეციდიული მიმდინარეობა ახასიათებს, თუმცა ორივეს საწინააღმდეგოდ არსებობს შესანიშნავი პრევენციული ღონისძიებები, რომლებსაც დღევანდელი მედიცინა აქტიურად იყენებს. თეორიულად არსებობს შანსი, რომ სხვა ორგანოს ანთების დროს მიკრობი სისხლთან ერთად კანში მოხვდეს და წითელი ქარი გამოიწვიოს, თუმცა ძირითად შემთხვევებში ეს დაკავშირებული არის კანის დეფექტებთან. ეს შეიძლება იყოს სოკოვანი დაავადების შედეგად გამოწვეული ქავილით გამოწვეული დაზიანება, მწერის ნაკბენი და ა.შ. ასეთი დაზიანებები კარს უღებს სტრეპტოკოკულ ინფექციას, რომელიც შემდეგ ორგანიზმში ადვილად აღწევს. სამაგიეროდ ძალიან რთულია მისი ორგანიზმიდან გაძევება. ისინი ე.წ. “მძინარე” ფორმაში გადადიან და ხელსაყრელ მომენტში ცოცხლდებიან, რასაც უკავშირდება დაავადებების რეციდიული მიმდინარეობა.

– მინდა აუცილებლად გკითხოთ ნაწლავური ინფექციების შესახებ, რა შეიძლება გავაკეთოთ მათ თავიდან ასარიდებლად? ნაწლავური ინფექციები ძირითადად ზაფხულში გვხვდება და ერთი შეხედვით არ ჟღერს რთულად, თუმცა ვისაც უნახავს როგორ გამოიყურება პაციენტი ამ დიაგნოზით, ალბათ მიხვდება რომ საქმე მარტივად არ არის. მაგალითად ზღვაზე დასვენება შეიძლება იყოს თუ არა რისკ-ფაქტორი, ან გარკევული ტიპის საკვები?

სამწუხაროდ როგორც გადაცემის დასაწყისშიც აღვნიშნე, დასავლეთ ევროპისაგან განსხვავებით, სადაც ჰიგიენური ნორმები გაცილებით უკეთ არის დაცული, ნაწლავური ინფექციები საქართველოში სერიოზული პრობლემაა. ზაფხული განსაკუთრებით აქტუალურია ამ თვალსაზრისით, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ გასულ წელს დაავადებამ თითქოს სეზონურობა დაკარგა და მთელი წელი გვყვავდა ამ ინფექციებით პაციენტები. ძირითადად და მე ვიტყოდი პრაქტიკულად ყველა შემთხვევაში ნაწლავური ინფექციები ჰიგიენის ნორმების დარღვევითაა გამოწვეული. მათ სხვანაირად ,,ჭუჭყიანი ხელების დაავადებას” უწოდებენ. ჭუჭყიანი ხელი შეიძლება ჰქონდეს იმას, ვინც საკვებს ამზადებს, ან მას, ვინც მიირთმევს ამ საკვებს ან სასმელს. ახლა, კოვიდინფექციის დროს პროფილაქტიკის საუკეთესო საშუალება – ხელების დაბანა- ასევე საუკეთესოს საშუალებაა ნაწლავური ინფექციების პრევენციისათვის. თუმცა რასაკვირველია არის სპეციფიკური ინფექციები, მაგალითად ქოლერა, რომელზეც ვაქცინაციაა საჭირო.

– როდესაც კორონავირუსის მიმღებ კლინიკაზეა საუბარი არ შემიძლია არ გითხრათ, რომ სხვა დიაგნოზის პაციენტებს ერთგვარი შიში აქვთ. მიუხედავად იმისა, რომ თავად მაკა სოლოღაშვილმაც არაერთხელ აღნიშნა, რომ კლინიკას აქვს აბსოლუტურად სხვა ტიპის მიმღები და ყველა პაციენტი არის დაცული, ადამიანებს მაინც აქვთ კითხვები. როგრო ხდება პაციენტების განცალკევება და იმ პაციენტების დაცვა, რომლებიც ვთქვათ იგივე ვირუსული ჰეპატიტების, ან წითელი ქარის დიაგნოზით მოდიან ან იმყოფებიან კლინიკაში? რა ტიპის ბარიერი იცავს მათ?

საბედნიეროდ ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკა ისეა დაგეგმარებული, რომ მისი ორი ნაწილის ერთმანეთისაგან აბსოლუტური იზოლაციაა შესაძლებელი. სწორედ ამან მოგვცა ჩვენ საშუალება მიგვეღო კოვიდპაციენტები და ამავდროულად შეგვენარჩუნებინა ჩვენი პროფილი. შესაბამისად, ჩვენ ვმკურნალობთ პაციენტებს სხვადასხვა ჩირქოვანი ინფექციებით, გინეკოლოგიური პათოლოგიებით, გართულებული ქირურგიული პათოლოგიებით და სხვადასხვა ინფექციებით. შენობის მეორე, სრულიად იზოლირებულ მხარეს მოთავსებულნი არიან კოვიდინფიცირებულნი. თუ პაციენტები შემოდიან ცხელებით ან რესპირაციული სიმპტომებით, რომელიც შესაძლოა იყოს კორონავირუსის გამოვლინება, ისინი თავსდებიან იზოლირებულად, უტარდებათ სკრინინგ-გამოკვლევები, ე.წ. პოლიმერაზულ-ჯაჭვური რეაქცია, PCR ტესტი, იღება ცხვირ-ხახის და პირ-ხახის ნაცხები, პასუხების გაგების შემდეგ კი ხდება მათი დიფერენცირება და განსაზღვრა შენობის რომელ მხარეს უნდა მოთავსდეს ესა თუ ის პაციენტი.

– როგორია ვითარებაა ამ მხრივ გადაუდებელი დახმარების მიმღებში, რომელიც პირველ რგოლს წარმოადგენს?

პაციენტები ცხელებით ან რესპირაციული ჩივილებით ხდებიან მიმღების სხვა ნაწილში, დანარჩენი ჩივილებით კი მეორე ნაწილში. ეს ნაწილები ერთმანეთისგან სრულიად იზოლირებულია. ჩვენ გვაქვს კავშირი სასწრაფოსთანაც, რომელიც გვაწვდის ინფორმაციას პაციენტის შესახებ და ეს ყველა ბარიერი სერიოზულადაა დაცული. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ სხვა პაციენტები კოვიდინფექციებისაგან დაცული იყვნენ.

– ხდებოდა თუ არა ბოქსირებული განყოფილებების გამოყენება აქამდეც, პანდემიის დაწყებამდე?

რასაკვირველია ხდებოდა. ბოქსირებული განყოფილების თითოეული პალატა ერთმანეთისაგან სრულიად იზოლირებულია. თითოეულ მათგანს აქვს საკუთარი ვენტილაცია და არაფრით არ არის კავშირში სხვა პალატებთან. აქ ყოველთვის თავსდებოდნენ ავადმყოფები, რომლებსაც გააჩნდათ ინფექციის გავრცელების მაღალი რისკი. ერთ-ერთი ასეთი დაავადებაა წითელა, რომელსაც თითქმის 100% გადამდებლობა ახასიათებს. სწორედ ამიტომ, სხვა პაციენტების ინფექციისაგან დაცვის მიზნით, პაციენტები წითელათი ხშირად მკურნალობდნენ ბოქსებში საწყის ეტაპზე, ან მკურნალობის მთელი კურსის მანძილზე.

 

 

 

რეკლამა: 0:05