როდესაც მშობელი ეკითხება ბავშვს ”რა ნიშანი მიიღე?”, ეს არის თავი და თავი პრობლემის - მედეა ზირაქაშვილი სკოლისთვის მზაობაზე

როგორ ფასდება სკოლისთვის მზაობა, განსხვავდებიან თუ არა სხვადასხვა თვეში დაბადებული, ერთი ასაკის ბავშვები, უნდა წერდეს და კითხულობდეს თუ არა ბავშვი სკოლაში მისვლისას და ზოგადად რა რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა, რომელთა შვილებიც სკოლაში მიდიან – ამ და სხვა საინტერესო თემებზე გადაცემაში,,სტუმრად ექიმთან” მენტალური ჯანმრთელობის ცენტრის წამყვანმა სპეციალისტმა, ბავშვთა ფსიქიატრმა, ნევროლოგმა მედეა ზირაქაშვილმა ისაუბრა

 მედა, დავიწყოთ სკოლისთვის მზაობის თემით, რას ნიშნავს და როგორ ვაფასებთ ბავშვის მზაობას პირველი კლასისთვის?

სკოლისათვის მზაობა, ეს არის ტერმინი, რომელიც სერიოზულ თავსატეხს აჩენს ხოლმე მოსახლეობაში. მშობლებს ჰგონიათ, რომ თუ ბავშვმა იცის წერა, კითხვა, შეუძლია რიცხვებით მანიპულირება, ის აბსოლუტურად მზად არის სკოლაში მისასვლელად. როდესაც მშობლები დაინტერესდებიან  უფრო ღრმა შინაარსით გაეცნონ, რა არის სკოლისათვის მზაობა, აღმოაჩენენ, რომ ეს არის საკმაოდ რთული და კომპლექსური ტერმინი, რომელიც თავის თავში აერთიანებს ძალიან ბევრ გარემოს ურთიერთშეთანხმებულ  მოქმედებას, რომლის პირობებშიც იქნება მაქსიმალურად ხელსაყრელი წინაპირობა ბავშვმა მიიღოს ეფექტური განათლება.

ეს ტერმინი, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ სამ განზომილებაში აღვიქვათ: უშუალოდ ბავშვის მზაობის: ანუ რა უნარების ერთობლიობა უნდა ჰქონდეს ბავშვს… რა თქმა უნდა პირველ რიგში, სოციალურ-ემოციური სფეროს მზაობა, რაც გულისხმობს: თუ როგორ შეუძლია ბავშვს სხვისი ემოციების წაკითხვა ან საკუთარი ემოციების ადეკვატურად ექსპრესია. როგორ შეუძლია მართოს საკუთარი ბრაზი გარემოში, რამდენად შეუძლია დათმოს საკუთარი ინტერესები მეგობართან კონფლიქტის დეესკალაციის  მიზნით. მაგ. უნდათ თამაში და ყველას სხვადასხვა სურვილი აქვს, შეეძლოს   კომპრომისზე წასვლა, რა მოხდა, თუ ჯერ სხვის  თამაშს ითამაშებს  და მხოლოდ შემდეგ იზრუნებს საკუთარი იდეის შეთავაზებაზე. ასევე, ბავშვები სახლში მიჩვეულნი არიან, რომ ნაკლებად უყოფენ სხვებს ნივთებს, შეეძლოს ნივთების გაყოფა, ეხმარებოდეს სხვებს, იყოს მზრუნველი სხვებთან ურთიერთობისას..

ასევე სწავლისადმი მისი დამოკიდებულება: როგორია მისი მოტივაცია, რამდენად განვითარებულია ცნობისმოყვარეობა, შეუძლია  ყურადღების კონცენტრირება, როდესაც პედაგოგი ახალ მასალას ხსნის?

როგორია მისი ენობრივი განვითარება: ესმის და აღიქვამს დირექტივას, სხვისი ნათქვამის შინაარსს, ხვდება სოციალურ კონტექსტს ასაკის შესაბამისად? როგორია მისი ლექსიკური მარაგი,რამდენად შეუძლია საკუთარი ენობრივი შესაძლებლობების სოციალური ფუნქციით გამოყენება.

უნდა გვახსოვდეს ფიზიკური განვითარებაც, რომლის პროცესში მშობელს უდიდესი როლი აქვს, ამ ყველაფერთან ერთად მნიშვნელოვანია კოგნიტური სფეროს განვითარებაც, როგორ აღიქვამს მოქმედებებს, რამდენად ადეკვატურია მისი საგნებისა და მოვლენების შესახებ წვდომა.

სკოლისათვის მზაობის სამგანზომილებიანი სისტემიდან, მეორე მნიშვნელოვანი მიმართულება გახლავთ – თვითონ სკოლა რამდენად არის მზად ბავშვის მისაღებად, სწავლების როგორი მეთოდოლოგია აქვს, როგორია პროგრამა რომლის დაძლევა უხდება მოწაფეს, რამდენად ადეკვატური მოლოდინი აქვს პედაგოგს, ბავშვების შესაძლებლობების. პედაგოგის მიმღებლობა ბავშვისადმი უნდა  იყოს უპირობო, გააღვივოს ბავშვში მოტივაცია და უნარები რომელიც დაეხმარება დასწავლის პროცესში – პედაგოგის ერთერთი მთავარი მოვალეობაა. პედაგოგი უნდა იყოს მაღალმოტივირებული, ჰქონდეს ის უნარები, რომელიც დაეხმარება ბავშვს ეფექტურ სწავლა-განათლებაში.

მესამე მნიშვნელოვანი კომპონენტი სკოლისათვის მზაობის გახლავთ-ოჯახი და საზოგადოება – რა  აღზრდის სტილი აქვს ოჯახს, როგორია მშობლების განათლების დონე, რამდენად არის ხელშეწყობა ბავშის იმ უნარების განვითარებისთვის, რაც ზემოთ ჩამოვთვალეთ, რა თქმა უნდა იმ სკოლამდელი ასაკის ადრეულ განვითრების პროგრამებთან ერთად რაზეც პასუხისმგებელი უნდა იყოს საბავშვო ბაღები. როგორია ადრეული, წინა სასკოლო პროგრამები, რომელმაც უნდა შექმნას ბაზა იმისათვის, რომ ბავშვს სკოლაში პრობლემები არ შეექმნას.

ეს ყველაფერი ერთობლიობაში წარმოადგენს სკოლისათვის მზაობის საკმაოდ რთულ და კომპლექსურ სისტემას.

 

ამბობენ, რომ ერთი ასაკის, მაგრამ სხვადასხვა თვეში დაბადებულ ბავშვებს შორის დიდი სხვაობაა, როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქიკური განვითარების თვალსაზრისით, რამდენად სწორია ეს მოსაზრება?

თვეების მიხედვით ბავშვებს აბსოლუტურად სხვადასხვა მოთხოვნებს ვუყენებთ განსაკუთრებით ადრეული განვითარების პერიოდში. მაგალითად, თუ ჩავხედავთ ასაკის და განვითარების კითხვარებს, აღმოვაჩენთ, რომ  სამ წლამდე სამ თვეში ერთხელ ხდება კითხვარის შეცვლა, იმისათვის, რომ ჩვენ მეტი მოთხოვნა წავუყენოთ ბავშვს განვითარების კუთხით. სამი წლის შემდეგ გადაფასებას ჩვენ ვახდენთ ექვს თვეში ერთხელ, რაც იმის მანიშნებელია, რომ სამ წლამდე ბავშვის განვითარება ძალიან სწრაფი ტემპით მიმდინარეობს….

თუმცა, თქვენს მიერ გაჟღერებული მოსაზრება ნამდვილად არ არის საფუძველს მოკლებული. მახსენდება 2007-2010 წლებში  ინგლისში ჩატარებული ფართომასშტაბიანი  კვლევა, რომლითაც მოხდა სხვადასხვა თვეში დაბადებული ბავშვების მიერ ჩაბარებული ნაციონალური ტესტის მონაცემების შეფასება, სადაც იყო საუბარი იმაზე, რომ დიახაც შემოდგომაზე დაბადებული ბავშვები თავისი შესაძლებლობებით და შემდგომში არსებული უნარებით ძალიან განსხვავდებოდნენ ზაფხულში დაბადებული ბავშვებისგან. აღმოჩნდა, რომ ეს განსხვავებულობა რამდენიმე წელიც კი შეიძლება გასდევდეს ბავშვის განვითარებას.   მსგავსი მასშტაბის  სხვა კვლევა, ამ საკითხთან დაკავშირებით, მე არ მახსენდება.

 ბევრი მოსაზრებაა იმაზე, უნდა წერდეს და კითხულობდეს თუ არა ბავშვი სკოლაში მისვლისას?

ეს საკამათო თემაა… ფესვებგამდგარია მოსახლეობაში ეს მოსაზრება, რომ თუ წერა-კითხვა ეცოდინება, უფრო გაუადვილდება სწავლის პროცესი. თუ გადავხედავთ ფორუმებს სადაც მშობლები მთელი მსოფლიოს მასშტაბით ერთმანეთს უზიარებენ საკუთარ გამოცდილებას, აღმოვაჩენთ, რომ თურმე ჩვენი, ქართველი მშობლების მოთხოვნილებები დიდად არ განსხვავდება ევროპელი მშობლების მოთხოვნილებებისგან.

ბავშვს  წერა-კითხვის ცოდნა სკოლაში მისვლამდე აბსოლუტურად არ მოეთხოვება. თუ გადავხედავთ ასაკების და განვითარების კითხვარებს, მაგალითად ხუთწლინახევრის ბავშვმა უნდა იცოდეს ამოცნობა იმ ასო ბგერების, რომლითაც მისი სახელი შედგება, უნდა თვლიდეს ათამდე, შეეძლოს ხუთამდე ციფრების ამოცნობა. ეს ყველაფერი ნამდვილად დევს განვითარების კითხვარებში, მაგრამ თუ განვიხილავთ იმ უნარების ჩამონათვალს, რაზეც დაწვრილებით ვისაუბრეთ, იქ წერა- კითხვის ცოდნის მოთხოვნილებაზე არ მივუთითებთ, რადგან ეს არ არის დოგმა.

ქართულ კულტუროლოგიურ სივრცეს თუ გადავხედავთ, მშობლები თავს იწონებენ, შვილების წერა-კითხვის შესაძლებლობებით და ბავშვებიც ამაყობენ. აქედან გამომდინარე, თუ სკოლაში,ეყოლებათ კლასელი, რომელსაც ეს შესაძლებლობები ჯერ არ აქვს განვითარებული, თან არც თუ ისე ადვილად გამოსდის წერა- კითხვის ათვისება, ეს მოვლენა ამ ბავშვებისთვის შეიძლება თვითშეფასებაზე გარკვეული ზეგავლენის მომხდენი იყოს…  არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ  სასკოლო პერიოდი ეს არის პირველი, ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდი, როდესაც  შემოდის გარსშემომყოფების აზრის მნიშვნელოვანება ბავშვებისთვის.

რამდენად აუცილებელია ეგრეთ წოდებული პრე-სქული და ეხმარება თუ არა ეს ბავშვს სკოლისთვის ადაპტაციაში?

ძალიან საინტერესო შეკითხვაა და პასუხი დეტალების დაკონკრეტებას მოითხოვს. პრესქული ანუ თუ თქვენ  წინამოსამზადებელ კლასს გულიხმობთ, ძალიან მარტივად შეიძლება შექმნას არა სკოლამ, არამედ ბაღმა ბოლო ასაკობრივ  ჯგუფში, სადაც ყველა იმ უნარის გამომუშავებაზე უნდა ზრუნავდნენ, რაზეც უკვე ბევრი ვისაუბრეთ.

ძალიან მნიშვნელოვანია რომ პრე-სქულს ჰქონდეს სწორი დატვირთვა. ჩვენ თუ ჩავხედავთ ლიტერატურას და წინა სასკოლო მომზადებას გადავხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ ძალიან ბევრი სხვადასხვა ტიპის სწავლების მეთოდი ან სტრუქტურული გარემო, შეიძლება შეესაბამებოდეს  წინა სასკოლო მომზადების პერიოდს. შეიძლება ბავშვი არ დადის ბაღში, მაგრამ წინა სასკოლოდ ყველა ცდილოbს ერთი წლით მაინც ატარონ ისეთ სოციალურ გარემოში, რომელიც განავითარებს ბავშვის ყველა იმ უნარს , რომელიც დაეხმარება სკოლაში მარტივად ადაპტირებაში. მე ვეთანხმები ამას, რადგან ბავშვისთვის პირდაპირ სახლიდან სკოლაში ტრანზიცია არც ისე მარტივია.

თუ ბავშვი 40 წუთი ანუ გაკვეთილისთვის განკუთვნილი დრო, არ ან ვერ ჩერდება გაკვეთილზე, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ მას ქცევითი პრობლემები აქვს?

თუ არ ვცდები პირველ კლასში გაკვეთილების ხანგრძლივობა უფრო ნაკლებია. მერხთან მშვიდად ჯდომის წინაპირობა საკოლო მზაობის მოთხოვნებში დევს. დროსთან დაკავშირებით პარალელს გავავლებ. მაგალითად, როდესაც გვინდა შევაფასოთ ბავშვის დასწავლის უნარები და ვამოწმებთ მისი კითხვის უნარს, თუ ბავშვი ვერ წაიკითხავს დროის გარკვეულ მონაკვეთში იმ კონკრეტულ მოცულობას, რასაც თანატოლების უმრავლესობა კითხულობს, ეს ითვლება პრობლემად და დისლექსიის უფრო ღრმა კვლევისთვის ამისამართებ.

ქცევის დარღვევის შემთხვევაში,გააჩნია ქცევის დარღვევის და ჰიპერაქტიურობის ხარისხს/სიმძიმეს. პირველი სემესტრის ბოლომდე ამას პათოლოგიად და პრობლემად არ ვთვლით, ვაცდით, ველოდებით… თუ პრობლემა შემდეგშიც გრძელდება, მხოლოდ ამის შემდეგ ვფიქრობთ, ხომ არ არის ჰიპერკინეტიკური აშლილობა: ყურადღების დეფიციტის და ჰიპერაქტიურობის სინდრომი ან დასწავლის სირთულე, ან სხვა რაიმე სირთულე, რომელიც ვლინდება ქცევის დარღვევით. იგივე ინტელექტუალური პრობლემები შეიძლება გამოვლინდეს ქცევის დარღვევით. თუ მალევე აღმოიფხვრა, ადაპტაციის და შეგუების გახანგრძლივებაში ვუთვლით ხოლმე.

რა როლს თამაშობს ბავშვების მოტივაციაზე შეფასების სისტემა, ანუ ქულები და ნიშნები ?

ყველას გაგვივლია ეს პერიოდი და შეგივიძლია გავიხსენოთ, როგორი მწარეა როდესაც ვერ მიიღებ ისეთ ქულას, რომელიც შენთვის მნიშვნელოვანია. აღმოჩნდა, რომ ყველაზე დიდი მნიშვნელობა ასეთ შემთხვევაში აქვს არა თავად ნიშნებს, არამედ იმას თუ  რა ინფორმაცია აქვს ბავშვს ნიშნების მნიშვნელობასთან დაკავშირებით. ტიპიური ოჯახის ყოველდღიურობიდან, პირველი რასაც მშობელი ეკითხება სკოლიდან დაბრუნებულ ბავშვს – არის ”რა ნიშანი მიიღე?”, ეს არის თავი და თავი პრობლემის. შეფასების სისტემა ქმნის ჯანსაღი კონკურენციის გარემოს, მნიშვნელოვანია აქ ჩვენ როგორ გვესმის და როგორ ვაწოდებთ ბავშვს ამ ყველაფერს. ჩვენ ბავშვს უნდა ავუხსნათ, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა ნიშანი, არამედ თვითონ  სწავლის პროცესი, შეფასების სისტემა გვაძლევს ინფორმაციას არა განათლებაზე, არამედ ბავშვის მონდომებაზე. თუ სწორად გავითავისებთ და კარგად ავუხსნით ჩვენს შვილებს ნიშნების ან შეფასების სხვა მეთოდის აუცილებლობას, აღმოვაჩენთ რომ არც ისე სტრესულია ეს ყველაფერი. ხაზი უნდა გაესვას ბავშვის მონდომებას, მცდელობას და არა იმას, რითი დაგვირგვინდება ეს ყველაფერი. მნიშვნელოვანია როგორ იღებს ოჯახი და რა კრიტერიუმებს იყენებს კონკრეტული პედაგოგი შეფასების სისტემაში.

რა ტიპის აქტივობებით  უნდა დავტვირთოთ პირველკლასელები?

ადრეულ პერიოდში და დაბალ კლასებში უფრო მეტად უნდა ვიყოთ ორიენტირებული ბავშვში წარმოსახვის განვითარებაზე, სოციალურ-ემოციური სფეროს განვითარეზე. პირველკლასელები არა მხოლოდ წრეებზე დაყავთ, არამედ მონაწილეობას აღებინებენ შეჯიბრებებში და მათგან მოითხოვენ გამარჯვებას და პირველობას. ბავშვი პრაქტიკულად განწირულია, თვითშეფასების სერიოზულ პრობლემებისკენ, რადგან გამარჯვება და პირველი ადგილი ერთია, მაგრამ თანამონაწილე ბევრი… ყოველთვის ვერ მოიგებს, ხოლო თუ ბავშვი იყალიბებს აზრს, რომ შეცდომა არ უნდა დაუშვას და წაგება არ შეიძლება, ეს ბავშვი უკვე განწირულია ბევრი მენტალური ჯანმთელობის პრობლემისთვის მომავალში. ჩვენთან კლინიკაში მოყავთ ბავშვები, რომლებსაც მაღალი შფოთვის დონე, პერფექციონიზმისკენ მიდრეკილება, თვითშეფასების სერიოზული პრობლემები  აქვთ… ხშირად მშობლებს გვავიწყდება, რომ თუ გადაჭარბებულია  ბავშვის ჩართულობა აკადემიური უნარების განვითარებაზე,  ნაკლები დრო რჩება  მას საკუთარ სიამოვნებაზე ზრუნვაზე, წარმოსახვითი უნარების და სოციალურ-ემოციური დონის განვითარებაზე , შედეგად კი გაცილებით მეტი მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები მოდის, მეტია შფოთვითი აშლილობების და ქცევითი დარღვევების ალბათობა.

ბავშვს, რომელიც ამ ასაკში ისედაც შედარებით აქტიურია და ეს ნორმაა და მას  გადაბმულად ვატარებთ აკადემიური უნარების გასავითარებელ წრეებზე, ამოსუნთქვის გარეშე, მშობელმა აღარ უნდა დასვას შეკითხვა რატომ აქვს ბავშვს ემოციური დარღვევები, რატომ არის ფრუსტრირებული და გაღიზიანებული, ოპოზიციურია, აპროტესტებს…. უმნიშვნელოვანესია ოქროს შუალედის პოვნა და დაბალანსება... ფიზიკური აქტივობები, გართობა მეტი, ნაკლებად აკადემიურ დატვირთვა. სამომავლოდ ბევრი დრო ექნება აკადემიური აქტივობებისთვის. პირველი კლასი ეს არის , ბავშვის პირველი შეხება სტრუქტურირებულ გარემოსთან.არსებობს გარემო მოთხოვნილებების და ბავშვის შესაძლებლობების ზღვარი, რომელიც შეიძლება არ კმაყოფილდებოდეს ასეთ შემთხვევაში.

 და ბოლოს, რა უნდა ქნას მშობელმა, თუ ბავშვი 6 წლისაა და შეფასებით ირკვევა, რომ ის სკოლისთვის მზად არაა?

აქაც მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, თუ რატომ ხდება სკოლისათვის მზაობის შეფასება… არა იმიტომ,რომ ვუპასუხოთ შეკითხვას:  მივიყვანოთ ბავშვი სკოლაში თუ არა, არამედ იმისთვის, რომ გამოვყოთ ბავშვის უნარების ძლიერი და სუსტი მხარეები, მეტად ვიფიქროთ იმაზე, როგორ შევუწყოთ ხელი სუსტი მხარეების განვითარებას, როგორ გავაძლიეროთ ძლიერი მხარეები, რომლითაც სისუსტეების კომპენსირებას მოვახდენთ. მეტად შევისწავლოთ სასკოლო გარემო სადაც ბავშვი მიგვყავს, მშობელი მეტად დაფიქრდეს საკუთარ მოდგომებზე ბავშვის განვითარებასთან დაკავშირებით. რატომ აღვიქვამთ ამ პროცესს ასე რთულად?იმისათვის, რომ აღმოვაჩინოთ, რა აკლია ამ ყველაფერს იქამდე რომ  ხელშემწყობი გარემო შევქმნათ ბავშვის მაქსიმალური განვითარებისთვის.