როგორ დავიცვათ პატარები კარიესისგან და როგორ შევუნარჩუნოთ მათ ჯანსაღი კბილები - ელენე ხარაშვილის რეკომენდაციები

გადაცემის ლაივი LIVE

რას გულისხმობს არაკარიესული დაავადებები, რა შეიძლება გახდეს ყვითელი ნადების ან შავი ლაქების წარმოქმნის მიზეზი ბავშვთა ასაკში, რაზე მიუთითებს ადრეულ ასაკში განვითარებული კარიესი, როგორ უნდა დავიცვათ პირის ღრუს ჰიგიენის ნორმები – ამ და სხვა საინტერესო თემებზე ნატა ხარაშვილის გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ნინო ბერიძის ბავშვთა სტომატოლოგიური ცენტრის“ კლინიკურმა ხელმძღვანელმა, ბავშვთა თერაპევტმა და ორთოდონტმა, ელენე ხარაშვილმა ისაუბრა.

ელენე, რას შეეხებოდა წლევანდელი კონგრესი და რა თემები იყო აქტუალური?

წელს საკმაოდ საინტერესო კონგრესი იყო. ჩვენ წარმოვადგენდით ბავშვთა სტომატოლოგთა ასოციაციას, რომლის პრეზიდენტიც ნინო ბერიძე გახლავთ. თემა თანამედროვე ორთოდონტიული მიდგომები იყო. კონგრესი საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის ეგიდით ჩატარდა და ეს იყო მეთვრამეტე საერთაშორისო კონგრესი, რომელიც ბათუმში ჩატარდა. ძალიან საინტერესო იყო ჩვენი კოლეგების მოსმენა. კონგრესზე იყვნენ ჩვენი უცხოელი კოლეგები, რომლებმაც ერთხმად აღიარეს, რომ ჩვენი სტანდარტები, პრეზენტაცია, ნამუშევრები, შედეგები არათუ ჩამორჩება, არამედ აღემატება ამერიკულ და ევროპულ სტანდარტებს. ჩემი მოხსენების თემა არაკარიესული დაავადებების მართვა გახლდათ. არაკარიესული კბილის ისეთ დაზიანებას ნიშნავს, რომელიც კარიესთან, ანუ ინფექციასთან კავშირში არ არის. ეს დაავადება ძალიან იშვიათი იყო, გაგიკვირდებათ და ლიტერატურაშიც კი საკმაოდ ცოტა თვალსაჩინოება იყო, მაგრამ მათმა რიცხვმა მსოფლიოს მასშტაბით მოიმატა, რასაც ხშირ შემთხვევაში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუარესებას უკავშირებენ.

აღსანიშნავია, რომ კბილების ჩასახვა მუცლადყოფნის პერიოდიდან მეექვსე-მერვე კვირას ხდება და მათი ფორმულირება და ჩამოყალიბება დაბადების შემდეგ 3 წლამდე გრძელდება. ორსულის არაჯანსაღი ცხოვრება, მედიკამენტური ჩარევა, დაავადებები ან ეკოლოგიურად არაჯანსაღ გარემოში ცხოვრება კბილის არასწორ ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. რა თქმა უნდა, აქ ჰისტოლოგიურ-ანატომიურად ძალიან დიდი სიღრმეებია, მაგრამ ზოგადად ძალიან მომატებულია მომართვიანობა. აუცილებელია, რომ 1 წლის ასაკის შემდეგ, წელიწადში ერთხელ განხორციელდეს ვიზიტი ბავშვთა სტომატოლოგთან. ხაზს ვუსვამ, ბავშვთა სტომატოლოგთან და არა დიდების სტომატოლოგთან, რადგან სწორედ ბავშვთა სტომატოლოგი ფლობს იმ უნარ-ჩვევებს, რომელიც ხარისხიან მკურნალობას უზრუნველყოფს.

არაკარიესული დაავადებები 2 ნაწილად იყოფა, არის თანდაყოლილი და შეძენილი დაავადებები. შეძენილი შეიძლება იყოს: ტრავმა, სოლისებრი დეფექტი, ეროზიები, რაც ქიმიური და მექანიკური დაზიანებებით ვითარდება. ამერიკაში არაკარიესული დაავადებების ზოგადი სახელწოდება ცარცისებრი კბილებია. თუ თქვენს შვილს კბილებზე აქვს თეთრი ლაქები, რომელიც გაქვს ხალს, ან აქვს მოყვითალო შეფერილობის თეთრი ლაქები, ან მოყვითალო ფერთან ერთად შესამჩნევია შეცვლილი სტრუქტურაც, ეს უკვე ნიშნავს, რომ არაკარიესულ დაავადებასთან გაქვთ საქმე. არაკარიესული დაავადება კბილის ამოჭრისთანავე არის, ანუ კბილი ასეთი ამოდის, კარიესი კი შემდგომში ემატება. ამ შემთხვევაში ძალიან კრიზისული ასაკია 5-დან 7 წლამდე პერიოდი, როდესაც მუდმივი კბილები ამოდის. არსებობს საჭრელი კბილების და ძირითადი კბილების ჰიპომინერალიზაციად წოდებული არაკარიესული დაავადება, რომელიც სწორედ, რომ ორსულობის 5 თვეზე ვითარდება მედიკამენტური ჩარევის ან ორსულობის არასწორი მიმდინარეობის შედეგად. ამ დროს წინა კბილები და უკანა კბილებიც ისეთი დაზიანებულია, რომ კარიესით ინფიცირდება. ასეთ შემთხვევაში ექიმთან დროული კონსულტაცია და მყისიერი რეაგირება ძალიან მნიშვნელოვანია. არაკარიესული დაავადების დროს ბავშვს შეიძლება აღენიშნებოდეს ჰიპერესთეზია, ანუ მომატებული მგრძნობელობა ან ჰქონდეს დისკომფორტი ღეჭვის დროს. ამ ყველაფრის მართვა თანამედროვე სტომატოლოგიას შეუძლია, არსებობს თანამედროვე საბჟენი მასალები, ორთოპედიული გვირგვინები და ა.შ. მთავარია, დროული კონსულტაცია.

ასევე აღსანიშნავია, რომ ზოგჯერ ბავშვები ფტორის ჭარბ რაოდენობას იღებენ ან უფროსების კბილის პასტით სარგებლობენ, რომელიც ხშირ შემთხვევაში ეყლაპებათ და რომლის შედეგადაც ვითარდება ფლუოროზი, რომელიც ასევე ცარცისებრი ლაქების სახით არის ცნობილი. არაკარიესულ დაავადებებთან მიმართებაში ისევ და ისევ ბავშვთა სტომატოლოგმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილებები, რომ თავიდან ავიცილოთ სავალალო მდგომარეობა.

სტომატოლოგთან რეგულარული ვიზიტი მაშინაც საჭიროა, თუ ბავშვის პირის ღრუს ჰიგიენა აბსოლუტური და სრულფასოვანია, თუ მშობელი მაქსიმალურად იცავს ექიმის რეკომენდაციებს და თუ კბილებიც ვიზუალურად კარგ ფორმაშია?

სულ აღვნიშნავ, რომ ის, რაც მშობელს პატარა დაზიანებად მიაჩნია, სტომატოლოგის სავარძელში უკვე დიდი დაზიანებაა. წელიწადში ერთხელ ვიზიტი სწორედ იმიტომ არის აუცილებელი, რომ მოხდეს კბილების სრულფასოვანი დათვალიერება და შეფასება. აღსანიშნავია, რომ არსებობს ადგილობრივი მინერალიზაცია, გელი, რომელიც ამაგრებს კბილებს. არსებობს გელი, რომელსაც სტომატოლოგი იყენებს ჩვენების მიხედვით და არსებობს გელი, რომლის მოხმარებაც სახლის პირობებშიც შესაძლებელია. თუ ჩვენ ვატყობთ, რომ პაციენტთან კარიესული დაზიანებების რისკი მაღალია, ენიშნება კბილების გამაჯანსაღებელი გელი. ამ გელს სტომატოლოგი წმენდის შემდეგ ნიშნავს და მშობელმა აუცილებლად ყურადღებით უნდა შეასრულოს ეს მითითება მომდევნო ერთი თვის განმავლობაში. აღნიშნული გელი უზრუნველყოფს ძლიერ კბილებს, რადგან მინანქარი მისით არის გაჟღენთილი. აღნიშნული გელები ჩვენს ბაზარზე მრავლად არის, მაგალითად, არსებობს გელი, რომელიც შეიცავს კალციუმს, აქვეითებს მგრძნობელობას და აძლიერებს კბილებს, მაგრამ მნიშვნელოვანია, როდის დავნიშნავთ მას, რადგან, რა თქმა უნდა, 2 წლის ბავშვს ვერ დავუნიშნავთ გელს, რომლის გადაყლაპვაც არ შეიძლება. არ შეიძლება პატარას ჰიგიენური საშუალებები მხოლოდ აფთიაქში კონსულტაციის შედეგად დავუნიშნოთ. წელიწადში ერთხელ სტომატოლოგთან ვიზიტი ოქროს წესია, რადგან სწორედ ინდივიდუალური, პაციენტზე მორგებული მიდგომა ქმნის ხარისხს და სამომავლოდ უზრუნველყოფს იმას, რომ პაციენტს არ შეაწუხებს დაზიანებული კბილები, რისი მკურნალობაც საკმაოდ დიდ ბიუჯეტთან არის დაკავშირებული.

კბილების სპეციალური წმენდა მაინც საჭირო და აუცილებელია თუ ჩვენ არაჩვეულებრივად ვიცავთ ჰიგიენის ნორმებს?

წმენდის პროცედურა მნიშვნელოვანია, რადგან შეუძლებელია პირადი ჰიგიენის დროს ის ნადები მოშორდეს, რასაც სტომატოლოგი პროფესიული წმენდისას აშორებს.

რა საკვებია კბილებისთვის სასარგებლო და რა საზიანო?

კბილებს უხდება ყველაფერი, რაც ორგანიზმს უხდება, ჯანსაღი საკვები, ხილი, ბოსტნეული, ხორცი. გაგიკვირდებათ და კარგია ხორცი, რომელიც არ არის დაბლენდერებული, რადგან ღეჭვის პროცესი ყბა-კბილთა სისტემის განვითარების მნიშვნელოვანი ნაწილია, ასევე კარგია კბილთა თვითწმენდისთვის და ყბების სწორი ჩამოყალიბებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია ძუძუთი კვებაც, ამ დროს ასაკობრივად ხდება ყბების და მუსკულატურის განვითარება. სასარგებლო პროდუქტებში შემიძლია აღვნიშნო ნაყინიც, რომელიც ასევე რეკომენდებულია, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ტკბილია, მასში წყლის რაოდენობა ისეთია, რომ არ იწვევს კარიესს.

არასასურველ პროდუქტებში შემიძლია ჩამოვთვალო ყველა ის პროდუქტი, რაც ბავშვებს უყვართ, განსაკუთრებით, საწუწნი კანფეტები, კანფეტები, რომელთაც წებოვანი თვისებები აქვთ და დიდხანს რჩება კბილებზე. ასეთი კანფეტების სიტკბოს ინტენსივობა ფაქტობრივად არ იკარგება. ყოველთვის ვამბობ, რომ მნიშვნელოვანია შიდა წესის შექმნა და ამ ტკბილეულის მოხმარებისთვის ერთი დღის დაწესება. ტკბილეული არ უნდა იყოს დანაწევრებული და აუცილებლად წყლით უნდა ჩავანაცვლოთ ყველა ის სასმელი, რასაც ბავშვი იღებს. კრიზისულია 2 წლიდან 4 წლამდე და 5-დან 7 წლამდე პერიოდი, როდესაც ამოჭრილი კბილები ახალშობილის კანივით არის და მისი დაცვა და ფარი მხოლოდ ნერწყვია. ნერწყვი არის დამცავი, რომლის საშუალებითაც მინერალებითაც იკვებება კბილი, ამიტომ თუ ჩვენ ნერწყვში მჟავე არეს არაერთხელ წარმოვქმნით, თავისი ტუტე არეთი განეიტრალება, რა თქმა უნდა, გაუჭირდება. შესაბამისად, თუ მიხვდით, რომ თქვენმა პატარამ საკმაოდ ბევრი ტკბილი კანფეტი მიირთვა, წყალი დაალევინეთ. ზოგადად, რაც უფრო გვიან გასინჯავს ტკბილს, მით უფრო კომფორტულია ყველასთვის. მოგეხსენებათ, შაქრის დიდი რაოდენობა წონის პრობლემებსაც იწვევს.

მნიშვნელოვანია, რომ პატარას კვება იყოს განსაზღვრული და რეგულარული, საუზმეს, სადილს და ვახშამს შორის არ უნდა იყოს დაუსრულებელი „ცმუცნაობები“. მნიშვნელობა არ აქვს ტკბილი ღვეზელი ბებიამ გამოაცხო თუ შეიძინეთ, ნახშირწყლების შემცველი პროდუქტები კარიესის გამომწვევია, ამიტომ მკაცრად განსაზღვრეთ კვების დრო.

ნაყინი სასარგებლოა კბილებისთვის თუ უბრალოდ არ არის მავნებელი?

არ არის მავნებელი. ვიცით, რომ მარტივი არ არის ბავშვს ტკბილი ავუკრძალოთ, ამიტომ რაღაცით ხომ უნდა გავანებივროთ. აღსანიშნავია, რომ არსებობს ქსილიტზე დამზადებული საწუწნი კანფეტები და შოკოლადები, რომელთაც შეგიძლიათ, რომ მიანიჭოთ უპირატესობა. თავის იმით დამშვიდება, რომ კბილები იცვლება, არასწორია, რადგან კბილების გარკვეული ჯგუფი 10 წლამდე არ იცვლება და მათი 10 წლამდე შენარჩუნება ყბების განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

რა შეიძლება გახდეს ყვითელი ნადების ან შავი ლაქების წარმოქმნის მიზეზი, როგორ შეიძლება მათი მოშორება ან თავიდან არიდება?

სიყვითლე შეიძლება იყოს ნადები, შეიძლება იყოს არაკარიესული დაავადება და სიყვითლე და მოთეთრო ლაქები შეიძლება იყოს კარიესის საწყისი. ასეთ დროს ისევ და ისევ სტომატოლოგი გვჭირდება, რადგან ვერ დავიწყებთ მარჩიელობას დიაგნოზთან დაკავშირებით. თუ ეს უბრალოდ ყვითელი ნადებია, რა თქმა უნდა, პროფესიული წმენდით იდეალურად მოშორდება, მაგრამ პროფესიულ წმენდას შემდგომ პირადი ჰიგიენა და მშობლის მხარდაჭერა სჭირდება.

ბავშვები ხარისხიანად ვერ ასრულებენ ხეხვის პროცედურას მანამ, სანამ მანუალური ჩვევები არ განუვითარდებათ, სანამ არ ისწავლიან თასმების შეკვრას, წერას და ა.შ. მე მესმის, რომ მშობლებიც ძალიან დაკავებულები ვართ, მაგრამ დილა-საღამოს ხეხვის პროცედურებიდან შეგვიძლია, რომ საღამოს დავეხმაროთ მათ და იდეალურად შევასრულოთ ეს პროცესი.

სტომატოლოგმა კბილები შეიძლება 3 თვეში ერთხელ გაწმინდოს, მეტი ადრე ვერ ჩაერევა. არსებობს ძალიან კარგი რამ, ნადების ინდიკატორი, რომლის გამოვლების შემდეგაც ნადები ლურჯად ან იასამნისფრად იღებება, ასეთი ფერის კბილებით კი ბავშვი გარეთ ვერ გავა და იძულებული ხდება, რომ ეს ნადები მოიშოროს, ეს ერთგვარ მოტივაციას აძლევს. არსებობს ჰიგიენის სხვადასხვა საშუალებები, სხვადასხვა გემოებით, რაც ერთგვარი წახალისებაა. რაც შეეხება შავ ლაქებს, ე.წ. პრისლის ნადებს, ეს არის აქტინომიცეტის ჭარბი რაოდენობა ნერწყვში. ის აქტიურდება მაშინ, როდესაც ბევრი ნერწყვია, ნერწყვი კი მაშინ არის ბევრი, როდესაც კბილები ამოიჭრება. შესაბამისად, მას ახასიათებს პაუზები, როდესაც სამ წელზე დასრულდება ამოჭრა, ხუთ წლამდე ისე უთეთრდებათ კბილები და უმცირდებათ წერტილები, რომ მშობლები გაკვირვებულები არიან. 5 წლის შემდეგ ისევ იწყება ეს პროცესი, რადგან ისევ ცვლის და ამოჭრის პერიოდია. საბოლოოდ ეს ნადები დაახლოებით 10 წელზე ლაგდება და შემდეგ იშვიათად იჩენს თავს, მაგრამ ნადების მოშორება პროფესიული ჩარევის გარეშე შეუძლებელია. აქ ჩნდება კითხვა, უნდა მოვაშოროთ თუ არა ეს ყველაფერი, უნდა მოვაშოროთ, მართალია ეს არ არის კარიესი, არ იწვევს კარიესს, მაგრამ მისი ხაოიანი ზედაპირი ხელს უწყობს მიკრობების და ნადების დაგროვებას. ეს ყველაფერი კი, რა თქმა უნდა, ბავშვის თვითშეფასებაზეც აისახება.

რაზე მიუთითებს ადრეულ ასაკში განვითარებული კარიესი, რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?

ადრეული კარიესი ძირითადად არასრულფასოვან ორსულობის პროცესთან, მუცლადყოფნის პერიოდში მინერალების დეფიციტთან, 0-დან 3 წლამდე არასწორად ან სწორად მართულ დაავადებებთან და ხშირ შემთხვევაში კვების რეჟიმთან არის დაკავშირებული. ძალიან ხშირია ბავშვებისთვის დამტკბარი სითხეების საწოვარათი მიცემა, რა დროსაც ჩნდება კარიესი, რასაც ბოთლისმიერი კარიესი ეწოდება. ბოთლისმიერი კარიესის დროს მშობლები ხშირად აღნიშნავენ, რომ ბავშვს დაზიანებული კბილი ამოუვიდა. ასეთ დროს მხოლოდ ზედა ყბაზეა დაზიანებული კბილები, ძირითადად ესენია საჭრელი და წინა კბილები, ქვედა კბილები კი ფაქტობრივად ჯანმრთელია, რადგან წოვის პროცესის დროს ენა ეფარება ქვედა ყბას, კბილებს და იცავს მათ.

აღსანიშნავია, რომ კარიესი პირით სუნთქვის პრობლემამაც შეიძლება გამოიწვიოს. სუნთქვის სწორი პროცესი, ცხვირით სუნთქვა ძალიან მნიშვნელოვანია. პირით სუნთქვის დროს მშრალი პირის ღრუ კარიესის მაპროვოცირებელია. ენის არასწორი მდებარეობა კი ყბების არასწორ განვითარებას იწვევს. არსებობს ორთოპედიული გვირგვინები მათ დასაბჟენად და ვიზუალური მხარის აღსადგენად ვიყენებთ, მაგრამ მათ ძალიან ხშირად კარგავენ ბავშვები. გაგიკვირდებათ და ბავშვთა პროთეზებიც კი არსებობს. პროთეზი საჭირო ხდება, რადგან ზოგჯერ ბავშვებს 2 წლის ასაკში უკვე დაკარგული აქვთ ის კბილები, რომელთაც 6 წელზე იცვლიან და ეს 4 წელი ხომ უნდა იყვნენ ვიზუალურად, ესთეტიკურად და ფუნქციურად ჯანმრთელები. მოგეხსენებათ, კბილები, რომლებიც წინა ნაწილშია დიქციაზეც მოქმედებს. ყველა გამომწვევ მიზეზს ხაზად გასდევს ნახშირწყლები, რადგან შეუძლებელია ბავშვი მოიხმარდეს ნახშირწყლებს და მისი პირის ღრუ იყოს ჯანმრთელი. მშობლები ხშირად ამბობენ, რომ ისინიც იგივე საკვებით იკვებებიან, რითაც ბავშვი, მაგრამ პრობლემა მხოლოდ ბავშვს ექმნება. ეს იმიტომ, რომ მუდმივი კბილებისგან განსხვავებით, სარძევე კბილების მაგარი ქსოვილი ბევრად თხელია და ბევრად ადვილად შემავალია კარიერული ინფექციისთვის. შესაბამისად, კარგი კვების რეჟიმი და ჰიგიენა უმნიშვნელოვანესია.

ასევე უნდა ვაკონტროლოთ, თუ როგორ აქვს ბავშვს მინერალები, რადგან ძალიან ხშირია D-ვიტამინის დეფიციტი, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია კბილების შენებისთვის. D-ვიტამინი და კალცი ძალიან აუცილებელია კბილებისთვის. კბილებზე მოქმედებს ფტორის არასწორი რაოდენობაც, ამიტომ პედიატრმა უნდა აკონტროლოს ბავშვის კვების და წყლის მიღების რეჟიმი. აუცილებლად უნდა მივმართოთ სტომატოლოგს თუ ადრეულ ასაკში შევნიშნავთ კარიესს. თუ კარიესის პრობლემა მუცლადყოფნის პერიოდიდან მოდის, ამას, რა თქმა უნდა, ვერ შევცვლით, ამიტომ აქ უკვე მინერალიზაციის პროცესი ერთვება. 6 თვეში ერთხელ ვიბარებთ ბავშვს, ვუტარებთ პროფესიულ წმენდას და მინერალიზაციას გელით. რაც შეეხება მუდმივ კბილებს, არსებობს ასეთი თანამედროვე მეთოდი, რომლის დროსაც ჭავლოვანი აპარატით ხდება წმენდა და ფისურების ჰერმეტიზაცია. ფისურები ეს არის ჩანაჭდევებიანი ზედა რელიეფი. ეს ერთჯერადი პროცედურაა და მომართვა თავის დროზეა აუცილებელი და არა მაშინ, როდესაც კარიესი გაჩნდება. სტომატოლოგთან სისტემატური ვიზიტები სწორედ იმ კომფორტს ქმნის, რომ ხდება აღნიშნული პრობლემების პრევენცია. ჩვენ კლინიკაში ასეთი პროგრამაც კი გვაქვს „პრევენცია მკურნალობის ნაცვლად“. ასეთ დროს ბავშვი სტომატოლოგის მეურვეობაშია და როგორც აცრებთან დაკავშირებით ურეკავენ მშობლებს და აფრთხილებენ, რომ გეგმური აცრა უწევს ბავშვს, ასე უკავშირდებიან ამ პროგრამაში ჩართულ ბავშვებს და ახსენებენ, რომ მათ სტომატოლოგთან გეგმური ვიზიტი უწევთ, რა დროსაც უტარდებათ ყველა ის პროცედურა, რაც ზევით ჩამოვთვალე. ამ გეგმურ პროცედურებზე ძალიან უმტკივნეულოდ, კომფორტულად და ხარისხიანად ხდება პრობლემის მოგვარება. თუ ჩვენი პრიორიტეტი პრევენცია იქნება, უფრო მეტად ჯანმრთელები ვიქნებით.

რა დროს ხდება ბრეკეტი აუცილებელი და რა ასაკშია ყველაზე ეფექტური მათი მოხმარება?

პირველ რიგში, უნდა აღვნიშნო, რომ ორთოდონტიული მკურნალობა მხოლოდ ბრეკეტ-სისტემას არ გულისხმობს. თანამედროვე ორთოდონტიამ შექმნა ისეთი ფუნქციური დამხმარე აპარატები, რომელთა გამოყენებითაც ძალიან მარტივად გვარდება პრობლემა და  საუკეთესო შედეგი მიიღება. აქაც, როგორც ყოველთვის, ხარისხიანი დიაგნოსტიკა მნიშვნელოვანია. დიაგნოზის დასმის შემდეგ ტარდება შესაფერისი აპარატურული მკურნალობა. აუცილებელია, რომ ორთოდონტიული მკურნალობა 6-7 წლის ასაკში პირველი კონსულტაციით დაიწყოს, რადგან სწორედ ამ დროს ხდება ისეთი ანომალიების აღმოჩენა, რომელთა მართვაც 15-16 წლის ასაკში საკმაოდ რთულია. თანამედროვე ორთოდონტიამ შექმნა ინვიზალაინი, გამჭვირვალე კაპები, რომელიც დიდ ასაკშიც კეთდება და ადრეულ ასაკშიც.  ადრეულ ასაკში „invisalign first“ გამოიყენება. ეს არის ახალი სიტყვა ორთოდონტიაში, გამჭვირვალე კაპები ფაქტობრივად ანაცვლებს უამრავ აპარატს და ასწორებს კბილებს. გასწორებას მაქსიმუმ წელიწადი სჭირდება, დიაგნოზიდან გამომდინარე შეიძლება ნაკლები დროც კი დასჭირდეს. ბრეკეტ-სისტემაც ასევე მოზრდილობის ასაკამდე, დაახლოებით 12-დან 15 წლამდე უფრო ეფექტურია. ჩვენების მიხედვით შეიძლება 6-7 წელზეც გაკეთდეს, იმ შემთხვევაშიც კი თუ ჯერ ყველა კბილი მოცვლილი არ არის. გარკვეული სისტემით და ბრეკეტების გარკვეული რაოდენობით ხდება კონკრეტული პრობლემის კორექცია, რაც შემდგომ დიდობაში ან საერთოდ გამორიცხავს ბრეკეტებით მკურნალობას ან ბევრად მარტივად სამართავს ხდის პროცესს. ბრეკეტებისთვის შეზღუდული ასაკი არ არსებობს, მთავარია სწორი იყოს კვლევა, დიაგნოზი და მკურნალობა. დიდ ასაკში უკვე იმ სირთულეს ვაწყდებით, რომ ყბა-კბილთა ჯამური პრობლემა არის და არა მხოლოდ კბილთა დგომის, არის ყბების არასწორი შეთანასოვნება, რომელიც ძალიან მარტივად მოგვარებადი იქნებოდა 6-7 წლის ასაკში. თუ მშობელი ამჩნევს, რომ რომელიმე ყბა მეტად განვითარებულია ან არის ჩამორჩენა, უნდა მიმართოს სპეციალისტს, რადგან არსებობს თანამედროვე აპარატი, ტრეინერები, რომელთა შერჩევაც დიაგნოზის შედეგად ხდება.

თქვენი კლინიკა მომხმარებელს მუდმივად სთავაზობს ინოვაციებს. ამჯერად რა მნიშვნელოვანი სიახლეები შეგიძლიათ გაგვიზიაროთ?

ბავშვებთან მიმართებაში აღვნიშნავ წმენდის ახალ ტექნოლოგიას, რომელიც ფაქტობრივად უმტკივნეულოა. ეს აპარატი იმდენად კომფორტულია ბავშვისთვის, რომ უკვე 3 წლიდან შეგვიძლია ჩავატაროთ ხარისხიანი წმენდა. მნიშვნელოვანია ის მინერალიზაციის ეტაპებიც, რაზეც უკვე ვისაუბრეთ. ორთოდონტიულად მნიშვნელოვანი და აღსანიშნავია ინვიზალაინი, გამჭვირვალე კაპები. ასევე არის სკანირების აპარატი, რომელიც ერთგვარი ეკრანის მეშვეობით ანიმაციურ სურათს გვაჩვენებს. მოგეხსენებათ, აქამდე კეთდებოდა ანაბეჭდის აღება, რაც პირის ღრუში სილიკონის მოთავსებით ხდებოდა. ეს პროცესი ცოტა ტრავმული იყო და არც ზუსტ სურათს იძლეოდა. სკანირების საშუალებით ეკრანზე კბილების გადაადგილებაც შესაძლებელია, რომ მშობელს ვანახოთ ის, თუ რა შედეგს ველით. შეგვიძლია დავათვალიეროთ ყველა კბილი, აღმოვაჩინოთ კარიესები. ნადების უკეთესად დასანახად შეგვიძლია კბილები განვაცალკეოთ. შეგვიძლია ეს დასკანერებული სურათი გადავაგზავნოთ ლაბორატორიაში, რომ ამის მიხედვით დაამზადონ აპარატი. ეს ძალიან დიდი დახმარებაა თანამედროვე სტომატოლოგიაში, რადგან ძალიან კომფორტულია მისი გამოყენება და თვალსაჩინო სურათსაც იძლევა.