როგორი უნდა იყოს კვების რაციონი დიაბეტისა და ჭარბი წონის დროს - ლაშა უჩავას რეკომენდაციები გადაცემაში ,,სტუმრად ექიმთან"

გადაცემის ლაივი LIVE

14 ნოემბერს მსოფლიომ დიაბეტის საერთაშორისო დღე აღნიშნა. როგორ უნდა იკვებებოდნენ ადამიანები ამ დიაგნოზით და შესაძლოა თუ არა, არასწორი კვება გახდეს დიაბეტის განვითარების მიზეზი?! საინტერესო თემაზე გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ ექიმი-ენდოკრინოლოგი ლაშა უჩავა საუბრობს

-ლაშა, დიდი მადლობა მობრძანებისათვის. პირველ შეკითხვას ტიპი ორი დიაბეტის შესახებ დაგისვამთ. არსებობს თუ არა ადამიანების კატეგორია, რომელიც შედარებით უფრო დიდი რისკის ქვეშაა, რომ ტიპი ორი დიაბეტი განუვითარდეს?

ლაშა უჩავა: მადლობა მოწვევისათვის. ძალიან საინტერესო კითხვაა. დიახ, რასაკვირველია არსებობს ადამიანთა ჯგუფი, ვინც ტიპი ორი დიაბეტის განვითარების რისკ-ჯგუფში იმყოფება. პირველ რიგში ეს არიან ადამიანები, ვისაც აქვს გენეტიკური განწყობა. მაგალითად, თუ ოჯახურ ანამნეზში არის დაფიქსირებული ტიპი ორი დიაბეტი, თუ ის ჰქონდა თუნდაც არა დედ-მამას, არამედ ბებიას, ბაბუას, მამიდას, დეიდას, ასეთ ადამიანს გენეტიკაში მაინც აქვს განწყობა და გარკვეული ზომები უნდა მიიღოს იმისათვის, რომ დიაბეტი არ განუვითარდეს. ხშირად მსმენია პაციენტებისაგან, რომ მათი ოჯახის წევრს კი ჰქონდა დიაბეტი, მაგრამ ის შეძენილი იყო.

სამწუხაროდ შეძენილი დიაბეტი არ არსებობს. თუ ადამიანს არ აქვს გენეტიკური წინასწარგანწყობა, ის როგორც არ უნდა იკვებოს, როგორც არ უნდა ინერვიულოს ან წონაში მოიმატოს, მაინც არ დაავადდება ტიპი ორი დიაბეტით. გარდა გენეტიკისა, მნიშვნელოვანი რისკ-ფაქტორია სიმსუქნე. ცნობილია, რომ ტიპი ორი დიაბეტით დაავადებული ადამიანების 80%-ს აქვს ჭარბი წონა ან აწუხებს სიმსუქნე, რაც ჩვენი საუკუნის დაავადებაა. მას მსოფლიოს მოსახლეობის 40% ებრძვის. გარდა გენეტიკური განწყობისა და სიმსუქნისა, ცხადია არსებობს სხვა მაპროვოცირებელი ფაქტორებიც, რაც ხელს უწყობს ტიპი ორი დიაბეტის განვითარებას. მათ შორის არის ხანგრძლივი ნერვული სტრესი, რომელმაც გენეტიკური განწყობის ფონზე შეიძლება გამოიწვიოს მისი განვითარება.

ახლა მსოფლიოში პანდემია მძვინვარებს და არ შეგვიძლია არ აღვნიშნოთ, რომ დიაბეტით დაავადებული ადამიანები არიან როგორც კოვიდ-19-ით, არამედ ნებისმიერი ვირუსით ინფიცირების მაღალ რისკ-ჯგუფში. ცხადია ეს ეხება გრიპს და სხვა სეზონურ ვირუსებს. მინდა დავამატო ისიც, რომ საზოგადოებაში მუსირებს აზრი, თითქოსდა კოვიდი იწვევს დიაბეტის გაჩენას. ეს ასე არ ხდება. შესაძლოა კოვიდმა უბრალოდ გამოავლინოს დიაბეტი, გენეტიკური წინასწარგანწყობის ფონზე. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ზოგ პაციენტს, რომელიც ხანგრძლივად გადის მკურნალობას სტაციონარში და გადის სპეციალურ თერაპიას კორტიკოსტეროიდებით, შესაძლოა დროებით მოემატოს შაქრის მაჩვენებლები სისხლში, თუმცა ეს დროებითია და არ ნიშნავს, რომ პაციენტს დიაბეტი აქვს. ეს არის მხოლოდ მედიკამენტით გამოწვეული დიაბეტი, რომელიც მკურნალობის დასრულების შემდეგ ნორმაში დგება და ქრონიკული ფორმა არ აქვს.

 -ლაშა, საინტერესოა რას გვეტყვით დიაბეტის სიმპტომებზე. მე პირადად ხშირად მსმენია, რომ ტიპი ერთი დიაბეტის შემთხვევაში სიმპტომები ელვის სისწრაფით ვლინდება, ტიპი ორი დიაბეტის გამოვლენა კი ხშირად საერთოდ შემთხვევით ხდება. მართლაც ასეა თუ არა ეს?

ლაშა უჩავა: აბსოლუტურად მართალია. ტიპი ორი დიაბეტი სწორედ იმიტომ არის ვერაგი დაავადება, რომ იგი ხშირად მხოლოდ პირველი გართულებისას ვლინდება და ადამიანმა შეიძლება წლები იცხოვროს შაქრის მაღალი მაჩვენებლებით. იმ შემთხვევაში, თუ ის პერიოდულად კვლევას არ იკეთებს, შესაძლოა ვერც მიხვდეს, ისე ატარებდეს მაღალ შაქარს სისხლში. პაციენტმა შესაძლოა მხოლოდ მაშინ გაიგოს, რომ დიაბეტი აქვს, თუ ინსულტი, ინფარქტი ან გულ-სისხლძარღვთა სხვა დაავადება გამოუვლინდა, ან მხედველობა დააკლდა და ოფთალმოლოგთან მოუწია მისვლა, რადგან დიაბეტი მხედველობაზეც მოქმედებს. სიმპტომები რიგ შემთხვევებში არის ისეთი, რაც ყოველდღიურად სხვა რამეს დავაკავშიროთ. მაგალითად წყურვილი მარილიანი საკვების მიღებას, ხშირი შარდვა გაციებას და ა.შ.

თუ სახეზეა სიმსუქნე, პირის სიმშრალე, მხედველობის დაქვეითება, ხშირი შარდვა ღამით, წონის უეცარი კლება კვებითი შეზღუდვების გარეშე, ანუ სიმპტომების ერთობლიობა, ბუნებრივია, რომ შაქრიანი დიაბეტზე უნდა მივიტანოთ ეჭვი, უფრო კონკრეტულად ტიპი ორ დიაბეტზე.

ხშირად ხდება, რომ პაციენტს, რომელსაც შაქრიანი დიაბეტი აქვს, ეზრდება მოთხოვნილება ტკბილეულზე. ეს იმიტომ ხდება, რომ ორგანიზმში ჰიპერინსულინემიის ფონზე ჰიპერგლიკემია ვითარდება, ანუ მაღალი ინსულინის ფონზე მაღალი შაქრის ციფრები არის წარმოდგენილი. ამ დროს მაღალი ინსულინი ზრდის ტკბილზე მოთხოვნილებას, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ინსულინი არის ორგანიზმში, ის თავის ფუნქციას ვერ ასრულებს და გლუკოზა მაღალი რჩება. იმისათვის, რათა ინსულინმა გლუკოზაზე იმოქმედოს, საჭიროა სპეციფიკური რეცეპტორები, რომლებიც კუნთზე, ღვიძლზე და მუცლის ცხიმის წინა ზედაპირზე არის განლაგებული .მსუქან ადამიანებში ეს რეცეპტორები მთლიანად იფარება ცხიმით, მათ უვითარდებათ ღვიძლის გაცხიმოვნება, კუნთიც იფარება ცხიმით და ის სპეციფიკური რეცეპტორები, რომლების საშუალებითაც ინსულინს გლუკოზაზე მოქმედება შეუძლია, ცხიმით იფარება. შესაბამისად, ინსულინი თავის ფუნქციას ვერ ასრულებს. ის რჩება დიდი რაოდენობით სისხლში და ამიტომ მაღალ შაქართან ერთად ტკბილზე მოთხოვნილება რჩება. ეს არის ტიპი ორი დიაბეტის საწყისი ვარიანტი, ამიტომ წონა ამ დროს ქვემოთ არ მიდის. როგორც ხედავთ, სავსებით ლოგიკურია, რომ სიმსუქნე დიაბეტის განვითარების ერთ-ერთი წინაპირობაა. ზოგადად, ჰორმონები ერთმანეთთან კავშირშია. ზოგის კავშირი პირდაპირია, ზოგს უკუკავშირი ახასიათებს, თუმცა ინსულინს და გლუკოზას არ აქვთ ეს შემხებლობა. ინსულინი ასრულებს თუ არა თავის ფუნქციას, ამას ორგანიზმი ვერ აღიქვამს.ის მხოლოდ იმას აღიქვამს, რომ გლუკოზის დონე მაღალია, შესაბამისად გლუკოზის მიღების ფონზე პანკრეასის ბეტა უჯრედები გამუდმებით მუშაობენ, რათა საჭირო ოდენობის ინსულინი გამოიმუშაონ. ექიმები ამას მათრახისებრ ეფექტს ვუწოდებთ, რადგან  უჯრედებსაც ისევე გამოელევათ ძალა მუდმივი მუშაობის ფონზე, როგორც ცხენს, რომელსაც მათრახის ცემით აიძულებენ ირბინოს. შედეგად დაიწყება ინსულინის დონის ნელ-ნელა დაქვეითება და არსებობენ ისეთი პაციენტებიც, სადაც უკვე ინსულინოთერაპია ხდება აუცილებელი. ასეთ დროს ტიპი ორი დიაბეტი ემსგავსება ტიპი ერთს, რადგან ინსულინი არის უკვე სასიცოცხლო ჩვენება.

-ლაშა, სოციალურ ქსელებში მუდმივად კითხულობენ, თუ როგორია გლუკოზის ნორმალური მაჩვენებელი სისხლში…

ლაშა უჩავა: უზმოზე ეს მაჩვენებელი 70-100-ის ფარგლებში უნდა იყოს. თუმცა უზმოში იგულისხმება მინიმუმ ბოლო 10 საათი უზმოდ ყოფნა. ჭამის შემდეგ მაჩვენებელი 120-160-ის ფარგლებშია, ძირითადად 140-160-ის ფარგლებში. თუმცა უნდა ითქვას, რომ ზოგჯერ ტიპი ორი დიაბეტის საწყის ფონზე შეიძლება უზმოზე რიცხვები სრულ ნორმაში იყოს, ჭამიდან ორი საათის შემდეგ კი მაჩვენებელი იყოს მაღალი, მაგალითად 180 ან 200. ასე რომ, თუ გვინდა დავრწმუნდეთ, რომ არ გვაქვს დიაბეტი, შაქრის დონე უნდა გაიზომოს როგორც 10 საათი უზმოდ ყოფნის შემდეგ, ასევე ჭამიდან ორ საათში.

-აუცილებლად უნდა ვისაუბროთ ტკბილეულის შესახებ. ვიცით,რომ არსებობს ძალიან მავნე ტკბილეული და შედარებით უწყინარი ტკბილეული, რომლის მირთმევის ნებასაც ექიმები ყველაზე რთულ პაციენტებსაც კი აძლევთ ხანდახან. თუმცა ამ ეტაპზე მინდა გკითხოთ უშუალოდ მოზარდებზე. შესაძლებელია თუ არა, რომ ბავშვობასა და მოზარდობაში ტკბილეულის დიდი რაოდენობით ჭამამ 18 წლის ასაკის შემდეგ შაქრიანი დიაბეტი ტიპი ორის განვითარება გამოიწვიოს?

 ლაშა უჩავა: სამწუხაროდ მინდა აღვნიშნო, რომ ამისი რისკი არა მხოლოდ 18 წლის ზემოთ, არამედ იქამდეც არსებობს. დღესდღეობით ამ დიაგნოზით საკმაოდ ბევრი პაციენტი გვყავს და მათი ასაკი 12-14 წელიც კი არის ზოგ შემთხვევაში. სამწუხაროა, რომ სწორედ მავნე ტკბილეულმა და ფასტ-ფუდმა ბავშვთა პოპულაციაშიც გაზარდა სიმსუქნის განვითარების შემთხვევები, რაც შაქრიანი დიაბეტი ტიპი ორის განვითარების ერთ-ერთი უმთავრესი რისკ-ფაქტორია. ადრე ითვლებოდა, რომ ახალგაზრდებს არ შეიძლებოდა ჰქონოდათ შაქრიანი დიაბეტი ტიპი ორი და 25 წლამდე ყველა დიაბეტი ტიპი 1 იყო, ახლა კი ასე აღარ არის და იმ სპეციფიკური ანალიზის ჩატარება, რომლითაც დგინდება, თუ რომელი ტიპის დიაბეტთან გვაქვს საქმე, 12 წლის პაციენტთანაც გამხდარა საჭირო. სამწუხაროდ, ეს დაავადებაც გაახალგაზრდავდა, ამიტომ გეტყვით რომ კი, უზომო რაოდენობით ტკბილეულის მიღებამ და ზოგადად არასწორმა კვებამ შესაძლოა ძალიან ადრეულ ასაკშიც გააჩინოს ეს პრობლემა.

-და მაინც, რას გვეტყვით კვებაზე? რა კვებითი რეკომენდაციებია ზოგადად იმ ადამიანებისათვის, ვისაც მხოლოდ ჭარბი წონა აქვს და იმათთვის, ვისაც შაქრიანი დიაბეტიც აქვს?

ლაშა უჩავა: დიდი განსხვავება არ არის თუ არ ჩავთვლით იმას, რომ იმ ადამიანებს, ვისაც შაქრიანი დიაბეტი არ აქვთ, ხანდახან დიეტის დარღვევა შეუძლიათ. მაგალითად, იშვიათი გამონაკლისის სახით მათ შეუძლიათ მიიღონ ალკოჰოლი ან ტკბილეული. ეს შესაძლოა რაღაც დოზით დავუშვათ სიმსუქნით დაავადებულ ადამიანებში, თუმცა არა შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებთან. ყველაზე ცუდი შაქრიან დიაბეტს ის აქვს, რომ პაციენტი ექვსი თვეც რომ ზედმიწევნით იცავდეს დიეტას და ერთ დღეს დაარღვიოს, თუ იმ დღეს შაქრის ციფრები ავა იმაზე მაღლა, ვიდრე რეკომენდებულია, ამასაც კი ძალიან დიდი ზიანის მოტანა შეუძლია. რასაკვირველია, თანამედროვე მედიცინა აქტიურად მუშაობს ამ პრობლემის გადაჭრაზე,მიმდინარეობს უამრავი კვლევა, მათ შორის განიხილება ღეროვანი უჯრედების საშუალებით მკურნალობა,ხელოვნური პანკრეასის შექმნა და ა.შ, თუმცა მე მგონია, რომ ტიპი ორი დიაბეტის სამართავად საუკეთესო ხერხი კიდევ კარგა ხანს იქნება სწორი კვება, დიეტის დაცვა და ექიმის დანიშნულების შესრულება.

 -ცხადია, ყველაფერი ინდივიდუალურია, თუმცა თუ შეგიძლიათ გვითხრათ მიახლოებითი რაციონი, თუ როგორ უნდა იკვებოს დიაბეტი ტიპი ორით დაავადებული ადამიანი?

ლაშა უჩავა: კვებასა და კვებას შორის უნდა იყოს დაახლოებით 3-4 საათიანი ინტერვალები.კვება უნდა იყოს გადანაწილებული, 3 ძირითადი კვება: საუზმე, სადილი და ვახშამი და 2 დამატებითი ხემსი, თუმცა მესამეც არის შესაძლებელი იქიდან გამომდინარე, თუ რა ცხოვრების რეჟიმი აქვს პაციენტს. სადღაც 9 საათზე შესაძლოა დღე დავიწყოთ საუზმით, რომლის დროსაც თითქმის ყველა ტიპის პროდუქტის გამოყენება შეიძლება გარკვეული ზომიერებით. 12 საათზე უწევს უკვე ხემსი: ხილი ან ბოსტნეული, ან რძის პროდუქტი. 3 საათზე მოდის სადილი, სადაც აუცილებლად უნდა იყოს ცხოველური ცილა, ანუ ხორცი, კვერცხი ან თევზი, ასევე უჯრედისი, ანუ ბოსტნეული და ბურღულეული,ანუ ბრინჯი, წიწიბურა, მჭადი ან პური, ცხადია ზომიერების ფარგლებში. 6 საათზე არის მეორე ხემსი; ბოსტნეული, ხილი ან რძის ნაწარმი. საღამოს ვახშამი უნდა იყოს მსუბუქი. შეიძლება მივირთვათ რძის პროდუქტი, წიწიბურა , პურის ნაჭერი ან ბოსტნეული და ამით უნდა დასრულდეს დღე. არსებობს ხილი, რომლის ჭამაც დიაბეტიან ადამიანს აკრძალული აქვს. ეს არის ნესვი, ლეღვი, ყურძენი, მსხალი, კარალიოკი და ხურმა, ასევე ბანანი. ბოსტნეულში ბევრი შეზღუდვა არ არის, უნდა მოვერიდოთ ერთზე მეტი ბულგარული წიწაკის ჭამას დღეში, სტაფილო და ჭარხალი კი ცალკე უნდა მოვხარშოთ და წვნიანში ისე ჩავამატოთ. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ყველაფერი უნდა იყოს უშაქროდ და უმარილოდ , გარდა ამისა, დღის განმავლობაში 2 ლიტრი წყალი უნდა მივირთვათ. უშაროში და უმარილოში ვგულისხმობ უშაქრო და უმარილო საკვებს და არა ცოტა მარილით ან შაქრით შეზავებულს, რადგან სამწუხაროდ დიაბეტიანი ადამიანისათვის ცოტა მარილი და შაქარი არ არსებობს, ნებისმიერი რაოდენობა ბევრია.