უშვილობის მიზეზები და აუცილებელი კვლევები ქალებისთვის - წამყვანი ექიმების რეკომენდაციები

რა შეიძლება გახდეს უშვილობის მიზეზი, რა სახის ინფორმაციის მოცემა შეუძლია რადიოლოგიურ კვლევას უშვილობის დიაგნოზის დროს, შესაძლოა თუ არა გამოვყოთ  მარტივად ალაგებადი მიზეზები და ვისაუბროთ რთულ შემთხვევებზე, რა დროს ინიშნება შვილოსნობის პრობლემების დროს მედიკამენტოზური მკურნალობა და რა დროს დგება სხვა ტიპის ჩარევების აუცილებლობა. ამ და სხვა საინტრესეო თემებზე გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ ჩაჩავას კლინიკის ექიმებმა, მეან-გინეკოლოგმა მაკა ჩიქოვანმა და ექიმმა-რადიოლოგმა მარიამ გოცირიძემ ისაუბრეს.

მაკა, რა შეიძლება გახდეს უშვილობის მიზეზი ?

უშვილობა ეს არის პრობლემა, როდესაც რეპროდუქციული ასაკის ქალში, ერთი წლის დაუცავი სქესობრივი ცხოვრების შედეგად ორსულობა არ დგება. რეპროდუქციულ ასაკად მიჩნეულია 15-დან 44 -წლამდე პერიოდი, თუმცა, ამ ასაკის ფარგლებს გარეთაც შესაძლებელია დადგეს ორსულობა. 35 წელს ზემოთ ქალებში უმჯობესია, არ მოვიცადოთ ერთი წელი იმისათვის, რომ უშვილობის დიაგნოზი დაისვას და პაციენტს რაიმე სახის კვლევები და მკურნალობა შევთავაზოთ და ამ შემთხვევაში, თუ 6 თვის დაუცველი კონტაქტის შედეგად არ დგება ორსულობა, პაციენტმა აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს.

იმისათვის, რომ დადგეს ორსულობა, აუცილებელია, იყოს ნორმალური კვერცხუჯრედის განაყოფიერების უნარის მქონე  სპერმატოზოიდი. შესაძლოა, კაცს ჰქონდეს გარკვეული ევაკულატი, იყოს სპერმა, მაგრამ მასში არ იყოს მოფუნქციონირე სპერმატოზოიდი.

სპერმატოზოიდი საშვილოსნოს ღრუს გავლით ხვდება კვერცხსავალ მილებში, სადაც ის ელოდება კვერცხუჯრედს. შესაბამისად ნებისმიერი მიზეზი, რომელმაც შეიძლება შეაფერხოს მისი ეს ტრანსპორტირება მილამდე, შესაძლოა გახდეს უშვილობის მიზეზი. ამის მაგალითებია საშვილოსნოს ღრუს პოლიპები, კვანძები, განვითარების პათოლოგია, ღრუს ძგიდე, სხვა მიზეზებად მილების გამტარიანობის დარღვევა და ოვულაციის პრობლემები შეიძლება დავასახელოთ. მილების გაუმტარობის მიზეზი ხშირად გადატანილი სქესობრივი გზით გადამდები ინფექციაა.  ოვულაციის პრობლემების დროს საკვერცხეში არ წარმოიშვება კვერცხუჯრედი, რომელიც შემდგომ უნდა განაყოფიერდეს და განვითარდეს როგორც ჩანასახი. ოვულაციის პროცესის დარღვევა ხშირად ორგანიზმში გამოყოფილი გარკვეული ჰორმონების ზემოქმედების შედეგია, მაგალითად ფარისებრი ჯირკვლის დარღვეული ფუნქცია, პროლაქტინის მომატებული წარმოქმნა, მოქმედებს ნორმალური კვერცხუჯრედის წარმოქმნაზე და შესაბამისად ვითარდება უნაყოფობა. არის შემთხვევები როდესაც ცალკეულ პრობლემასთან გვაქვს საქმე, ხანდახან რამდენიმე პრობლემა ერთად იყრის თავს და ესეც ხდება უშვილობის მიზეზი.

მაკა, რა პირველადი კვლევების ჩატარებაა ამ დროს რეკომენდებული?

ხშირად ხდება, რომ უნაყოფობისას  ქალის გარშემო ვტრიალებთ,  ვმკურნალობთ, მიზეზს კი ვერ ვპოულობთ. ამ დროს მამაკაცი თითქოს გვერდზე დგას და არანაირ მონაწილეობას არ ღებულობს. მკურნალობა უნდა წარმოებდეს წყვილის და არა მხოლოდ ქალის.

პირველადი კვლევები ასე გამოიყურება, მამაკაცის სპერმოგრამა, გინეკოლოგიური ულტრაბგერითი გამოკვლევა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი კვლევაა, დიდ ინფორმაციას გვაძლევს, ვინაიდან ექოსკოპიურად საშვილოსნო და საკვერცხეები ძალიან კარგად ვიზუალიზდება. ასევე ჰორმონალური კვლევები, ფარისებრის ფუნქცია, პროლაქტინი, საკვერცხის ფუნქციური ტესტები.

მარიამ, რა სახის ინფორმაციის მოცემა შეუძლია რადიოლოგიურ კვლევას უშვილობის დიაგნოზის დროს?

პირველ რიგში ვიწყებთ იმით, რომ ვაფასებთ ანატომიას. საშვილოსნოს არსებობას ან არ არსებობას, შეიძლება იყოს მცირე ზომის საშვილოსნო. აუცილებლად უნდა შეფასდეს მისი ზომა და ფორმა, მაგალითად  შეიძლება იყოს უნაგირა ან ორრქიანი საშვილოსნო, ან დუბლიკაცია. ასევე  შესაძლოა ექოსკოპიურად ინახოს საშვილოსნოს კვანძოვანი  მიომა, კისტა, ძგიდე, პოლიპი. ასევე უნდა შეფასდეს საკვერცხეები, მისი ფოლიკულების რაოდენობა, უნდა გაკეთდეს საკვერცხის ფუნქციონირების ანუ ოვულაციის მონიტორინგი. ამ პასუხით პაციენტის გადამისამართდება ხდება გინეკოლოგთან.

მარიამ, რას გულისხმობს ფოლიკულის მონიტორინგი და რატომ არის ის ასე მნიშვნელოვანი?

კლასიკურად, ქალის ორგანიზმში თვეში ერთხელ ხდება ოვულაცია, ანუ სკდება ფოლიკული.  ფოლიკულზე დაკვირვებას ვიწყებთ მენსტრუალური ციკლის მე-9 ან მე-10 დღიდან, ანუ ვაკვირდებით, თუ როგორ იზრდება დომინანტი ფოლიკული, იზრდება თუ არა საერთოდ  და შემდეგ, სკდება თუ არა. ეს კი კლასიკურად ხდება მე-13 ან მე-14 დღეს.

მაკა, შესაძლოა თუ არა გამოვყოთ უშვილობის უფრო ბანალური და მარტივად ალაგებადი მიზეზები და ვისაუბროთ რთულ შემთხვევებზე?

უშვილობის მიზეზი 65% ქალების პრობლემაა, 20 % მამაკაცების, ხოლო 15% არის აუხსნელი მიზეზია. ესაა შემთხვევები, როდესაც პრობლემა არც მამაკაცშია, არც ქალში, მაგრამ შვილოსნობას ვერ ვიღებთ. ხდება პირიქითაც, ხშირად გვყავს პაციენტები, რომლებიც უკვე მოდიან ორსულ მდგომარეობაში და ვნახულობთ, რომ დიდი ზომის კვანძოვანი მიომაა და ჩვენც ვერ ვიგებთ, როგორ მოხდა ქალის ორსულობა, ხანდახან  გვხვდება ორსულობა საკვერცხის დიდი ზომის ენდომეტრიომის დროსაც, რომელიც რეალურად ხელს უნდა უშლიდეს ორსულობის დადგომას. ან გვხვდება ფარისებრი ჯირკვლის საკმაოდ ღრმა დისფუნქცია, როდესაც თითქოს ორსულობა არ უნდა დგებოდეს, მაგრამ დგება. რა თქმა უნდა ყველაფერზე პასუხი არ გვაქვს, მაგრამ არის სიტუაციები, მაგალითად როდესაც ფარისებრის პრობლემას აღმოვაჩენთ ორსულობამდე, ამ შემთხვევაში მცირე კორექციის შედეგად ვიღებთ სასურველ შედეგს. საკვერცხეების მარტივი პოლიკისტოზის შემთხვევაშიც, მცირე ჩარევა საკმარისია  სასურველი ორსულობის მისაღებად.

პირველადი დიანგოსტიკა და კვლევები შესაძლებელია ჩატარდეს მეან-გინეკოლოგის მიერ, მაგრამ შემდეგ აუცილებელია პაციენტი იყოს რეფერირებული ვიწრო სპეციალისტთან, რეპროდუქტოლოგთან.

რას გულისხმობს პროლაქტინის განსზღვრა სისხლში და რატომ შეიძლება გახდეს ის დაბრკოლება ორსულისთვის?

პროლაქტინი არის ჰორმონი, რომელიც თავის ტვინში გამოიყოფა. საზოგადოებისთვის მარტივი აღსაქმელი რომ იყოს, ეს არის ჰორმონი, რომელიც მეძუძურ დედებში გამოიყოფა ხოლმე, ლაქტაციის პერიოდში. სწორედ ამიტომ მიიჩნევენ, რომ სანამ ქალის პატარას ძუძუს აჭმევს, ის ვერ დაორსულდება. მომატებული პროლაქტინი თრგუნავს ოვულაციას, თუ ოვულაცია არ მოხდება, კვერცხუჯრედი არ გვაქვს და არანაირი ორსულობაც არ დადგება.

მარიამ, რამდენად მნიშვნელოვანია რადიოლოგიური კვლევის ჩატარება დაორსულებამდე?

ცხადია აუცილებელია, რადგან შეიძლება ქალს ჰქონდეს თანდაყოლილი პრობლემები საშვილოსნოში. შესაბამისად უმჯობესია ეს ორსულობამდე მოაგვაროს ქირურგიული ჩარევის გზით ან მედიკამენტოზური მკურნალობით. მართალია ხშირად ხდება, რომ კისტის არსებობის შემთხვევაშიც დგება ორსულობა. ასევეა მიომებზეც, რა თქმა უნდა გააჩნია მის ზომას და ადგილმდებარეობას, შემდგომში კი მთელი ორსულობა გვიწევს კონტროლი, რომ ამან ნაყოფს  ხელი არ შეუშალოს განვითარებაში. ორსულობის 20 კვირამდე კისტებიც და მიომებიც განიცდიან ზრდას, შემდეგ კი  ზრდის პროცესი ნელდება.

მაკა, რა დროს ტარდება ჰისტეროსკოპია და რატომ ითვლება, რომ ეს პროცედურა აადვილებს დაორსულებას?

ჰისტეროსკოპია კვლევების ძირითად ნუსხაში გადის იმ შემხვევაში, თუ გვაქვს უშვილობის დიაგნოზი. დიაგნოსტიკური ჰისტეროსკოპია შესაძლოა, გარდაიქმნას სამკურნალო ჰისტეროსკოპიად, უშუალოდ ოპერაციის მსვლელობის დროს. ულტრაბგერითი კვლევით ხშირად ვერ ვხედავთ მცირედ შეხორცებებს საშვილოსნოს ღრუში, ან არის მიკროპოლიპოზი, რომელიც ასევე უხილავი შეიძლება იყოს ულტრაბგერით კვლევაზე.

მაკა, რა დროს ინიშნება ანტიმიულერის ანალიზი და რა ინფორმაციას გვაძლევს ის?

პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ აუცილებელია პაციენტის დეტალური ანამნეზის შედგენა. ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება მენსტრუალურ ანამნეზს, მნიშვნელოვანია პაციენტის ფიზიკური გასინჯვა, არის თუ არა განვითარებული მეორადი სასქესო ნიშნები, არის თუ არა ბოქვენზე თმიანობა, განვითარებულია თუ არა მკერდი.

რაც შეეხება უშუალოდ ჰორმონების კვლევას, ანტიმიულერის ჰორმონი არ შედის პირველი ეტაპის კვლევებში. მაგრამ თუ საუბარია 35 წელს ზევით პაციენტზე, სადაც არ დგება ორსულობა და საჭიროა ჩარევა, ანტიმიულერი ერთ-ერთ დამხმარე მარკერად გამოვლინდება ხოლმე, პირდაპირ გვიჩვენებს, რა რეზერვი აქვს ქალის საკვერცხეს.

35 წელს ზემოთ ქალებში კვერცხუჯრედების მნიშვნელოვანი შემცირება ხდება წლიდან წლამდე და ქალის დაორსულების  უნარი კლებულობს. ანტიმიულერის ჰორმონი წარმოიქმნება საკვერცხეში არსებული მცირე ზომის ფოლიკულებიდან და გვიჩვენებს მათ რეზერვს.  გარკვეულ შემთხვევებში გვხვდება ნორმასთნ შედარებით მაღალი მაჩვენებელი, თუმცა, ამას არანაირი უარყოფითი დატვირთვა არ აქვს. ეს ნიშნავს, რომ ქალს აქვს საკმარისის რაოდენობით პრიმორდიალური და ანტრალური ფოლიკულები ანუ ის რეზერვი, საიდანაც შემდგომში მომწიფებული ფოლიკულა უნდა წარმოიქმნას და მოხდეს ოვულაცია. უნდა აღინიშნოს, რომ გვქონია შემთხვევები, როდესაც საკმაოდ დაბალი მაჩვენებლის შემთხვევაშიც დამდგარა სპონტანური ორსულობა. საქართველოში უკვე ბევრ ლაბორატორიაშია ამ ანალიზის გაკეთება შესაძლებელი და ფასიც ხელმისაწვდომია.

მარიამ, რამდენად განსხვავებულია რადიოლოგთან ვიზიტის სიხშირე იმ ორსულებში, ვისაც დაორსულებამდე პრობლემები ჰქონდა?

როგორც წესი, ფიზიოლოგიურად მიმდინარე ორსულს ვაკვირდებით თვეში ერთხელ. თუ ორსულს დიდი ზომის კვანძები ან კისტები აქვს, მისი ხშირი მონიტორინგია საჭირო, რათა არ გამოგვრჩეს ნაყოფის ზრდა-განვითარების პრობლემა. თუმცა, ეს ყველაფერი დამოკიდებულია ექიმზე და სიტუაციიდნ გამომდინარე სწორედ ის წყვეტს, თუ რა სიხშირით დაიბარებს ორსულს ვიზიტზე, თვითნებური გადაწყვეტილებით მისვლა კვლევაზე არ არის საჭირო.

მაკა:

გაიდლაინით, 9 თვის მანძილზე გვჭირდება 4 გეგმიური ულტრაბგერითი კვლევა. პირველი ორსულობის დასადასტურებლად, მეორე კეთდება 12-13 კვირაზე, როდესაც ნაყოფის განვითარება დასრულებულია და ვნახულობთ, რაიმე პრობლემა ხომ არ არის. მესამე, 18-20 კვირაზე ხდება ანატომიური ჩექაფი და ბოლო კვლევა კეთდება 30-32 კვირაზე. თუმცა წარმოიდგინეთ პაციენტი, რომელსაც საშვილოსნოზე ჩატარებული აქვს ქირურგიული ჩარევა, ან დიდი ზომის კვანძი აქვს ამოჭრილი, წლები უშვილობის დიაგოზი ჰქონდა და ელოდება პირველ შვილს. ამ დროს ადამიანი ძალიან მტკივნეულად აღიქვამს ნებისმიერ ცვლილებას თუ ახალ გამოვლენილ სიმპტომს, მას ურჩევნია რომ იყოს მშვიდად, ასეთი პაციენტები გინეკოლოგისგან დამოუკიდებლად მიდიან და იტარებენ ულტრაბგერით კვლევებს.

მარიამ არსებობს მოსაზრება, რომ ულტრაბგერითი კვლევა არ არის სასურველი ნაყოფისთვის, შეგიძლიათ ეს განგვიმარტოთ,  რისი უნდა შეგვეშინდეს რადიოლოგიური კვლევის დროს?

არაფრის არ უნდა შეგვეშინდეს, ეს არის ულტრაბგერა, ეს არ არის რენტგენის სხივი. ეს არ არის დასხივება, ანუ გამოკვლევის რაოდენობას განსაზღვრავს უშუალოდ მკურნალი ექიმი. თუ პაციენტს სიმშვიდეს ანიჭებს ულტრაბგერითი კვლევის ჩატარება, მას აქვს საშუალება ეს გააკეთოს, არანაირ ზიანს არ მიაყენებს არც მას და არც ნაყოფს.

მაკა, რა დროს ინიშნება შვილოსნობის პრობლემების დროს მედიკამენტოზური მკურნალობა და რა დროს დგება სხვა ტიპის ჩარევების აუცილებლობა?

თუ საუბარია ჰორმონალურ დისფუნქციაზე, ამის გამოსწორება ხდება მედიკამენტოზური მკურნალობით. ასევე საკვერცხეების პოლიკისტოზი, რომელიც ხშირად არის უშვილობის მიზეზი, მედიკამენტოზურ მკურნალობას ექვემდებარება. მკურნალობის პერიოდი კი ინდივიდუალურია, შესაძლოა მკურნალობამ სულაც არ მოგვცეს შედეგი, აქედან გამომდინარე კი, უმჯობესია პაციენტი დამხმარე ტექნოლოგიების გამოსაყენებლად რეპროდუქტოლოგთან გადავამისამართოთ.

გადაცემის აუდიოჩანაწერი