თბილისი-რუსთავის დამაკავშირებელი ავტობანის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობა უსაფრთხო ადგილას გასახლებას ითხოვს. ავტობანის მშენებლობის ორი ფაზა თითქმის დასრულებულია, გარკვეულ მონაკვეთზე სამშენებლო პროცესი კი, დროებით შეჩერებულია.
რუსთავის გზატკეცილის 16 ა/ბ კორპუსის მცხოვრებლები ამბობენ, რომ ე.წ. ხრუშჩოვკის ტიპის კორპუსები, რომელთაც ისედაც ავარიული სტატუსი აქვთ, გზის მშენებლობლის პერიოდში შესაძლოა, დაინგრეს. ამას ადგილობრივები სხვადასხვა კვლევის დასკვნის საფუძველზე ამბობენ და ავარიული შენობებიდან გასახლებას ითხოვენ.
ავტობანის მშენებლობას მუნიციპალური განვითარების ფონდი აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით ახორციელებს. ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი შენგელია ამბობს, რომ მოსახლეობის გასახლება უწყების კომპეტენციაში არ შედის და მშენებლობა კორპუსებს ხელს არ უშლის. გარდა ამისა, მუნიციპალური განვითარების ფონდში “ფორტუნას” განუცხადეს, რომ ადგილობრივი მოსახლეობა კუთვნილი კორპუსების დატოვების სანაცვლოდ, ერთ კვადრატულ მეტრში ათას ამერიკულ დოლარს ითხოვს, რა თანხაც ფონდისთვის მიუღებელია.
რა პრობლემების წინაშე დგას რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელი მაგისტრალის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობა და როგორია მუნიციპალური განვითარების ფონდის პასუხი, სიუჟეტიდან შეიტყობთ.
