რეჟისორი ჯეიმს კამერონი ოფიციალურად შეუერთდა მილიარდერთა ვიწრო წრეს, ხოლო მისი მომავალი ფილმი „ავატარი“ მის ფინანსურ მდგომარეობას კიდევ უფრო გააძლიერებს.
„ავატარის“ სამყაროს მესამე ფილმის – Avatar: Fire and Ash („ავატარი: ცეცხლი და ფერფლი“) გამოსვლამდე რამდენიმე დღით ადრე, 71 წლის კინორეჟისორი ჯეიმს კამერონი მილიარდერი გახდა. ჟურნალ Forbes-ის მონაცემებით, მისი ქონება დაახლოებით 1,1 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.
ამგვარად, კამერონი გახდა რიგით მეხუთე რეჟისორი ისტორიაში, რომელმაც მილიარდერის სტატუსს მიაღწია. ამ ელიტურ სიაში მასთან ერთად არიან – ჯორჯ ლუკასი, სტივენ სპილბერგი, პიტერ ჯექსონი და ტაილერ პერი.

Forbes-ის ცნობით, „ტერმინატორის“, „უცხოების“, „ტიტანიკის“ და „ავატარის“ რეჟისორი ერთადერთი კინემატოგრაფისტია, რომელმაც ქონების ძირითადი ნაწილი საკუთარი ფილმების სალარო შემოსავლებით გამოიმუშავა. მისი ნამუშევრების ჯამურმა შემოსავალმა მსოფლიო კინოგაქირავებაში დაახლოებით 9 მილიარდ დოლარს მიაღწია.
კამერონი ასევე ერთადერთი რეჟისორია, რომელსაც სამი ფილმი აქვს გადაღებული, რომელთაგან თითოეულმა 2 მილიარდ დოლარზე მეტი გამოიმუშავა მსოფლიო კინოგაქირავებაში:
ტიტანიკი (1997)

ავატარი (2009)

ავატარი: წყლის გზა (2022)

„ავატარი“ დღემდე ინარჩუნებს ყველაზე შემოსავლიანი ფილმის ტიტულს ისტორიაში – საერთო შემოსავალი 2,9 მილიარდი დოლარი, ხოლო „წყლის გზა“ მესამე ადგილზეა 2,3 მილიარდი დოლარით.
Forbes-ის შეფასებით, Avatar: Fire and Ash-ის გამოსვლის შემდეგ კამერონის ფინანსური მდგომარეობა კიდევ უფრო გაუმჯობესდება, ფილმი რეჟისორის ბიუჯეტს მინიმუმ 200 მილიონი დოლარით გაამდიდრებს.
მოსალოდნელია, რომ „ავატარის“ მესამე ნაწილი 2025 წლის ყველაზე შემოსავლიანი ჰოლივუდური ფილმი გახდება, მსოფლიო კინოგაქირავებაში არანაკლებ 1 მილიარდი დოლარის გამომუშავებით.
