Reuters-ის ინფორმაციით, ავღანეთში, პანჯშირის ხეობაში შეტაკებების შედეგად „თალიბანის“ 7 წევრი მოკლეს. მედიის ცნობით, ამის შესახებ ინფორმაციას თალიბების წინააღმდეგ მებრძოლი ოპოზიციური ჯგუფის წევრები იუწყებიან.
ავღანეთის ხელისუფლებაში „თალიბანის“ დაბრუნების შემდეგ პანჯშირი ქვეყნის ერთადერთი რაიონია, რომელსაც თალიბები არ აკონტროლებენ.
პანჯშირის ხეობა თალიბებთან მებრძოლ „ეროვნული წინააღმდეგობის ძალებს“ აქვთ დაკავებული. როგორც ცნობილია, თალიბებმა ხეობაში ასეულობით მებრძოლი გააგზავნეს.
ადგილზე რამდენიმე შეტაკება მოხდა. როგორც თალიბების წინააღმდეგ მებრძოლი ძალების მეთაურები აცხადებენ, თალიბები 31 აგვისტოს ღამით შეეცადნენ პანჯშირის ხეობაში შესვლას და თავს დაესხნენ მათ პოზიციებს. მათივე ინფორმაციით, დაპირისპირების შედეგად მათი ორი მებრძოლი დაიჭრა.