LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავთანდილ წერეთელი პროკურატურაშია დაბარებული – ახალი დეტალები თიბისი ბანკის საქმეში

244
15513

ავთანდილ წერეთლის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარების ბრალდებით დღეს პროკურატურაშია დაბარებული.

მას პროკურატურა 16 მილიონზე მეტი ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარების ფაქტს ედავება.

როგორც პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ბრალდების წარდგენის შემდეგ პროკურატურა სასამართლოს ავთანდილ წერეთლისთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით მიმართავს.

ასევე, პროკურატურაშია დაბარებული ბადრი ჯაფარიძე და  მამუკა ხაზარაძე ბრალდების დაზუსტების მიზნით.

 

გთავაზობთ პროკურატურის განცხადების უცვლელად:

“როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2018 წლის 2 აგვისტოს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო სს თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის და მოადგილის მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე.

გამოძიების მსვლელობისას, აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, 2019 წლის 24 ივლისს ბრალი წარედგინათ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს, ჯგუფურად, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.

მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებების ანალიზის შედეგად მიღებულია შემაჯამებელი გადაწყვეტილება ჯგუფის სხვა წევრის მიმართ.

კერძოდ, გამოტანილია დადგენილება ავთანდილ წერეთლის ბრალდების შესახებ, მის მიერ, 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარების ფაქტზე, ჩადენილი ჯგუფურად, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).

ავთანდილ წერეთელი დღეს დაბარებულია საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ბრალდების შესახებ დადგენილების წარდგენის მიზნით, რის შემდეგაც საქართველოს გენერალური პროკურატურა სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე.

ასევე, გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში დაბარებულები არიან ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე მათთვის წარდგენილი ბრალდების დაზუსტების მიზნით,” – აცხადებენ უწყებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g