მსოფლიო ავტობაზარზე ნახევარგამტარების დეფიციტის საფრთხე კვლავ გამწვავდა მას შემდეგ, რაც ნიდერლანდებმა ნახევარგამტარების მწარმოებელი კომპანია Nexperia სახელმწიფო კონტროლის ქვეშ მოაქცია.
კომპანიის კლიენტებს შორის არიან Volkswagen, Honda, Hella, Bosch, ZF და სხვა მსხვილი ბრენდები, რომლებმაც უკვე იგრძნეს მნიშვნელოვანი კომპონენტების დეფიციტი – როგორც ავტომობილების აწყობისთვის, ისე სათადარიგო ნაწილების წარმოებისთვის.

პანდემიის სცენარის გამეორების შიში
ინდუსტრია შიშობს კორონავირუსის პანდემიის დროს დაწყებული კრიზისის გამეორებას. მაშინ ჩიპების დეფიციტი გამოიწვია უკიდურესად მაღალმა მოთხოვნამ – მიკროსქემები მასობრივად იყო საჭირო კომპიუტერებისთვის, სამედიცინო ტექნიკისა და საყოფაცხოვრებო ელექტრონიკისთვის. ამავე დროს, ავტოკონცერნებმა ჩიპებზე შეკვეთები შეამცირეს. შედეგად, როდესაც მსოფლიო ავტოინდუსტრია აღდგა, ნახევარგამტარების მარაგი საკმარისი აღარ აღმოჩნდა, რამაც გამოიწვია საწარმოო ხაზების დროებითი გაჩერება აშშ-ში, ევროპასა და აზიაში.
Nexperia არის ნიდერლანდური ნახევარგამტარების მწარმოებელი, რომელიც მუშაობს როგორც საყოფაცხოვრებო ელექტრონიკისთვის, ისე ავტომობილების ინდუსტრიისთვის.
კომპანიის საწარმოო ობიექტები განლაგებულია ევროპაში, აზიასა და აშშ-ში. ყოველწლიურად იქ იწარმოება 110 მილიარდზე მეტი ჩიპი, რაც Nexperia-ს მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს ნახევარგამტარების მიმწოდებლად აქცევს.
ავტო მრეწველობისთვის კომპანია აწარმოებს მიკროსქემებს, რომლებიც გამოიყენება ავტომობილის თითქმის ყველა სისტემაში – განათებიდან და მართვის ბლოკებიდან დაწყებული, უსაფრთხოების სისტემებით, ელექტროძრავებითა და დამხმარე ელექტრონიკით დასრულებული.

კომპანიის საკუთრების ცვლილება
2018 წელს Nexperia ჩინური ელექტრონიკის მწარმოებლის – Wingtech Technology-ს მმართველობაში გადავიდა. გარიგების ღირებულება 3,6 მილიარდ დოლარს შეადგენდა. კომპანიის სათავო ოფისი ნიდერლანდების ქალაქ ნეიმეგენში მდებარეობს, ხოლო ერთ-ერთი ქარხანა ჩინეთის დონგუანშია განთავსებული.
კონფლიქტის დასაწყისი
ხმაურიანი სკანდალი დაიწყო 30 სექტემბერს, როდესაც ნიდერლანდების ხელისუფლებამ კომპანია Nexperia-ს ევროპული დანაყოფი სახელმწიფო კონტროლის ქვეშ მოაქცია. გადაწყვეტილება „კორპორაციული მართვის სერიოზული ხარვეზებით“ ახსნეს.
ნიდერლანდების მთავრობის შეფასებით, შექმნილი ვითარება საფრთხეს უქმნიდა კრიტიკულად მნიშვნელოვანი ტექნოლოგიების ევროპაში შენარჩუნების გარანტიას. ხელისუფლება განსაკუთრებით შიშობდა წარმოების ჩინეთში გადატანაზე. მთავრობის განცხადებით, ასეთი ზომები გამონაკლის შემთხვევებში გამოიყენება და მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის დროს.

ორი Nexperia – ევროპული და ჩინური
როგორც სააგენტო Reuters წერს, ნიდერლანდების პოლიტიკამ ფაქტობრივად ორი დამოუკიდებელი Nexperia შექმნა:
ევროპული – რომელიც მიკროსქემებს აწარმოებს
ჩინური – რომელიც კომპონენტების დაჭრასა და შეფუთვას ახორციელებს
მიუხედავად იმისა, რომ ნიდერლანდების ხელისუფლება ფორმალურად არ გამხდარა კომპანიის მფლობელი, მას მიეცა უფლება დაბლოკოს ან გააუქმოს კომპანიის მენეჯმენტის გადაწყვეტილებები, თუ ისინი საფრთხედ ჩაითვლება. შემოწმების შედეგად თანამდებობიდან გაათავისუფლეს გენერალური დირექტორი ჟან სიუეჩჟენი, ნიდერლანდების კანონმდებლობის შესაძლო დარღვევებთან დაკავშირებული ეჭვების გამო.
ფინანსური დირექტორი შტეფან ტილგერი დროებით გენერალურ დირექტორად დაინიშნა, ხოლო კომპანიის აქციების თითქმის სრული პაკეტი სასამართლოს მიერ დანიშნულ დამოუკიდებელ მმართველს გადაეცა.
წარმოების შეფერხებები
დაძაბულმა ვითარებამ უკვე გამოიწვია ნახევარგამტარების მიწოდების შეფერხებები. მაგალითად, Honda-მ ოქტომბრის ბოლოს დროებით შეაჩერა ავტომობილების წარმოება მექსიკაში. კომპანიამ ZF შეამცირა სამუშაო გრაფიკი და წარმოების მოცულობები. პრობლემები შეეხო Volkswagen-საც და სხვა ევროპულ ბრენდებს.

შესაძლო გამოსავალი
Reuters-ის ცნობით, მსხვილმა დამკვეთებმა დროებითი გამოსავალი იპოვეს: ისინი სილიკონის ფირფიტებს პირდაპირ ევროპული Nexperia-გან ყიდულობენ და თავად აგზავნიან ჩინეთში შესაფუთად. ეს საშუალებას იძლევა ნაწილობრივ მაინც შენარჩუნდეს წარმოება და კონვეიერები არ გაჩერდეს.
Nexperia აცხადებს, რომ მზად არის მოძებნოს ალტერნატიული მიწოდების გზები და მხარი დაუჭიროს კლიენტებს.
ევროპულმა განყოფილებამ აღნიშნა, რომ მიწოდების დაგვიანებაზე პასუხისმგებლობა ჩინურ მხარეს ეკისრება, რადგან მათ მარაგები რამდენიმე თვის სამყოფი მარაგები ჰქონდათ.
მომზადება ახალი შეფერხებებისთვის
მსხვილი ავტო მწარმოებლები უკვე ცდილობენ Nexperia-ზე დამოკიდებულების შემცირებას, ისინი გადადიან კონკურენტების კომპონენტებზე (Onsemi, STMicroelectronics) და ცვლიან ლოჯისტიკურ ჯაჭვებს.
თავად Nexperia-ც ახორციელებს რეორგანიზაციას: ევროპული განყოფილება პროდუქციის ნაწილს უკვე მალაიზიასა და ფილიპინებში აწარმოებს, ხოლო ჩინური ოფისი ადგილობრივ ბაზარზე წარმოებულ ფირფიტებზე გადასვლას გეგმავს.
კომპანია ასევე მიესალმა აშშ-სა და ჩინეთს შორის შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც ერთი წლის განმავლობაში Nexperia არ მოხვდება ამერიკულ საექსპორტო შეზღუდვებში, ხოლო პეკინი თითოეული ექსპორტის საკითხს ინდივიდუალურად განიხილავს.
მიუხედავად ამისა, ავტოინდუსტრიას ურჩევენ მოემზადოს მიწოდების შესაძლო შეფერხებისთვის. სრული სტაბილიზაცია მხოლოდ მაშინ გახდება შესაძლებელი, როდესაც ევროპულ და ჩინურ განყოფილებებს შორის არსებული დავები მოგვარდება და წარმოების ჯაჭვები დივერსიფიცირდება.
