საქართველოში ყველაზე გავრცელებული ხარვეზი, რის გამოც ავტომობილი ტექინსპექტირებას ვერ გადის შემდეგია: მაშუქები, გამონაბოლქვი, მინები, – ამის შესახებ „ფორტუნას“ ეთერში საქართველოში ტექინსპექტირების ყველაზე ფართო ქსელის – „გრინვეის“ დირექტორმა ვახტანგ ებიტაშვილმა განაცხადა. თუმცა, როგორც ებიტაშვილმა განმარტა, მომხმარებლები ნელ-ნელა სწავლობენ და უფრო და უფრო მომზადებულები ხვდებიან ტექინსპექტირების პროცესს.
„ჩვენი დაკვირვებით, რეფორმის პირველ წელს, ანუ 2019 წელს, როდესაც ხარვეზდებოდა გამოცხადებული ავტომობილების დაახლოებით 65-70%, წელს მაჩვენებელი რადიკალურად გაუმჯობესებულია და დაახლოებით, 45-დან 50%-ამდე მერყეობს. რაც მთავარია, ეს მაჩვენებელი დროის გასვლასთან ერთად უმჯობესდება“, – აღნიშნა ებიტაშვილმა.
„გრინვეის“ დირექტორმა იმ კითხვასაც გასცა პასუხი, ისევ მიმართავენ, თუ არა გარკვეულ ხრიკებს ავტომფლობელები (ნაწილების ქირაობა, ან თხოვება) იმისთვის, რომ მანქანას ტექინსპექტირება გაატარონ.
„თუ ადრე, ასეთი მანიპულაციები უფრო აქტიური იყო და უფრო მეტად ხდებოდა, ახლა შედარებით – ნაკლებად, თუმცა კვლავაც, გამოწვევად რჩება გზებზე ავტომობილების კონტროლი, ვინაიდან სწორედ ამ მანიპულაციების და არაკეთილსინდისიერი მიდგომის შედეგად, შესაძლოა, მანქანამ ტექინსპექტირება გაიაროს და მომზადებული იყოს იმ მომენტში, ხოლო ცენტრიდან რომ გადის, იგივე თუნდაც გამონაბოლქვის კუთხით, ხშირად გვინახავს რომ ბოლავს მანქანა – ეს კვლავ პრობლემად რჩება და ამ მიმართულებით, ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია გზებზე ადმინისტრირების გამკაცრება, თავად მაკონტროლებლების მხრიდან. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზა იმისთვის, რომ ჩვენ რეფორმა საბოლოო ჯამში, წარმატებით გავატაროთ. საგზაო გზებზე უახლოესი ტრაგიკული ფაქტებიც მოწმობს, რომ საგზაო უსაფრთოების მიმართულებით ძალიან ბევრია სამუშაო. როდესაც ვადაგადაცილების, ან არაკეთილსინდისიერი ავტომფლობელების მანიპულაციებით ხდება პროცესში ჩარევა, (გვაქვს შემთხვევები, როდესაც, მანქანები 1, 2 და 3 წლის ვადაგადაცილებაში არიან და არ გადიან ტექინსპექტირებას) შედეგად ვიღებთ ტრაგიკულ და სავალალო ფაქტებს, რომელთა აცილებაც სწორი ჩარევებით შესაძლებელი იქნებოდა“, – განაცხადა „გრინვეის“ დირექტორმა “ფორტუნას” ეთერში.
მისივე ინფორმაციით, 2019 წლიდან დღემდე „გრინვეის“ ქსელში უკვე 750 ათას ავტომობილზე მეტს აქვს ტექინსპექტირება გავლილი.
ცნობისთვის, „გრინვეი“ არის საქართველოში ტექინსპექტირების ყველაზე დიდი ქსელი. ის წარმოდგენილია თითქმის ყველა რეგიონში, მთელი საქართველოს მასშტაბით. კომპანიას თბილისში 11 სერვისცენტრი აქვს, ხოლო რეგიონებში – 19.