ავტოსამრეცხაოების ქსელი ”ერლე” საკუთარ მომხმარებელს ახალ სერვისს სთავაზობს. კომპანიამ კორპორატიული კლიენტებისთვის საბარათე სისტემა დანერგა. როგორც ”ფორტუნას” ”ერლეს” დამფუძნებელმა გიორგი დევაძემ განუცხადა, 1 აპრილიდან კომპანიებს შესაძლებლობა აქვთ შეიძინონ ავტოსამრეცხაოს კორპორატიული ბარათები, რომლითაც ავტომობილის რეცხვა გაცილებით იაფი დაუჯდებათ.
”თუ კომპანია საკუთარი თანამშრომლებისთვის შეიძენს ჩვენს ბარათებს, ისინი შეძლებენ 30%-ით იაფად გარეცხონ საკუთარი ავტომობილი”, – აღნიშნა დევაძემ.
მისივე ინფორმაციით, ”ერლეს” ავტოსამრეცხაოთი სარგებლობის ღირებულება 2 ლარიდან იწყება და 5 ლარამდე ადის. რაც შეეხება, მოთხოვნას მათ მომსახურებაზე, როგორც კომპანიის დამფუძნებელმა განმარტა, ”ერლეში” დღეში დაახლოებით 1000-დან 1200 -მდე ავტომობილს რეცხავენ, რაც კარგი შედეგია.
ცნობისთვის, შპს ”ერლე” თბილისში დღეისათვის 3 ავტოსამრეცხაოთია წარმოდგენილი : გლდანში, ორთაჭალასა და ვაზისუბანში.