„პარლამენტში დებატების გამართვა საზოგადოების მოთხოვნაა, ამიტომ, იმედია, რომ „ნაცმოძრაობა“ გადახედავს თავის პოზიციას“, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.
როგორც ბადრი ჯაფარიძემ აღნიშნა, ფარულ ჩანაწერებზე პარლამენტში დებატები აუცილებელია.
„ნიკა მელია ალბათ გულისხმობდა ივანიშვილის უმრავლესობას და არა ოპოზიციას. „ქართული ოცნების“ სურვილი, როგორც გაირკვა, არ არის რიგგარეშე სხდომის ჩატარება, რომელიც გუშინ ცალსახად თქვა „ქართული ოცნების“ ლიდერმა.
მესმის, რომ ყველა ველზეა, ყველანი ვართ ძალიან დატვირთულები, მაგრამ აუცილებელია ოპოზიციური ერთობა, რომ გავმართოთ დებატები ამ ამაზრზენ ფაქტებთან დაკავშირებით, ვგულისხმობ უპრეცედენტო რაოდენობის ფაილებს, რომელიც ასახავს უკანონო მიყურადებას და მოსმენებს. გაიმართოს პარლამენტში დებატები, ეს არის საზოგადოების მოთხოვნა. ამიტომ, იმედია, რომ „ნაცმოძრაობა“ თავის პოზიციას გადახედავს“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
გუშინვე „ლელოს“ ამ ინიციატივას, ენმ-ს მერობის კანდიდატი ნიკა მელიაც გამოეხმაურა და თქვა, რომ 2 ოქტომბრამდე „ნაციონალური მოძრაობის“ არც ერთ დეპუტატს ბიძინა ივანიშვილის თავყრილობაში მონაწილეობის მისაღებად არ სცალია