„სამწუხაროდ, როგორც მოსალოდნელი იყო, სასამართლომ, კვლავ აჩვენა, რომ არის პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტი,“ – ამის შესახებ პარტია „ლელო საქართველოსთვის“ გენერალურმა მდივანმა ბადრი ჯაფარიძემ რადიო „ფორტუნას“ ეთერში გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება წინასწარ იყო განსაზღვრული.
ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმე – სააპელაციო სასამართლომ საქალაქოს განაჩენი ძალაში დატოვა
„დევნა გრძელდება. როგორც ჩანს, „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში ჩვენ არ უნდა ველოდოთ, რომ ოდესმე სასამართლო შეძლებს გათავისუფლდეს პოლიტიკური წნეხისგან და მიიღოს ობიექტური გადაწყვეტილება.
ამჯერადაც, ჩვენ ვნახეთ სწორედ იგივე, რაც პირველ ინსტანციაში, როდესაც მოსამართლემ წაიკითხა არა მის მიერ დაწერილი გადაწყვეტილება, არამედ გადაწყვეტილება, რომელიც მას დაუწერეს.
ეს პირდაპირ ჩანდა კიდევაც იმიტომ, რომ ვერ წაიკითხა გადაწყვეტილება. ორი წინადადება იყო სულ და ამ ორი წინადადების წაკითხვაც კი გაუჭირდა პირველი ინსტანციის მოსამართლე არევაძეს.
სამწუხაროდ, აღმოჩნდა, რომ ეს 15 სხდომა იყო სიმულაცია, იგივე რომ დარჩებოდა სააპელაციო სასამართლოში გადაწყვეტილება იყო წინასწარ განსაზღვრული, ეს ძალიან კარგად გამოჩნდა დღეს,“ – აღნიშნა ბადრი ჯაფარიძემ.
ცნობისთვის, ხაზარაძე, ჯაფარიძე და წერეთელი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებენ.
აღნიშნულ საკითხზე ვრცლად წაიკითხავთ აქ – ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმე