LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბაიას ღვინით“ ინგლისური ექსპორტიორი კომპანია დაინტერესდა

291

„ბაიას ღვინით“ დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთი ცნობილი ექსპორტიორი კომპანია დაინტერესდა, რომელიც პროდუქციის რეალიზებას ბრიტანეთის გარდა, ავსტრალიაშიც ახორციელებს.

როგორც „ფორტუნას“ ახალაგზრდა მეწარმემ და ფერმერთა ასოციაციის წევრმა ბაია აბულაძემ განუცხადა,  ექსპორტიორი კომპანიის დირექტორი საქართველოში ვიზიტსაც  გეგმავს.

„ფერმერთა ასოციაციის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ვიყავი ინგლისში, სადაც აღნიშნული კომპანია ჩემი ღვინით დაინტერესდა.  ამ ეტაპზე  მასთან მოლაპარაკებებს ფერმერთა ასოციაცია აწარმოებს და არ არის გამორიცხული, რომ „ბაიას ღვინო“ ექსპორტზე ინგლისში გავიდეს“, – აღნიშნა აბულაძემ.

მისივე ინფორმაციით, დაინტერესება სხვა უცხოური ქვეყნებიდანაც არის, მათ შორის ესტონეთიდან. „მთავარი მიღწევა ჩემთვის არის ის, რომ მომხმარებელს მოსწონს ჩვენი ღვინო და მისი რეალიზაციის პრობლემა არ მაქვს. „ბაიას ღვინო“ თბილისის რამდენიმე მაღაზიასა და რესტორანში იყიდება. მისი ჩასაბარებელი ფასი კი 22 ლარია“, – განმარტა ახალგაზრდა მეწარმემ.

როგორც ბაია აბულაძე ამბობს, უახლოეს მომავალში წარმოების გაზრდას გეგმავს, საწყის ეტაპზე კი აპირებს დამატებით 300 ძირი ვაზი დარგოს. „ამ დროისთვის  მაქვს 4500 ძირი ვაზი. იმერეთში,  ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ობჩაში ვფლობ საოჯახო მარანს, სადაც ღვინოს ვაწარმოებ. რაც შეეხება წარმოებული ღვინის რაოდენობას, ეს დამოკიდებულია შეკვეთებზე.  რა რაოდენობით დაკვეთაც მაქვს მაღაზიებიდან, იმის შესაბამისად ვასხამ ღვინოსაც“, – განმარტა „ბაიას ღვინოს“ დამფუძნებელმა.

„ბაიას ღვინის“ წარმოება 2015 წლის დეკემბერში დაიწყო. ახალგაზრდა მეწარმემ ღვინის ჩამოსხმისთვის საჭირო აღჭურვილობა პროექტ “აწარმოე საქართველოში” დაფინანსების მოპოვების შემდეგ შეიძინა. ამ ეტაპზე ბაია აბულაძე ღვინის  3 სახეობას აწარმოებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g