ჩვენ მოვამზადეთ ბახმაროს განვითარების გენერალური გეგმა და უმოკლეს ვადებში გადავწყვეტთ ორ ძირითად პრობლემას – ეს არის ელექტროენერგიისა და წყლით მომარაგების პრობლემა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბახმაროში, ტრადიციული დოღის „ბახმაროს თასი 2018“ მიმდინარეობისას განაცხადა.
მისი თქმით, გენერალური გეგმა ითვალისწინებს, რომ ბახმარო ოთხსეზონიანი კურორტი გახდეს.
როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, ბახმაროს განვითარების გეგმის ექსპერტიზას ავსტრიელი სპეციალისტები ჩაატარებენ, რათა ეს უნიკალური კურორტი, საუკეთესო ევროპული გამოცდილების მიხედვით დაპროექტდეს.
„უმოკლეს ვადებში გადავწყვეტთ ორ ძირითად პრობლემას, ეს არის ელექტროენერგიისა და წყლით მომარაგების პრობლემა. ამასთან ერთად, გენერალური გეგმა ითვალისწინებს, რომ ბახმაროში გვქონდეს ოთხსეზონიანი კურორტი, განაშენიანება იყოს ტიპური და არ ჰქონდეს ისეთი ქაოსური განვითარება, რომელიც სამწუხაროდ, საქართველოს რამდენიმე კურორტზე მოხდა“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.