LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ორბი ჯგუფმა“ ბახმაროს მრავალფუნქციური სასტუმრო კომპლექსის პროექტთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა

189
00

სასტუმროში „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი“ კომპანიამ „ორბი ჯგუფი“ ბახმაროს მრავალფუნქციური სასტუმრო კომპლექსის პროექტთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა.

პრესკონფერენციას „ორბი ჯგუფის“ გენერალური დირექტორი ირაკლი კვერღელიძე და ბახმაროს პროექტის ავტორი, მსოფლიო ტოპ ხუთეულში შემავალი არქიტექტურული კომპანიის WilkinsonEyre პარტნიორი და დირექტორი სემ ვრაითი გაუძღვნენ. მათ დამსწრე საზოგადოებას პროექტთან დაკავშირებით ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს და ჟურნალისტების შეკითხვებსაც უპასუხეს.

როგორც „ორბი ჯგუფში“ აცხადებენ, ბახმაროში დაგეგმილ პროექტთან დაკავშირებით არაერთგვაროვანი და არასწორი ინფორმაცია, ხშირ შემთხვევაში მიზანმიმართული დამაზიანებელი განცხადებები ვრცელდება, შეინიშნება საკითხის პოლიტიზების მცდელობაც.

ირაკლი კვერღელიძე, „ორბი ჯგუფის“ გენერალური დირექტორი: „ბახმარო, როგორც კურორტი უკვე 100 წელზე მეტია, რაც არსებობს, მაგრამ დღემდე მოუწესრიგებელ და დასვენებისთვის მოუხერხებელ ადგილად რჩება. კურორტს, რომელსაც წლის განმავლობაში 300 000 ტურისტის მიღების რესურსი აქვს, ნუთუ არ გვჭირდება, რომ სწორედ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებით მაქსიმალურად ავითვისოთ კურორტის პოტენციალი. ბუნებრივია, ბახმარო უმნიშვნელოვანესია მისი გამაჯანსაღებელი თვისებებით, ლანდშაფტით, მაგრამ დღეს ის ფინანსურ-ეკონომიკური კუთხით არაფრის მომტანი არ არის. აღნიშნული პროექტი ნიშნავს არა მხოლოდ ადგილობრივების დასაქმებას (და კომპლექსის გახსნის შემდეგ, მინიმუმ, 1000-1500 ადამიანი მაინც დასაქმდება), არამედ ის იმ ადამიანებს, რომლებსაც აღნიშნულ კურორტზე საზაფხულო აგარაკები აქვთ, ამ ნაგებობების მოდერნიზაციის და მათი ოთხივე სეზონისთვის მიმზიდველად ქცევის მოტივაციას გაუჩენს. გარდა ამისა, ასეთი პროექტების განხორციელება ავტომატურად იწვევს ფასების ზრდას, შესაბამისად, ყველა ბახმაროელი, ყველა ადამიანი, ვისაც დღესდღეობით ბახმაროში საკუთრება გააჩნია, პირდაპირ ეფექტს მიიღებს და უკვე მიიღო, რადგან სანამ ჩვენ მიწის ნაკვეთს სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად მივიღებდით უზარმაზარი საინვესტიციო ვალდებულების მიღმა, იმის შემდეგ უკვე ათჯერ არის ფასები გაზრდილი. წარმოიდგინეთ, კომპლექსის აშენებისა და მისი ექსპლუატაციაში მიღების შემდეგ, სადაც სტუმრის ღირსეულად მიღება და მაღალი დონის მომსახურების გაწევა შეგვეძლება, კიდევ უფრო მეტი სიკეთე გაჩნდება. რა თქმა უნდა, ბიზნესი ბიზნესია, თავისი წესი აქვს და კონკრეტულ აქტივობას სარგებელი უნდა ჰქონდეს, მაგრამ ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ ბახმარო ერთადერთი თუ არა, ერთ-ერთი ძირითადი გადამრჩენია ჩოხატაურის და რეგიონში მცხოვრები ადამიანებისაც კი, რადგან პროექტისთვის 1000-1500 მუშახელის პოვნა ერთი რაიონის პირობებში ადვილი არ არის. სწორედ ამიტომ არის გადაწყვეტილი, მოცემულ შემთხვევაში, კვალიფიციურო კადრების მისაღებად გადამზადება და ხალხის იმ სახლებში დაბრუნება, რომლებიც დღესდღეობით დაცარიელებულია“.

სემ ვრაითი, არქიტექტურული კომპანიის WilkinsonEyre პარტნიორი და დირექტორი: „მე პირადად, სათანადოდ შესწავლის კუთხით, ოთხჯერ მოვინახულე კურორტი. რა თქმა უნდა, თვალშისაცემია ბახმაროს ულამაზესი ბუნება, მაგრამ თვალშისაცემია ისიც, რომ ამ ტერიტორიის ძალიან დიდი ნაწილი მოუვლელია, არ არის სადრენაჟო და საკანალიზაციო სისტემები, შენობების დიდი ნაწილი 50 წელზე მეტის ხნისაა, არ ხდება წყალნადენის კონტროლი. სანამ პროექტირებას დავიწყებდით, ადგილობრივი ბუნების, ლანდშაფტის შესწავლის პროცესში გეოლოგებისა და მკვლევრების მთელი გუნდი ჩავრთეთ, რათა სათანადო წარმოდგენა გვქონოდა ადგილობრივი ეკოსისტემის შესახებ. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ ნაკლები ზიანი მიადგეს ბუნებას, ტერიტორიაზე ნაკლები კვალი დატოვოს ნებისმიერი სახის მშენებლობამ, ისე ავაგოთ შენობა-ნაგებობები და ისე მოვაწყოთ ინფრასტრუქტურა, რომ თანამედროვე დიზაინი და არქიტექტურა არსებულ ლანდშაფტს შეერწყას“.

პრესკონფერენციის შემდეგ  „ორბი ჯგუფის“ მიერ კომპანიის პოზიციის შესახებ დამატებით გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ:

„ბახმარო, რომელიც უკვე 100 წელია კურორტის სტატუსის მატარებელია, ადგილობრივი მოსახლეობის ბიუჯეტსა და ქვეყნის კეთილდღეობაში მნიშვნელოვან ეკონომიკურ როლს ვერ ასრულებს. ამის ერთ-ერთი რეალური მიზეზი ინფრასტრუქტურული პრობლემებიცაა, რომლის მოგვარებაც ბახმაროს განვითარების სახელმწიფო გეგმის მიხედვით ახალი ინვესტიციის პარალელურად მოხდება.

აქედან გამომდინარე, „ორბის“ პროექტი იქნება ლოკომოტივი  ბახმაროს შემდგომი განვითარებისთვის. ხაზგასასმელია, რომ პროექტში, მშენებლობის ეტაპზე, ასობით ადგილობრივად მცხოვრები ადამიანი დასაქმდება, ხოლო სასტუმროს ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, სოციალური და კომერციული ინტერესებიდან გამომდინარე, კომპანია „ორბი“ადგილობრივი კადრების გადამზადებაზე იზრუნებს, შესაბამისად, დასაქმებაზეც – საუბარია რამდენიმე ასეული ახალი სამუშაო ადგილის შექმნაზე.

ბახმაროს პროექტის უპირატესობა მის არქიტექტურულ ღირებულებაშია. კომპანია სრულად იცავს გენგეგმის პარამეტრებს, რაც არის უმთავრესი გარანტია ბახმაროს ავთენტურობისა და იდენტობის შენარჩუნებისთვის. გენერალური განაშენიანების გეგმა ცალსახად და მკაფიოდ აწესებს ნორმატივებს, წესებსა და ფუნქციურ ობიექტებს, რომელიც ბახმაროში შეიძლება აშენდეს. პროცედურულადაც, კომპანიას გავლილი აქვს ყველა ეტაპი, რასაც ქართული კანონმდებლობა ითვალისწინებს.

გვსურს ხაზი გავუსვათ, რომ „ორბის“ პროექტის შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან  შეთანხმებისა და ნებართვის მიღების პროცედურა 2 ფაზად არის გაყოფილი – ამ ეტაპზე, პროექტი შეთანხმებულია და მშენებლობის ნებართვა გაცემულია მხოლოდ კომპლექსის ნაწილზე, რომელიც, ჯამურად, 4 ჰა ტერიტორიას მოიცავს.

რაც შეეხება მე-2 ფაზის პროცედურას, ამაზე, როგორც ვიცით, გაიმართება საჯარო განხილვები, რათა ყველა მნიშვნელოვან საკითხზე ვიმსჯელოთ, საზოგადოებას და პროექტით დაინტერესებულ ყველა მხარეს ავუხსნათ პროექტის სარგებელი, ასევე დეტალურად გავიაროთ და ამოვწუროთ უსაფრთხოებასთან, გარემოს დაცვასთან თუ განაშენიანებასთან დაკავშირებული საკითხები.

მრავალფუნქციური სასტუმრო კომპლექსის მაქსიმალური სიმაღლე 12 მეტრს არ აღემატება, ხოლო კომპანიის საკუთრებაში არსებული 10 ჰა-დან შენობა-ნაგებობები მხოლოდ მის მერვედ ნაწილზე აშენდება.

პროექტი შეესაბამება ბახმაროს განვითარების სტრატეგიულ კონცეფციას, კერძოდ: ბახმაროს განვითარების გენერალური გეგმის მიხედვით, მხოლოდ ერთი ტერიტორიაა გათვალისწინებული მიზიდულობის ცენტრის შესაქმნელად, სადაც მოეწყობა ინფრასტრუქტურის ძირითადი ნაწილი-სამედიცინო ცენტრი, აფთიაქი, აუზი, სპა-ცენტრი, გამაჯანსაღებელი ცენტრი, რესტორანი, კაფე და ა.შ. გენერალური გეგმით ბახმაროს ტერიტორიაზე გათვალისწინებულია მხოლოდ ერთი მიზიდულობის ცენტრის შექმნა.

მნიშვნელოვანია, რომ ობიექტის ვიზუალური ნაწილის მოწყობა გათვალისწინებულია ავთენტური მასალით. კერძოდ, სასტუმროს მშენებლობაზე გამოყენებულ იქნება სამთო კურორტებისთვის დადგენილი საერთაშორისო სტანდარტების მასალები, პროექტის ვიზუალური ნაწილი მთლიანად იქნება ხე და ბუნებრივი ქვა.

პროექტის შესაბამისობისთვის „ორბი ჯგუფმა“ 6 კომპანიასთან აწარმოა მოლაპარაკებები და  შეარჩია შესაბამისი კვალიფიკაციის ისეთი  კომპანია, როგორიცაა მსოფლიოს ტოპ ხუთეულში შემავალი კომპანია WilkinsonEyre. აღსანიშნავია, რომ კომპანია პროექტის შექმნისას სწორედ ბახმაროს  განაშენიანების გენერალურ გეგმას დაეყრდნო.

რაც შეეხება გარემოს დაცვისა და უსაფრთხოების საკითხებს: მრავალფუნქციური სასტუმრო კომპლექსის მშენებლობასთან დაკავშირებით, შპს „ჯეონჟინერინგმა“ 2023 წლის სექტემბერში, „ორბის“ დაკვეთით, ჩაატარა სამშენებლო მოედნის საინჟინრო-გეოლოგიური პირობების გამოკვლევა. ჩატარებული კვლევებით, კომპანიის ტერიტორიაზე რაიმე ტიპის გეოდინამიკური (ფიზიკურ-გეოლოგიური) მოვლენები, ან მშენებლობისა და ნაგებობის შემდგომი ექსპლუატაციისათვის არახელსაყრელი პროცესები არ ფიქსირდება.

ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც განსაკუთრებული ყურადღება გვსურს მიაქციოთ არის ის ფაქტი, რომ ობიექტის მშენებლობა არ მიმდინარეობს ზვავსაშიშ ზონაში. ტერიტორია, რომელიც ბახმაროში ისტორიულად ზვავსაშიშ ზონად მიიჩნევა,  კომპანია „ორბის“ მიწის ნაკვეთს ესაზღვრება,  იქ მრავალი წელია არსებობს შენობა-ნაგებობები და, საბედნიეროდ, კურორტის აღმოჩენიდან დღემდე ამ ტერიტორიაზე არანაირი ზიანი სტიქიური პროცესებისგან არ დაფიქსირებულა. მიუხედავად ამისა, ჩვენი დაკვეთით კომპანია „გეოგრაფიკმა“ განახორციელა „ორბის“ მიერ დაგეგმილი მშენებლობის მიმდებარე ტერიტორიების ზვავსაშიშროების კვლევა-შეფასება. ამ კვლევისას მომზადდა ზვავის მოდელირების ყველაზე უარესი სცენარი, რომლის მიხედვითაც დადგინდა, რომ პროცესები საინჟინრო გადაწყვეტებს ექვემდებარება. აქვე ხაზს ვუსვამთ, რომ აღნიშნული კვლევა-შეფასება ეხება არა იმ ტერიტორიას, სადაც „ორბის“ მიერ უნდა განხორციელდეს მშენებლობა, არამედ ეხება „ორბის“ მიერ დაგეგმილი მშენებლობის მიმდებარე ტერიტორიებს, თუმცა იქაც თოვლზვავის რისკები ექვემდებარება მართვას.

ინფორმაციისთვის ასევე აღვნიშნავთ, რომ კომპანია „გეოგრაფიკმა“ მოამზადა „ორბის” პროექტთან დაკავშირებული სამთო-სათხილამურო ნაწილის კვლევის, ტრასებისა და საბაგიროების დაგეგმვის, ასევე მისასვლელი გზის ზვავსაშიშროების კვლევა-შეფასებაც, აქაც ხელოვნურად გაკეთდა ზვავის მოდელირების ყველაზე უარესი სცენარი და დადგენილია,  რომ პროცესები საინჟინრო გადაწყვეტებს ექვემდებარება.

გვსურს საზოგადოებამ ასევე იცოდეს, რომ კომპანია „ორბის“ მიერ ბახმაროში დაგეგმილია 100 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიციის განხორციელება. ჩვენი მიზანია, რომ მაქსიმალურად უკეთესობისკენ შეიცვალოს ბახმაროში დღეს არსებული რეალობა – ყველამ ვიცით, რომ იქ არ არის დასვენებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა და შესაბამისი მინიმალური პირობები, რის გამოც ამ უნიკალური კურორტისადმი ინტერესს გამოხატავს მოსახლეობის მცირე რაოდენობა, ჩვენი გეგმა კი ითვალისწინებს იმას, რომ ბახმარო ხელმისაწვდომი გახდეს ადამიანთა მაქსიმალური რაოდენობისთვის, მათ შორის, უცხოელებისთვის.

ჩვენი გათვლებით, სასტუმროს სრულად ფუნქციონირების პირობებში წელიწადის ოთხივე სეზონზე 300 000 ვიზიტორი გვეყოლება, ასეთი ზრდა კი დამატებით ხელს შეუწყობს ადგილობრივი მეურნეობების განვითარებას, სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე მოთხოვნასა და ფასების ზრდას. მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც მესაქონლეობას ეწევა, პროდუქტის ადგილზე რეალიზების საშუალება მიეცემა. ასეთივე მოთხოვნა ექნება სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქტებს, რომლებიც ადგილზე იწარმოება.

მოსახლეობის იმ ნაწილს, რომლებსაც მომსახურების სფეროში დასაქმების მიზნით, ამჯერად ცხოვრება და მუშაობა სხვა რეგიონებსა და დედაქალაქში უწევთ, საშუალება მიეცემათ დაუბრუნდნენ საკუთარ სახლებს და ადგილზე შეძლონ მათთვის მისაღები პირობებით სხვადასხვა სამუშაო ადგილებზე დასაქმება.

ბახმაროს,  ერთი მხრივ, აქვს  მრავალი გამოწვევა და საჭიროებს ქმედებებს მისი შემდგომი მდგრადი განვითარებისთვის, ხოლო, მეორე მხრივ, გააჩნია მნიშვნელოვანი ბიომრავალფეროვანი, რესურსული, ბუნებრივი პოტენციალი, რაც შეიძლება ეფექტიანად იქნეს გამოყენებული ეკონომიკური განვითარების გაღრმავებისა და მთაში მოქალაქეთა ცხოვრების ყოველდღიური, კეთილდღეობის ხარისხის გაუმჯობესებისთვის“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები